უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 დეკემბერი, 2006 წ.

„ტაძარი არის ის სულიერი გემი, რომლითაც ჩვენ უნდა მივიდეთ სამშვიდობო ნავთსაყუდელში - სასუფეველში“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ამ დიდებულ დღესასწაულს! ამ დიდ დღესასწაულს აქვს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა. იგი მიგვითითებს იმაზე, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ცხონების არის ტაძარი.

თქვენ იცით, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი 3 წლის შესრულდა, მისმა მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ იგი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მათ ჰქონდათ დადებული აღთქმა, რომ თუ უფალი შვილს უბოძებდა, მას 3 წლიდან, უფალსვე მიუძღვნიდნენ. მართლაც, როდესაც ღვთისმშობელი 3 წლის შესრულდა, მის სახლში შეიკრიბა ნათესაობა, რათა წმინდა ქალწული ტაძრისკენ გაეცილებინათ. თითოეულ მათგანს ჰქონდა ანთებული კელაპტრები და ასე საზეიმო მსვლელობით მოიყვანეს წმინდა მარიამი იერუსალიმის მთავარ სალოცავში. ტაძართან მათ მიეგება მღვდელმთვარი და სამღვდელოება. იქვე ერთი სასწაული მოხდა. ტაძარს მაღალი კიბეები ჰქონდა და წარმოუდგენელი იყო, რომ 3 წლის ბავშვი დაუხმარებლად ასულიყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი თავისუფლად აიარა ყველა საფეხური, რადგან სულიწმინდა უკვე მასთან იყო და ის ემზადებოდა გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სასწაული მოხდა: მღვდელმთავარმა ჩაჰკიდა მას ხელი და პირდაპირ წმინდანთა წმინდაში შეიყვანა. თავად მღვდელმთავარი წმინდათა წმინდაში წელიწადში ერთხელ შედიოდა და მის გარდა სხვას არავის ჰქონდა იქ შესვლის უფლება. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის რჩეული რჩეულთა შორის.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტაძარს ადამიანის ცხოვრებაში. ტაძრით იწყება და ტაძრით მთავრდება ჩვენი მიწიერი ცხოვრება. ტაძარში აღესრულება ნათლობა და სხვა საეკლესიო საიდუმლოებები. აქ ვამბობთ მოძღვართან აღსარებას, ვეზიარებით სისხლსა და ხორცს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ტაძარში ვესწრებით ღვთისმსახურებას და ეს ყველაფერი არის სულიერი კიბე, რომლითაც ჩვენ ზეცად უფალთან. ტაძარი არის ის სულიერი გემი, რომლითაც უნდა მივიდეთ სამშვიდობო ნავსაყუდელში - სასუფეველში.

არსებობს განსაკუთრებულად მადლმოსილი ტაძრები. მათ შორისაა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარი. მართლაც, თბილისის სიონის ტაძარი არის ტაძართა შორის დედა - დედა-ეკლესია. არაერთი სასწაული მინახავს ამ წმინდა ადგილზე. მე ვიცნობდი ადამიანს, რომელიც მოსკოვიდა საგანგებოდ ჩამოდიოდა სულ რამდენიმე საათით მხოლოდ იმიტომ, რომ სიონში ელოცა! დადგებოდა შუა ტაძარში და ლოცულობდა. ეს იყო რუსი მორწმუნე. ის ამხელა გზას იმიტომ გადიოდა, რომ გრძნობდა დიდ მადლს, რომელიც არის დავანებული ამ წმინდა ტაძარში. ტაძარი - ეს არის სავანე, სადაც განსაკუთრებით გადმოდის ადამიანზე მადლი სულისა წმიდისა! ამას ჩვენ ყველანი ვგრძნობთ დღეს, როდესასც წმინდა სიონის საპატრიარქო ტაძარში ვდღესასწაულობთ დედა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ ქართველი ერი და მთელი კაცობრიობა მივიდეს ტაძარში და ცხონდეს.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42, 2006 წ.