უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა ცაგერის მართლმადიდებლური გიმნაზიის
მოსწავლეებთან შეხვედრაზე

საპატრიარქოს რეზიდენცია, 15 მაისი, 2006 წ.

„ბავშვებო, მინდა გთხოვოთ, რომ როცა იწყებთ ლოცავს, თქვენი პირველი ლოცვა იყოს სამშობლოსათვის“

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო ბავშვებო, ქალბატონებო და ბატონებო!

დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ გვეწვიეთ აქ, საქართველოს საპატრიარქოში. მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და გაგვახარეთ თქვენი ცოდნით, თქვენი ლექსებით, თქვენი სიმღერით.

მეუფე სტეფანე ბრძანდება თავმჯდომარე ახალგაზრდული ცენტრისა და ვხედავ, რომ ამ მხრივ უკვე დაწყებული აქვს დიდი მუშაობა თავის ეპარქიაშიც.

ჩვენ, სასულიერო პირებს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ერის წინაშე, განსაკუთრებით კი დღეს. ეკლესია მუდამ იყო ის სულიერი ძალა, რომელიც ამთლიანებდა და ადუღაბებდა ჩვენს ერს, როცა ეკლესიის შესახებ საუბრობენ, ძალიან ხშირად ამბობენ იმას, თუ რა დიდი დამსახურება მიუძღვის ეკლესიას წარსულში. მაგრამ ვფიქრობ, არასდროს ყოფილა ეკლესია ისე საჭირო, არასდროს ყოფილა ისე აუცილებელი ეკლესიის მადლი, ეკლესიის ლოცვა, ეკლესიის მფარველობა ერისათვის, როგორც ეს არის დღეს. დღეს განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ერს სულიერი ამაღლება და დაცვა. სჭირდება დაცვა სულიერი და ეროვნული ფასეულობებისა, ჩვენი ტრადიციებისა, ჩვენი წეს-ადათისა, ჩვენი ოჯახებისა, ჩვენი ბავშვებისა, უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო საჭირო უწინ. წმიდა სინოდი, ჩვენი სამღვდელოება, შესაძლებობისამებრ, ცდილობს რომ აღვასრულოთ ჩვენი ვალი ღვთისა და ერის წინაშე.

მოხარული ვარ, რომ ეს ორი გიმნაზია დამეგობრდა. ორივე გიმნაზია არის წმიდა ილია მართლის სახელობის. წმიდა ილია მართალი იყო და არის დიდი პიროვნება, ერისათვის თავდადებული, შეწირული ზვარაკი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ზრუნავდა ერის პრობლემებზე. იმ დროს, როცა ერმა დაკარგა პოლიტიკური თავისუფლება, ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია, ილია ჭავჭავაძე იყო მეფეცა და პატრიარქიც.

ალბათ იცით, ბავშვებო, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ილია“. ილია ითარგმნება, როგორც ძალა ღვთისა. და აი, ძალა ღვთისა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მინდა გამოვხატო ჩემი თქვენდამი, ბავშვებისადმი სიყვარული და ორივე გიმნაზიას გადაეცემა 1000-1000 ლარი, რომ რაღაც შეუძინოთ, ან კანფეტები ვუყიდოთ ან სხვა რაიმე, რომ გავახაროთ ჩვენი ბავშვები.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო. ბავშვებო, მინდა გთხოვოთ, რომ როცა იწყებთ ლოცვას, თქვენი პირველი ვედრება იყოს სამშობლოსათვის, სამშობლოს მთლიანობისათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის და მერე საკუთარი თავისა და ოჯახისათვის.

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული იყავით.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2006 წ.