უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი

31 დეკემბერი, 2005 წ.

ჩვენო სულიერო შვილებო, გილოცავთ ახალ წელს.

ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად“. დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ წარსულ წელს და რის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალ წელს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს იმ სიხარულისა და მწუხარებისათვის, რომელიც წარსულ წელს მოგვეცა. ჩვენ ენდა ვიფიქროთ მომავალზე, უნდა ვაკეთოთ სიკეთე. უპირველეს ყოვლისა, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოება, უნდა გვქონდეს სიყვარული, მუდამ გვახლდეს სასოება, იმედი - იმედი ღვთისა და იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა.

ერთ ბრძენს ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არის ადამიანისთვისო. მან ასე უპასუხა: ეს არის კატეგორიული აზროვნებაო. კატეგორიული აზროვნება ისაა, როცა ადამიანი სიმართლეს მხოლოდ თავის თავში ხედავს, სხვისი აზრის მოსმენა კი არ შეუძლია. აი, ამიტომ ჩვენ ეხლა ვიფიქროთ ამაზე და ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ კატეგორიული აზროვნება. უნდა ვიფიქროთ ჩვენს ეროვნულ და სულიერ ფასეულობაზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე დააუნჯა ჩვენმა ერმა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამას.

დიდია უფალი და დიდია მისი სიბრძნე, დიდია მისი წყალობა ჩვენ ზედა და ჩვენ უნდა აღვასრულოთ ნება ღვთისა. არსებობს ასეთი ტერმინი - სინერგია, ე.ი. ღვთის ენერგიისა და ადამიანის ენერგიის თანხვედრა. ეს ორი ენერგია უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს და ჩვენ შესანიშნავ შედეგს მივიღებთ. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ეს ჩვენი მოვალეობაა - უნდა დავინახოთ სიმძიმე სხვა ადამიანისა და უნდა შევუმსუბუქოთ ტვირთი. დღეს ახალი წლის წინაშე ვდგავართ და ვფიქრობთ: რა მოგველის? ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული, ბევრი რამ! პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც წარსულ წელს დავუშვით.

დღეს განსაკუთრებით მინდა დავლოცო სრულიად საქართველო, მინდა, ვესურვო გამთლიანება და განმტკიცება. ქართველ ხალხს და ყოველ მკვიდრს საქართველოისა მინდა ვუსურვო ბედნიერება, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული სიყვარულიდან გამომდინარეა. თუ გვინდა, გვქონდეს სიხარული, აუცილებლად უნდა გვიყვარდეს, უნდა ვავსებდეთ სიყვარულს და ღმერთიც უხვად მოგვმადლებს ამას ჩვენ.

ბილოს, მინდა განსაკუთრებით დავლოცო აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენზე მეტად თქვენ გიჭირთ, მაგრამ გვწამს, რომ დადგება ის ბედნიერი დღე (და ეს მალე იქნება), როცა ჩვენ ერთად ვიქნებთ. ჩვენ ვიყავით და დავრჩებით ძმებად. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მინდა ასევე განსაკუთრებით დავლოცო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ქართველები. მინდა გისურვოთ, მალე დაბრუნდეთ საქართველოში, სამშობლოში. მუდამ გახსოვდეთ: როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. აქ არის ჩვენი ფესვები, ჩვენი წინაპრების ძვლები და სწორედ აქ უნდა ვიყოთ ჩვენ ბედნიერნი. ახლა ყველას მოგიწოდებთ, ავდგეთ ფეხზე და მოვისმთნოთ დალოცვა ღვთისა:

„კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1, 2006 წ.