სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
სიტყვა წარმოთქმული საერთაშორისო კონფერენციაზე „მეცნიერება და რელიგია“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 23 მაისი, 2005 წელი

ქალბატონებო და ბატონებო,

ყველას მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ეკლესიის, ასევე მეცნიერებისათვის. რწმენასა და მეცნიერებას შორის ურთიერთდა მოკიდებულება უძველესი თემაა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში განიხილებოდა საკითხი, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ცოდნა და რწმენა. ამ თემას ეხებოდა ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი. იგი ამბობს, რომ ცოდნაში უკვე აუცილებლად არის რწმენა და, პირიქით, რწმენაში არის ცოდნა და რომ პირველადი მაინც რწმენაა: ამასთან, მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, მორწმუნე და მცოდნე კი _ მეგობარი ღვთისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეზისია.

მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში მუდამ იყო ტრადიცია რწმენასა და ცოდნას შორის სიახლოვისა. ამიტომაც ქვეყანაში ყოველი მონასტერი არა მარტო სულიერი მოღვაწეობის სავანე იყო, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც.

ზოგჯერ ამბობენ, თითქოს რწმენა და ცოდნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი შეხედულებაა, ვინაიდან ეს ორი სფერო განიხილავს ორ სხვა და სხვა საკითხს _ სულს, სულიერ სამყაროს და ფიზიკურს, მატერიალურს, რომლებიც, თავისთავად, ურთიერთკავშირში არიან.

მინდა შეგახსენოთ ბიბლიიდან ადგილი, შესაქმის მესამე დღე: „და თქვა უფალმან: აღმოაცენოს მიწამ მცენარეულობა...“ ე.ი. უფალი აძლევს ძალას მიწას, მატერიას, ქმნადობას. XIX საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი მეცნიერი, ასტრონომი კამილ ფლამარიონი, რომელიც ძალიან ხშირად ეხება სულისა და მატერიის ურთიერთკავშირს. მას აქვს შესანიშნავი წიგნი _ „ღმერთი ბუნებაში“, სადაც სხვა საკითხებს შორის ეხება თემას _ ძალა და მატერია, ანუ ძალა ხელმძღვანელობს მატერიას თუ მატერიას გააჩნია ძალა.

შუასაუკუნეების ლიბერალიზმმა ჩვენი ხალხი ათეიზმამდე მიიყვანა. ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, თუ რას ნიშნავს ათეიზმი, ურწმუნოება.

კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ ის თემატიკა, რომელიც ამ კონფერენციაზეა მოყვანილი და ის მოხსენებები, რომლებიც იქნება წაკითხული, მეტად საჭიროა ჩვენი ახალგაზრდობისათვის. დღეს, როცა მოწმენი ვართ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესისა, რაც მიმაჩნია, რომ თითქმის გარდაუვალია და აუცილებლად იქნება, უნდა გვქონდეს იმდენი სულიერი ძალა, რომ გავარჩიოთ, სად არის ჭეშმარიტება და სად არა, რა არის მისაღები და რა _ არა. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი სულიერი და ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები.

ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ საერთაშორისო კონფერენციაში და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20(327), 2004 წ.