უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
ხელშეკრულების ხელმოწერისას

20 აპრილი, 2001 წ.

ქალბატონებო და ბატონებო!

დღეს ხელს ვაწერთ დოკუმენტს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და განსაკუთრებული როლი ენიჭება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. საქართველო ისეთ გეო-პოლიტიკურ არეში იმყოფება, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი ყოველ დროში აუცილებლობას წარმოადგენდა და წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ, ჩვენი ურთიერთობებისათვის და თანამშრომლობისათვის ახალ პერსპექტივებს დასახავს.

ბატონო მინისტრო, მადლობელნი ვართ, რომ ეს ინიციატივა თქვენგან მომდინარეობს. მოხარულნი ვართ და გვსურს, მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში ჩვენს სახელმწიფოს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ეს დიდი საქმე, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
ხელშეკრულების ხელმოწერისას იუსტიციის მინისტრის
მიხელი სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა
საპატრიარქო რეზიდენციაში

თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო საზოგადოებავ!

ჩვენთვის დიდი პატივია სამი ათასიანი კოლექტივი რამდენიმე ათეულ წარმომადგენელთან და პარლამენტის წევრებთან ერთად აქ მოსვლა და საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი უწყებისთვის მართლაც ისტორიული დღისთვის საფუძვლის დადება. საერო ხელისუფლება, რომელსაც მე წარმოვადგენ, დამნაშავეებს ხორციელი, აქვეყნიური სასჯელით სჯის, რათა ჩადენილი დანაშაული მოინანიონ და გამოსწორდნენ, მაგრამ მონანიება არ არის მხოლოდ ხორციელი პროცესი, იგი პირველ რიგში, სულის განწმედის, დამშვიდებისა და სინანულის პროცესია, რაც შეუძლებელია სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენელთა, ღვთის მსახურთა სულიერი მეურვეობის და დამოძღვრის გარეშე. ჩვენი უწმიდესი ხშირად შეგვახსენებს ხოლმე უფლის სიტყვებს: „ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით შენს ცოდვას, დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე“. ჩვენი ვალია, რომ ყოველ პატიმარს მივცეთ ამ დაბრუნების შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ღონისძიება. პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო დამატებების საფუძველზე, საქართველოს სამოციულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფო უწყებას შორის პირველად ფორმდება ოფიციალური ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებს შემდეგს: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ღვთისმსახურებისა და ლოცვისთვის სათანადო პირობების შექმნას, სამლოცველოების მოსაწყობად გამოყოფს აუცილებელ ფართს და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად კეთილმოაწყობს. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია თითოეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სამინისტროს სააღმსრულებლო პოლიციაში მიავლენს მოძღვრებს, საღვთო ლიტურგიის შეუფერხებელი აღსრულებისა და ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის მიზნით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მოძღვართა უსაფრთხოებას, დაუბრკოლებელ გადაადგილებას და ყველანარიად შევუწყობთ ხელს მათ საქმიანობას. მხარეები უზრუნველჰყოფენ სისტემატური შეხვედრის ორგანიზებას, ერთი მხრივ, სასულიერო პირებსა და, მეორე მხრივ, პატიმრებს, მსჯავრდებულებსა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შორის.

ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ საკანონმდებლო კოორდინაციის საკითხებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც უნდა მომზადდეს ხელშეკრულების ტექსტი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ჩვენ, მართლაც, იმ დადებითი მუხტის საოცარი გამოცდილება გვაქვს, რომელიც ამ ხელშეკრულების მომზადების დროს ეკლესიიდან მომდინარეობდა. მინდა გითხრათ, რომ მე პირადად გაოცებული ვიყავი, რამდენად კონსტრუქციული, რამდენად დადებითი და აღმშენებლობითი იყო ეკლესიის როლი ამ პროცესში.

ჩვენ ასევე მოვემზადებით იმისათვის, რომ ეკლესიის სულიერ მეურვეობაში გადავიდეს ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება. ალბათ ასევე მოხდება სხვა დაწესებულებების ეტაპობრივად გადაცემა. მიმაჩნია, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ კუთხით, დადებითად იქნება აღქმული ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში.

ჩვენთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესი გახლავთ, მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებულიც, რადგან იგი დამეთხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ პერიოდს. მე ყურადღებით წავიკითხე უწმიდესის და უნეტარესის სააღდგომო ეპისტოლე, რაც, ბუნებრივია, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალი გახლავთ და მე, ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ არა როგორც მინისტი, არამედ როგორც მართლმადიდებელი. რომლისთვისაც სარწმუნოება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეპისტოლე მიგვითითებს, რომ ვერავინ მოიპოვებს ვერც მშვიდობას, ვერც სამართალს, ვერც სხვა ფასეულობებს და ღირებულებებს, თუ ღმერთთან ახლოს არ იქნება. ამქვეყნად ვერავინ შესძლებს განწმედას და ვერ იქნება ბედნიერი, თუ არ ეზიარება სულიერებას. მითუმეტეს, ეს ეხება სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობას. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვიცმო ამ ეპისტოლის ძალიან ბრძნული სიტყვები: საფრთხე, რომელიც დღეს არის - ეს არის, ერთი მხრივ, ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციის და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ძალზედ ნაცნობია და, მეორე მხრივ, - თავისუფლების უგუნური გაგება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი ნებადართულია. ყოველივე ეს ღვთისგან გაუცხოების შედეგია. დანაშაულის დონე, უბედურებები, რომელიც ხდება, სიძნელეები, რომელსაც ვაწყდებით ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში განაპირობა იმან, რომ მას საფუძველშივე აკლდა სულიერება. ხანდახან ძნელია დაიჯერო, რომ გუშინდელი მებრძოლი ათეისტები დღეს მართლმადიდებლობის ერთგულ მიმდევრებად გარდაისახნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა. მაგრამ სულიერება - ეს არ არის მხოლოდ რიტუალების შესრულება, იგი პირველ რიგში, მრწამსის ბოლომდე გააზრება და ეკლესიაში დაბრუნებაა. ჩვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ეს არის პროცესი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსვლისა, რომლის გარეშეც ქართლი სახელმწიფო, ქართველი ერი არ იარსებებდა. დღეს ჩვენს ერს რომ შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი სამართალი, სამართლიანობის განცდა და მრავალი სხვა ფასეულობანი, ჩვენი ეკლესიის მიერაა შემონახული და, რა თქმა უნდა, როდესაც ვუბრუნდებით მას, ვუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ, ტრადიციულ ღირებულებებს, რომლის გარეშეც საქართველოში ვერ გაიმარჯვებს ვერც სამართლიანობა, ვერც კანონი. მთავარი, რაც ჩვენ დავინახეთ, - ხელოვნური გაყოფაა იმისა, რომ ერთი მხრივ, არსებობს რაღაც დემოკრატიული სტრუქტურები, მეორე მხრივ, ქართული მართლმადიდებელი ეკელსია, არსებობს კანონი, კანონიერება და ჩვენი სარწმუნოება და თითქოს ყოველივე ეს ერთმანეთს უპირისპირდება. მე ვფიქრობ, რომ კათოლიკოს-პატრიარქისა და მისი უახლოესი თანამებრძოლების ცხოვრება და მოღვაწეობა, არის დასტური იმისა, რომ არ არსებობს ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი დემოკრატია, თუ იგი სულიერებასთან არ არის კავშირში. ეკლესია მუდმივად მხარს უჭერს თავისუფლების, კანონიერების, სამართლიანობის იდეალებს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას; სწორედ ეკლესია იყო ბოლო თავშესაფარი იმ ხალხისა, ვნიც ყოველივე ამისთვის იბრძოდა. მართლაც, ჩვენი ეკლესია XXI საუკუნეში, ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობისკენ მიგვიძღვის და არ შეიძლება, რომ ეს არ ვაღიაროთ, არ დავაფასოთ და მადლობა არ ვუთხრათ მის წარმომადგენლებს.

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა მოვახსენო თქვენს უწმიდესობას. ის რაც დღეს ხდება, სარგებლობს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო მინისტრის სრული მხარდაჭერით. მე ვფიქრობ, რომ ის მარცვლები, რომელიც აქ დაითესება, ქართულ სახელმწიფოს საოცრად კარგ მოსავალს მისცემს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2001 წ.