უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა ტელევიზიის მუშაკებთან შეხვედრაზე

საპატრიარქო რეზიდენცია, 5 ნოემბერი, 2001 წ.
(პირდაპირი ეთერი: ტელევიზიის „I არხი“, ტელეკომპანია „რუსთავი-2“)

(ტექნიკური მიზეზების გამო დასაწყისის ჩაწერა არ მოხერხდა)

... მე ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მას არა აქვს უფლება, მხოლოდ მაყურებლის როლში იმყოფებოდეს. ამ დღეებში ჩვენმა ხალხმა დიდი მღელვარება გამოიარა. უფრო მკაფიოდ დავინახეთ ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ჩვენს ერს, სრულიად საქართველოს. უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, თუ რამდენად დიდია როლი ტელევიზიის და, საერთოდ მასმედიისა. მათ წარმომადგენლებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ღვთისა და ერის წინაშე. ყოვლად დაუშვებელია ჟურნალისტების ერთმანეთთან დაპირისპირება. მე მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ბრძანდებიან ტელევიზიის - „I არხისა“ და „რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელები. ჩვენს წინაშე დგას ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველა ჩვენგანს აწუხებს, ეს არის საქართველოს მომავალი, საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა. მინდა მივმართო მასმედიის წარმომადგენლებს, რომ, უპირველეს ყოვლისა, როგორც თვალისჩინი ისე დავიცვათ, შევინახოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობანი. რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება აუცილებელია, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირებულებანი.

ასევე მინდა მივმართო ჩვენს პოლიტიკურ მოღვაწეებს: ნუ გამოიყენებთ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდობას თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისეთი რთული საკითხები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის წინაშე დგას, ქუჩაში კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენები მშვიდობიანად განვითარდება. ჩვენ დიდი კმაყოფილებით შევხვდით იმ გადაწყვეტილებას, იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ. ამ პოზიტიურმა ნაბიჯებმა განმუხტა დაძაბული ვითარება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტს ეყოლება ღირსეული სპიკერი და საქართველოს - ძლიერი მინისტრთა კაბინეტი.

ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს სრულიად საქართველოში. მე მინდა მივმართო აფხაზეთს. აფხაზეთს, სადაც 11 წელი ვმღვდელმთავრობდი, - დადგა დრო, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ამას, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა საჭიროა აფხაზებისათვის, ცხინვალის რეგიონისთვის, სრულიად საქართველოსთვის. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთად კარგად ვიქნებით.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო, „ნათელი დაუღამებელი“ ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ამინ.

მინდა კიდევ ერთხელ დავლოცო ჩვენი მასმედია, სრულიად საქართევლო. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს ჩვენი ერი და სრულიად საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45, 2001 წ.