ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცე, თევზის ჭერა უნდა ასწავლო

მღვდელი ბიძინა გუნია: 1993 წლიდან 2002 წლამდე სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნედ ვმსახურობდი. ბოლო ხუთი წელი მთავარი მედავითნე გახლდათ. აქედან გამომდინარე, პატრიარქთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა. მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როცა სიონის საკათედრო ტაძარში სკოლების კურთხევა ხდებოდა. ამ საქმის ორგანიზება უწმინდესმა მე დამავალა. ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო დალოცვის სიგელი. პატრიარქს სურდა, რომ სკოლებში ყოფილიყო სალოცავი კუთხე. დიდ ყურადღებას აქცევდა სკოლების ეზოს გამწვანებასაც, ცხადია, ბავშვების სულიერ ცხოვრებას, მოძღვართან ურთიერთობას და ა.შ. ეს ყველაფერი კი დალოცვის სიგელში იყო ჩამოყალიბებული.

სკოლებში სულიერების შეტანის მიზნით კონკურსებიც კი ჩატარდა. ერთ-ერთ სკოლას დაავალეს, დაეხატათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. დავალება მართლაც არაჩვეულებრივად შეასრულოს. ამ სკოლამ შემდეგ გაიმარჯვა კიდეც. პატრიარქმა ღვთისმშობლის ეს ხატი მათ საჩუქრად გადასცა. რამდენიმე სკოლაში უწმინდესი თვითონ მიბრძანდა, რაც მათთვის დიდი ზეიმი იყო. ბავშვები ცდილობდნენ, ყველაფერი კარგად გაეკეთებინათ და პატრიარქისგან დალოცვა მიეღოთ. ერთ-ერთ შეხვედრაზე უწმინდესმა პედაგოგებს ლოცვა-კურთხევა მისცა, - მოსწავლეებს ორიანს ნუ დაუწერთ, მათ სითბო და სიყვარული სჭირდებათო. ეს ისეთი თბილი სიტყვებით თქვა, რომ ყველა ატირდა. ახლაც მხვდებიან ეს მასწავლებლები და მეუბნებიან, - ის დღე ისე დაგვამახსოვრდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ჩვენს ცხოვრებაშიო. ამ ღონისძიებებით უწმინდესის მიზანი - მოსწავლეები ეკლესიას დაახლოებოდნენ - შესრულდა კიდეც.

გავიხსენებდი ასევე გვარების დალოცვის ტრადიციას. ამ საკითხის ორგანიზება ნაწილობრივ მეც მეხებოდა. ზოგ გვარს პატრიარქმა კურთხევაც კი მისცა, თავიანთი ხარჯით ეკლესია აეშენებინა. ასეთი კურთხევა მან ჩვენს, გუნიების, გვარსაც მისცა. ახლა აბაშაში სწორედ ეს ტაძარი შენდება.

პატრიარქს უყვარს, როცა ყველას რაიმე სასარგებლო საქმე აქვს. ერთხელ შენიშნა, რომ სიონის საკურთხეველში იმაზე მეტი სტიქაროსანი იყო, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. ისინი უქმად რომ არ ყოფილიყვნენ, კურთხევა მისცა, ბზაზე კვეთა ესწავლათ და კვირაში ერთხელ, როცა მსახურებისას ტაძარში მოვიდოდა, თავად შეუმოწმებდა ნამუშევრებს. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ იმ სტიქაროსანთაგან ბევრს აღმოაჩნდა ხეზე კვეთის ნიჭი და დღეს ამ საქმეს უმსახურებიან. უწმინდესი ყოველთვის გვმოძღვრავდა ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცე, თევზის ჭერა უნდა ასწავლოო.

1994 წელს უწმინდესმა სიონის საკათედრო ტაძარში ჯგუფი შექმნა, რომელსაც ლიტურგიკული კრებულის შედგენა დაავალა. ამ ჯგუფში არაერთი სასულიერო და საერო პირი შედიოდა და მეც - მათ შორის. იმ დროს კომპიუტერი ხელმისაწვდომი არ იყო. ამიტომ სამუშაოდ უწმინდესმა საპატრიარქოში მიგვიწვია. ხშირად დენი ირთვებოდა და მისი შეწუხება გვიწევდა, რომ გენერატორი ჩაგვერთო. ხშირად მოდიოდა და ზოგჯერ გვიან ღამემდე მომუშავეთ გვლოცავდა და გვამხნევებდა.

დიდი მარხვის წინ, შენდობის კვირას, უწმინდესი მრევლს სთხოვს პატიებას. ეს მართლაც დაუვიწყარია. გამოდის თვალცრემლიანი და, ფაქტობრივად, აღსარებას ამბობს ერის წინაშე. ეს დიადი წუთებია. ყოველივეს მხილველი ხალხიც სინანულით ივსება და მთელი სიონის ტაძარი თვალცრემლიანი შესცქერის პატრიარქს.

დაბოლოს, ვიტყვი, რომ მის უწმინდესობას საოცარი უნარი აქვს, თავისი პირადი მაგალითით აღაფრთოვანოს მორწმუნე ადამიანი. გოლგოთისკენ სავალ ციცაბო და ეკლიან გზაზე ღმერთმა ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობა და ძალა მისცეს, რათა მრავალი წელი კვლავ ღვთის სადიდებლად და საკეთილდღეოდ იღვაწოს; მისი ლოცვა-კურთხევა დღეს მთელს საქართველოს სჭირდება.

ძალიან უნდა, ყველა ქართველი ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს

მღვდელი კონსტანტინე (გიორგაძე): მე პროფესიით ექიმი გახლავართ. მღვდლად კურთხევამდე რამდენიმე წელი პეტერბურგში ვმუშაობდი. ერთხელ თბილისში ვიყავი ჩამოსული. უწმინდესს შევხვდი და ვაჩვენე წმინდა ექვთიმე გაენათელის წმინდა ნაწილების ფოტო, რომელიც რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს, მონასტერში გარდაიცვალა. მაშინ ის წმინდანად ჯერ კიდევ არ იყო შერაცხული. პატრიარქს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მეუფე ექვთიმე სამშობლოში დაკრძალულიყო. საბოლოოდ, მიაღწია ამას. მაშინ უწმინდესმა მკითხა, - შენ რას აკეთებო. ვუპასუხე, - ექიმი ვარ და პეტერბურგში ვმოღვაწეობ-მეთქი. მითხრა, - ექიმობა კარგია, მაგრამ ახლა აქეთ სჯობსო. ამ სიტყვებმა საქართველოში ჩამოსვლა დააჩქარა. ერთ წელიწადში ოჯახით სამშობლოში დავბრუნდი.

წმინდა ექვთიმესთან დაკავშირებით ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა. იმ დროს რუსეთში საფლავებს თხრიდნენ, რომ ქონება აღეწერათ. როცა პეტერბურგში დავბრუნდი, მეუფის საფლავი ამოთხრილი იყო და მისი სხეული ზემოთ დაგვხვდა. თითქოს გველოდებოდა. მის საფლავზე პირველი ქართული პანაშვიდი გადავიხადეთ. მე მედავითნე ვიყავი, მღვდელი კი მამა რომანოზი (ფერაძე) იყო. მახსოვს, როცა პატრიარქმა გაიგო ჩემი თბილისში დაბრუნება, გახარებულმა და გაკვირვებულმა მკითხა: - სულ წამოხვედიო?

პატრიარქს ძალიან უნდა, ყველა ქართველი ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს. ის ამას ყოველ ქადაგებაში აღნიშნავს. მისი სიტყვები: ახლა აქეთ სჯობსო, - დღესაც ჩამესმის...

აი, ასეთი პატრიარქის გვყავს...

მღვდელი ლაზარე (ვარდოსანიძე): უწმინდესი სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებთან ყოველდღე მიდის და ქადაგებს ხოლმე. ერთხელ, ასეთი ქადაგების დროს, მან ერთ-ერთ სტუდენტს უთხრა, ახლა ქვევით ჩახვალ და სიონის კარიბჭესთან მიხვალ; იქ შეგხვდება ადამიანი, რომელსაც ეკლესიიდან ხატი გამოაქვს და ამ ხატს გამოართმევო. სტუდენტი ასევ მოიქცა და მოხდა საოცრება: ტაძრის კარიბჭესთან მართლაც ნახა კაცი, რომელსაც თურმე ეკლესიიდან მოპარული ხატი გამოჰქონდა. საბედნიეროდ, პატრიარქის წყალობით, ეს ხატი ისევ ეკლესიას დაუბრუნდა.

აი, ასეთი პატრიარქი გვყავს...

დიპლომატიური ნაბიჯი

დეკანოზი ზაქარია (ძინძიბაძე): მოვიგონებ ერთ საინტერესო შემთხვევას, რისი მომსწრეც თავად გახლდით. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოსკოვიდან ჩამოვიდა საგანგებო დესპანი. მან პატრიარქს უთხრა, - საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მშვიდობა რომ იყოს და ურთიერთობა ნორმალურად წარიმართოს, საჭიროა სპეციალური კომიტეტის შექმნა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ყოველივე ამასო. ეს, ფაქტობრივად, ადრინდელი რელიგიურ საქმეთა კომიტეტი იყო. დეკლარაციას ხელს აწერდნენ: რუსეთის პატრიარქი, აზერბაიჯანის შეიხი, სომხეთის კათოლიკოსი. აკლდა საქართველოს პატრიარქის ხელმოწერა. ამ შეხვედრაზე მეც გახლდით. ვიცოდი, რომ ჩვენი პატრიარქის მიერ დეკლარაციაზე ხელმოწერა კომიტეტის შექმნის დასტური იქნებოდა. უწმინდესმა, სულიწმიდის მადლით და წყალობით, უდიდესი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა. წარმომადგენელმა პირდაპირ ჰკითხა უწმინდესს: აწერთ თუ არა ხელსო. მანამდე უწმინდესი დიპლომატიურად ცდილობდა, ეს ხელმოწერა თავიდან აეცილებინა, მაგრამ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა: ან ჰო უნდა ეთქვა, ან არა. ბოლოს მიუგო: კი ბატონო, მაგრამ სინოდთან შეუთანხმებლად ხომ ვერ მოვაწერ? თუ სინოდი თანახმა იქნება, ხელმოწერას გამოგიგზავნითო. გაოგნებული დავრჩი ამ სხარტი დიპლომატიური ნაბიჯით. ე.ი. ჰოც უთხრა, მაგრამ რაღაცით დააყოვნა და, საბოლოოდ, ამ დეკლარაციაზე ხელი არ მოუწიერია. ასე რომ, ჩაიშალა ახალი მცდელობა საბჭოთა ხელისუფლების ნარჩენების აღორძინებისა. ღვთის წყალობით, ბევრ შეხვედრაზე ვიყავი პატრიარქთან ერთად და ბევრჯერ მინახავს მისი საოცარი თავდადება ერისა და ეკლესიისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს.

ჟურნალი „კარიბჭე“, №23, 2005 წ.