უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 იანვარი, 2006 წ.

„ხილვა მქონდა, ნახევრად ძილში მყოფმა ვიხილე წმინდა ნინო,
რომელიც დღესაც უვლის მთელ საქართველოს და დღესაც ქადაგებს,
აგრძელებს თავის მოციქულებრივ მოღვაწეობასო“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს - ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ფსალმუნში უფალი ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.“ მართლაც, წმინდა ნინო არის წმინდანთა შორის ამაღლებული და რჩეული. წმინდა ნინოს მიეცა ღვთის დიდი მადლი და ძალა, რომ მქაგადებელი ყოფილიყო და მოექცია ჩვენი ერი.

მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთში ბოლო დრომდე იყო ასეთი ტრადიცია: ბერები მიდიოდნენ მთაში და იქ მოღვაწეობდნენ. ჩემი მიტროპოლიტობის დროს ასეთი ბერი და მონაზონი იმხანად იქ ბევრი იყო, ისინი ხანდახან ჩამოდიოდნენ მთიდან და მიამბობდნენ, როგორ ცხოვრობდნენ. მათ შორის იყო ერთი მონაზონი - დედა ანტონია. როდესაც ვეკითხებოდი, როგორ ბრძანდებით, ხომ არაფერი გიჭირთ-მეთქი, ის მპასუხობდა, როგორც დედოფალი, ისე ვარ უდაბნოში, ყველაფერი მაქვსო. მართლაც, იგი სავსე იყო მადლითა და ღვთის ძალით, იმდენად დიდი იყო ეს მადლი მასში, რომ აღარაფერი უნდოდა ამაზე მეტი. იქ ასევე მოღვაწეობდა ორი მონაზონი. ერთხელ სოხუმში ჩამოვიდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: „ხილვა მქონდა, ნახევრად ძილში მყოფმა ვიხილე წმინდა ნინო, რომელიც დღესაც უვლის მთელ საქართველოს და დღესაც ქადაგებს, აგრძელებს თავის მოციქულებრივ მოღვაწეობასო“. ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა ნინო მართლაც აგრძელებს თავის ქადაგებას და მისი ლოცვით, მადლითა და ქადაგებით ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ.

განსაკუთრებულია წმინდა ნინოს მშობლების მოღვაწეობაც. თქვენ იცით, მამამისმა, წმინდა ზაბულონმა გადაწყვიტა, წასულიყო იორდანეს უდაბნოში და იქ ემოღვაწევა. რამდენი წელი იცოცხლა, რამდენი წელი იღვაწა და სად დაიმარხა არავინ იცის, მხოლოდ უფლისათვის არის ეს ხილული. წმინდა ნინოს დედა - სოსანა გაჭირვებული ხალხის შემწე და დამხმარე იყო, ეს იყო მისთვის მიცემული ლოცვა-კურთხევა.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ წმინდა ნინოს ცხოვრება სასწაულია, იგი წარმოშობით კაბადოკიელი იყო და ახლო ნათესაობა ჰქონდა წმინდა გიორგისთან. კაბადოკია ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ეს არის დიდი მონასტერი, დიდი ქალაქი-მონასტერი, რომ წარმოვიდგინოთ ვარძია, მასზე ბევრად დიდი. იქ მთელი ხალხი იყო მოღვაწე, სწორედ აქედან იყო წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, წმინდა ბასილი დიდი და მრავალი სხვა კაბადოკიელი მამა. იქიდან მოსდევს ის დიდი მადლი წმინდა ნინოს, რომელიც მან საქართველოში ჩამოიტანა.

საოცარია, როგორ შეძლო ამ თორმეტი წლის ქალიშვილმა წამოსულიყო ასე შორეულ ქვეყანაში. მეცნიერები ამბობენ, რომ კაბადოკიაში ქართველების დიდი კოლონია ცხოვრობდა. შეიძლება წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და სხვა წმინდანებიც ქართველთა ტომიდან იყვნენ. და ამ ეროვნულმა და სულიერმა ძალამ შეაძლებინა შეუძლებელი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ყოველი ადამიანი, ამსოფლად იმისთვისაა მოსული, რომ არა მარტო თავად ცხონდეს, თავად იხაროს ორსავ სოფელსა შინა, არამედ სხვასაც დაეხმაროს. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. წმინდა ნინომ იტვირთა ჩვენი ერის ტვირთი, ჩვენი ერის სიმძიმე და მოაქცია იგი თავის ლოცვითა და მადლით, რომელიც უფლისაგან ებოძა.

ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია იმისათვის, რომ დავინახოთ სხვა ადამიანის გაჭირვება და ძალისაებრ ჩვენისა დავეხმაროთ. ზოგიერთი კი ისეა ჩაკეტილია თავის „მე-ში“ და იმდენად დახშულია, რომ მის გულში ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან; ისინი იმდენად არიან მოცულნი ეგოიზმით, რომ მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ და სინამდვილეში ყველაფერს კარგავენ. მაგრამ ამავე დროს არიან ადამიანები, რომელნიც სხვისთვის ცხოვრობენ. ღმერთი აძლევს მათ ამის მადლსა და ძალას. მათ გულში მთელი მსოფლიოც კი ეტევა.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ყოველი ადამიანი არის ხატება ღვთისა, მაგრამ როცა იგი ცოდვითაა დამძიმებული, ემსგავსება იმ ძვირფას მარგალიტს, რომელიც ჩავარდნილია ტალახში და დასვრილია ჭუჭყით, მაგრამ როგორც კი იგი განიწმინდება, კვლავ იბრუნებს ძველებურ ბრწყინვალებას. ამიტომ წმინდა მამები ამბობენ: „შეიყვარე ყოველი ადამიანი, ხოლო ცოდვა შეიძულე“. უცოდველი ადამიანი არ არსებობს, ცოდვის დასაძლევად არსებობს აღსარება, წმინდა ზიარება, ლოცვა. წმინდა მამები ამბობენ, რომ აღსარება, რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. ამიტომ ხშირად უნდა მივმართოთ აღსარებას. აღსარების დროს ადამიანში ხდება ბრძოლა, თითქოს ერთი ხმა გეუბნება, მოძღვარს უთხარი ყოველი ცოდვა, რომელიც შენ გაგაჩნია, მეორე ხმა კი ამბობს: არა, ნუ ეტყვი, სირცხვილია, ცუდი წარმოდგენა შეექმნება შენზე! ეს ხმა არის ბოროტი სული, რომელსაც უნდა, ცოდვა დარჩეს შენთან. ხოლო ის ხმა, რომელიც გვეუბნება, ყოველივე ვაღიაროთ, ეს არის ანგელოზი მფარველი, რომელიც ნათლობის დროს გვიბოძა უფალმა. ბრძოლა თვითონ ადამიანშია. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს, რომ ქვეყანა გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარაო. ჩვენი მოვალეობაა, რომ გავამთლიანოთ ჩვენი გული, დავით წინასწარმეტყველი 50-ე ფსალმუნში ამბობს: „გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა... სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“. ჩვენი მოვალეობაა, რომ ამ ჭეშმარიტ გზას დავადგეთ და სული ღვთისა გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა, ქვეყანა წრფელი კი არის სასუფეველი ღვთისა.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ატარებს წმინდა ნინოს სახელს.

ღმერთმა ინებოს, რომ წმინდა ნინოს ლოცვით დალოცვილი იყოს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამრავლოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №6(359), 2006 წ.