უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის
უნეტარესი ქრიზოსტომოსისადმი

9 ივნისი, 2001 წ.

თქვენო უნეტარესობავ, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსპო,
კვიპროსის უწმიდესი ეკლესიის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
მამანო, ძმანო და დანო!

გულითადად მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდის, სამღვდელოებისა და ქართველი ხალხის სახელით. ჩვენ დიდი სიყვარულით ჩამოვედით თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში და გვაქვს სურვილი, გავაგრძელოთ ის ძმური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და კვიპროსს შორის უძველესი დროიდან არსებობდა. აქაურ სიწმიდეთ და ეკლესია-მონასტრებს დიდ პატივს სცემდნენ ჩვენი მეფეები და დიდებულები და ამიტომაც ხშირად შეეწეოდნენ ხოლმე. ამასთან, ქართველებიც მრავლად ცხოვრობდნენ კვიპროსზე, ჰქონდათ კოლონია ნიქოზიაში, და რამდენიმე მონასტერი - ალამანის რაიონში. მათ შორის ცნობილია ქართული ტაძარი ღალია - იგივე ჟალია, რომელიც განამშვენა და შეამკო თამარ მეფემ (XIII ს.).

ჩვენი ორი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კიკოსის მონასტერს. აქ დღესაც მოიპოვება ქართველ დიდებულთაგან შეწირული საეკლესიო ნივთები. განსაკუთრებით ცნობილია ერეკლე მეფის მიერ შეწირული დაფარნა, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლუკა მახარებლისეულ ხატს სახეს უფარავს.

თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნების წარსულს, მათ შორის მრავალ საერთოს ვიპოვით. საერთოა ის, რომ მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ყოველთვის მრავლად გვყავდა მტერი და ჩვენი მიწის ხელში ჩაგდების მსურველი. მაგრამ ჩვენმა ხალხებმა გაუძლეს დროის უმკაცრეს გამოცდას და უდიდესი მსხვერპლის ფასად დღემდე შეინარჩუნეს თვითმყოფადობა, დამოუკიდებლობა, ეროვნული კულტურა და, რაც მთავარია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება. ცნობილი ქართველი მწერლის, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) (XIX ს.) სიტყვები: მაცხოვარი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, თავისუფლად მიესადაგება კვიპროსსაც.

საოცარია, რმო მსგავსია ჩვენი ამჟამინდელი ყოფაც. როგორც კვიპროსს, ისე საქართველოს მოუშუშებელ ჭრილობად ექცა მისთვის გარეშე ძალის ჩარევით უსამართლოდ ჩამორთმეული ქვეყნის ნაწილი.

მე მჯერა, რომ მალე მშვიდობიანი გზით აღდგება სამართლიანობა - ჩვენს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა და ამ პროცესში ჩვენი ეკლესიები, ალბათ, აქტიურ როლს შეასრულებენ.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ეკლესიების როლი ორივე ქვეყნის ცხოვრებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიამ განსაზღვრა ორივე ერის სულიერი, კულტურული და ინტელექტუალურ-მეცნიერული დონე.

ორივე ეკლესია დაარსებულია მოციქულთაგან და მათი მადლით არის გაბრწყინებული. ორივე ქვეყანა ეკლესიათა სიძველითა და შეურყვნელობით გამოირჩევა, არც ერთგან არ ჰქონია ადგილი ხატმებრძოლეობას. ხატწერისა და საერთოდ, ქრისტიანული ხელოვნების უწყვეტი ტრადიცია, ორივე ქვეყნის კულტურას უნიკალურობას ანიჭებს.

არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო ორივე ქვეყნის განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მკვდრეთით აღმდგარი წმიდა ლაზარეს მიმართ. კვიპროსის მადლიან მიწაზე იმოღვაწევა მან თავისი მაღალი მოძღვრული ცხოვრებით და განადიდა ამ ეკლესიის სახელი. იგია ერთ-ერთი მთავარი მფარველი და შემწე კვიპროსის მკვიდრთა.

ძველი ქართული ერთ-ერთი წინასწარმეტყველების მიხედვით, წმიდა ლაზარეს სახელს უკავშირდება ქართველი კაცის უძვირფასესი საუნჯის, ქართული ენის სულიერი ძალა. იგი არის წინასახე ამ ენის შემდგომი დიდებისა, ამიტომაც ჩვენმა ეკლესიამ ვნების შვიდეულის ბოლო დღეს, ლაზარეს შაბათს, ქართული ენის დღესასწაული დააწესა.

დაბოლოს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსიც და საქართველოც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნებია; იგია ჩვენი დედა და დიასახლისი. ჩვენ მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით და ამიტომაც გადავრჩით.

ასე რომ, კვიპროსს და საქართველოს უჩევულოდ მრავალი მსგავსი ტკივილი და სიხარული აქვს. ვფიქრობთ, დადგა დრო, აღვადგინოთ საუკუნეობრივი ტრადიცია, უფრო ღრმად გავეცნოთ ერთმანეთს და განვამტკიცოთ ორმხრივი ურთიერთობა.

დღეს, როდესაც ასე მძლავრობს ბოროტი, ჩვენს ეკლესიებს, ისევე როგორც მთელს მართლმადიდებელ სამყაროს, ძალიან დიდი მისია აქვთ დაკისრებული. მათ უნდა შეძლონ მიწიერი ცხოვრების მორევში ჩაფლულ ჩვენს საზოგადოებას დაანახონ წარუვალი ღირებულებანი და უჩვენონ გზა გადარჩენისა. ეს კი მხოლოდ ურთიერთთანადგომით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მის უნეტარესობას, ბატონ ქრიზოსტომოსს, და კვიპროსის პრეზიდენტს, რომ აქ ჩამოსულ ქართველებს ასე სიყვარულით პატრონობთ.

შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ზეციურ ძალებს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთ, ჩვენს მიწაზე გაბწყინებულ მოწამეთ, ღირს მამებსა და დედებს, დაიცვან ჩვენი ქვეყნები ხილულ და უხილავ მტერთაგან, აღადგინონ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, მოგვმადლონ მშვიდობა, ერთობა, სიყვარული და ღვთისსათნო ცხოვრება, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2001 წ.