უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 5 ნოემბერი, 2006 წ.

„მთავარია, არ დავკარგოთ ჩვენი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა და ღმერთი ყველაფერს მოგვცემს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“ - ვერცერთი ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის საქმეებს, მის უზენაეს განგებას.

დღეს არის ხსენება წმიდა იაკობ მოციქულისა, რომელსაც ეწოდება ძმა უფლისა. თქვენ იცით, რომ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ძმა არ ჰყავდა. იაკობი არის ერთ-ერთი შვილი იოსებ დამწინდველისა. მან იწამა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა და, ღვთის განგებით, გახდა პირველი ეპისკოპოსი იერუსალიმისა.

სწორედ იაკობი მოციქულის კალამს ეკუთვნის პირველი ეპისტოლე. ასევე დიდია მისი დამსახურება ღვთის და ქვეყნის წინაშე. თქვენ იცით, რომ მისი თავმჯდომარეობით შესდგა მოციქულთა პირველი კრება.

იაკობ მოციქული მოწამეობრივად აღესრულა. ებრაელებმა იგი ტაძრის სახურავზე აიყვანეს და იქიდან გადმოაგდეს.

საქართველო მდიდარია წმინდანებით, საქართველო მდიდარია სიწმინდეებით, საქართველო მდიდარია თავისი დიდი მადლითა და ღვთის წყალობით. უნდა ითქვას, რომ ყოველ სოფელში, ყოველ რაიონში დღეს შენდება ახალი ტაძრები და მონასტრები. მეცნიერები ამბობენ, რომ წარსულში საქართველოში 25 ათასი მოქმედი ტაძარი და მონასტერი ყოფილა.

დღეს მოხარული ვართ, რომ თბილისელ მრევლთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას გუდამაყრის მრევლიც ესწრება. საერთოდ, გუდამაყრელები დიდად მორწმუნე და ღვთისმსასოებლები არიან, მაგრამ მათ არ აქვთ არც ასეთი დიდებული ტაძრები, არც ასეთი გალობა და არც ასეთი დიდებული წირვა-ლოცვა. ვფიქრობ, გუდამაყრელები პირველად ხედავენ ამ დიდებას.

ჩემი აზრით, თქვენ, გუდამაყრელებმა, დაუდეთ დასაბამი ამ დიდ და სასიკეთო საქმეს: ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ყოველ კვირას სხვადასხვა რაიონებიდან თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩამობრძანდეს მრევლი, თავისი მოძღვრებითა და მღვდელმთავრით და აქ შედგეს განსაკუთრებული წირვა-ლოცვა იმ რაიონისთვის. გუდამაყრელები პირველები ხართ და დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ თქვენთვის. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიუხვე და სიკეთე! ღმერთმა მოგცეთ ისეთი რწმენა, რმო სარწმუნოების მაგალითი გამხდარიყავით მთელი საქართველოსთვის!

ასევე მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა. თქვენ მოწვეული ხართ საპატრიარქოში, ის საგანგებოდ თქვენთვის მზადდება ტრაპეზი და მეც თქვენთან ერთად ვიქნები. და ჩვენ გვექნება დრო, ვისაუბროთ თქვენს გაჭირვებასა თუ დალხინებაზე.

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველ კვირას ჩვენ გვყავდეს რაიონებიდან ჩამოსული ახალ-ახალი სტუმრები!

ყველას გილოცავთ წმინდა იაკობ მოციქულის დღესასწაულს! მისი ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დღეს მრავალი გაჭირვების წინაშე დგას და განსაკუთრებით უჭირთ სოფლებში, - მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ეს გამოსწორდება, ჩვენი ქვეყანა სამშვიდობო გზაზე გავა. ჩვენ როგორც სულიერად, ისე მატერიალურად კარგად ვიქნებით. მთავარია, არ დავკარგოთ ჩვენი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა და ღმერთი ყველაფერს მოგვცემს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო! კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით, ვლოცავ გუდამაყრიდან ჩამოსულ ჩვენს ძმებსა და დებს და ჩვენს სულიერ შვილებს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41, 2006 წ.