უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ჟვანიას, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარეებს, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს

თქვენო აღმატებულებავ,
ბატონო ზურაბ,
ქალბატონებო და ბატონებო,

ყველას გულითადად მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ მესამე ათასწლეულის დაწყებას და XXI საუკუნის პირველი სესიის გახსნას. უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მრავალ კეთილ ღვთისსათნო საქმეთა აღსასრულებლად.

სიმბოლურია და მნიშვნელოვანი, რომ სწორედ სესიაზე უნდა გადაწყდეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების სახით სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის საკითხი, რომელიც პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ეს საკჲთხი საფუძვლიანად იქნა შესწავლილი, დამუშავებული და მიღებული პარლამენტის ინტერფრაქციული კომისიის და ასევე პარლამენტის ყველა პოლიტიკური ძალის ანუ ფრაქციის მიერ.

მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს სხვადასხვა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, მოსახლეობის ფართო მასებმა, საქართველოში არსებულმა მსოფლიოს ყველა ტრადიციულმა რელიგიამ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმების დადება არის არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის, როგორც სამართლებრივი, განვითარებული სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ყველას მადლობას გიხდით გაწეული შრომისა და თანადგომისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.