უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 ივნისი, 2005 წ.

„დღეს დიდი მდინარის მსგავსად გარდამოდის ზეციდან მადლი სულისა წმიდისა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

საოცარია განგება ღვთისა! დღეს ჩვენ ვიმყოფებით ამ წმიდა სამების ტაძარში, სადაც პირველად აღინიშნება ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული. ეს არის ისტორიული დღე და ჩვენ ვესწრებით ამ ისტორიულ მოვლენას. დღეს ყოველი ჩვენგანი ამბობს ლოცვას ყოვლადწმიდისა სულისა და ყოვლადწმიდისა სამებისა: „სულო წმიდაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.“

დღეს დიდი მდინარის მსგავსად გარდამოდის ზეციდან მადლი სულისა წმიდისა! დღეს ყოველი ადამიანი არის ტაძარი სულისა წმიდისა! მაგრამ მადლის მისაღებად ადამიანმა გულის კარი უნდა გააღოს და შეიგრძნოს იგი.

„ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“, - აღავლენს მოძღვარი უფლისადმი ლოცვას დიდმარხვაში. მაგრამ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ნათლის მიღებისათვის. დღესაც ყოველი ჩვენგანი მზად უნდა იყოს, მიიღოს მადლი სულისა წმიდისა.

თქვენ იცით სახარებიდან, რომ მოციქულები ლოცვით, მარხვით, დიდი მოღვაწეობით ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს და სულიწმიდის მადლით ისინი ამეტყველდნენ უცხო ენებზე. იერუსალიმში ჩასულ ყოველ ადამიანს ესმოდა თავის ენაზე წარმოთქმული ქადაგება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქ ჟღერდა ქადაგება ქართულ ენაზეც.

მადლი სულისა წმიდისა გვაძლევს სიხარულს და განახლების ძალას.

სიხარული - მასზე ოცნებობს მთელი კაცობრიობა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მადლის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე სიხარული მიუწვდომელია. მართალია, კაცობრიობა თანდათან მატერიალურად უკეთესად ცხოვრობს, მაგრამ მადლი და სიხარული მუდმივად აკლდება. ბევრჯერ მსმენია ადამიანებისაგან, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ სიხარული არა გვაქვს ოჯახშიო. ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არ არის ჭეშმარიტი რწმენა, არ არის სიყვარული და ამიტომაც არაა სიხარული.

ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო აივსოს მადლითა სულისა წმიდისა!

ღმერთმა ინებოს, რომ მადლი სულისა წმიდისა შევიდეს ყოველ ჩვენგანში და გაათბოს ჩვენი გაციებული გულები!

დღეს ჩვენი სიხარული კიდევ გაორკეცდა იმით, რომ გვყავს მაღალი სტუმრები ათონის მთიდან. წმიდა მთის მონასტრებისა და წმიდა კინოტის წარმომადგენლები, რომელთაც მეთაურობს მამა კალენიკე ლაზუსი.

თქვენ იცით, რომ საქართველოს უძველესი დროიდან მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბერძნეთთან და განსაკუთრებით წმიდა მთასთან, იმიტომ, რომ როგორც საქართველო, ისე წმიდა მთა არის წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წმიდა მამებმა ათონის წმიდა მთიდან ჩამოგვიტანეს მადლი, რომელიც იქ არის და ეს მადლი შეუერთდა დღევანდელ დღესასწაულს.

ღმერთმა ინებოს, რომ ქართველები მრავლად მოღვაწეობდნენ ათონის მთაზე, ისევ აღდგეს და ისევ იყოს ის ძმური, მეგობრული და სულიერი ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენ შორის სუფევდა.

ასევე მივესალმები უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებს, იმ ეკლესიისა, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი უნეტარესობა ვლადიმერი, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა. დღეს ჩვენ დაგვატკბეს თავისი ლოცვით, გალობით. ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ჩამობრძანდნენ საქართველოში და სურვილი გვაქვს, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სულიწმიდის მოფენის დღეს. სულიწმიდა იყოს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25(332), 2005 წ.