უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა სააღდგომო ფესტივალზე

მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი „მუზა“, 26 აპრილი, 2006 წ.

„ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს, იმიტომ რომ ჩვენთან არს ღმერთი!“

ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო ბავშვებო!

გრძელდება სააღდგომო ფესტივალი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად გენიალურია ქართველი ადამიანი. რა შეუძლია გააკეთოს ქართველ ადამიანს, თუ ის მოისურვებს.

ჩვენმა ერმა და საქართველოს ეკლესიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს შევუქმნათ განვითარებისათვის შესაბამისი პირობები.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა პოლიტიზირებულია მთელი სამყარო და ბავშვებიც მათ შორის. საქმეზე ნაკლებად ვფიქრობთ. მიმაჩნია, რომ ეს ფესტივალი, რომლის ინიციატორია ჩვენი ფონდი, აკაკი რამიშვილის ფონდი, ბატონი ვალერიან შიუკაშვილი და სხვები, მეტად დროული და მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. დადგა დრო, როცა ჩვენ უფრო დიდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქართულ მუსიკასა და საგალობლებზე. ქართული კლასიკური და ხალხური მუსიკა ბევრად დამოკიდებულია ქართულ საგალობლებზე, რადგან ურთიერთკავშირშია მასთან. მათ ერთი ფესვი აქვთ.

ძველი პედაგოგები ამბობდნენ, რომ აღზრდაში უპირველესი ადგილი უკავია მუსიკას. ისინი ამბობდნენ, რომ მუსიკა აკეთილშობილებს ადამიანის სულს და აჰყავს ზეცად. ვფიქრობ, რომ ყოველმა ადამიანმა ყოველდღე უნდა მოისმინოს მუსიკა და ეს ნამდვილად გააკეთილშობილებს მის სულს.

მე აქ ასევე დავათვალიერე ბავშვების ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა. მინდა აღვნიშნო, რომ მხატვრობაც ასევე აკეთილშობილებს ადამიანის სულს. რაღაც საოცარი ნეტარების განცდა ეუფლება ადამიანს.

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხანდახან ვიღებ ფუნჯს და ხატვას ვცდილობ. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა, მაგრამ მაინც ვხატავ.

მადლობა ღმერთს, რომ თანდათან განვითარდა ხატწერა, მინანქარი. მახსენდება, ჯერ კიდევ 15-17 წლის წინ, იდგა საკითხი დიდუბის ეკლესიის მოხატვისა. ცნობილი, დიდი მხატვარი ბრძანდებოდა ბატონი ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, ალბათ, გაგიგონიათ ან იცნობდით მას, საოცარი პიროვნება იყო, მაგრამ თანამედროვე სტილის მხატვარი. მახსოვს, უკვე ჩემს პატრიარქობაში კულტურის სამინისტროში დაინიშნა განხილვა მისი „საიდუმლო სერობისა“ და ამის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილოყო, დაეწყო თუ არა შურა ბანძელაძეს ტაძრის მოხატვა. უმრავლუსობა წინააღმდეგი იყო. მათ მიაჩნდათ, რომ მის ნამუშევრებში ძალიან დიდი ექსპრესიაა, რაც კედლოს მხატვრობას არ შეესაბამება. ბოლოს მე გამოვედი სიტყვით და ვთქვი: ნება დავრთოთ და მივულოცოთ ალექსანდრე ბანძელაძეს, დაიწყოს მოხატვა დიდუბის ეკლესიისა მეთქი. მართალია, ისე არ გამოვიდა, როგორც ეს, ტრადიციულად ახასიათებდა ქართულ ხატწერას, ფრესკის ხელოვნებას, მაგრამ ამან ძალიან დიდი ბიძგი მისცა ჩვენს ახალგაზრდობას. ზოგმა მისი კრიტიკა დაიწყო, ზოგს მოსწონდა კიდეც. და ყოველოვე იმის შემდეგ თანდათანობით აღორძინდა და განვითარდა საეკლესიო ხატწერა.

საოცრად ნიჭიერია ქართველი ადამიანი, მაგრამ ცოტა ზარმაცია, - მუშაობა ეზარება. ქართველები განწყობის ადამიანები ვართ, - თუ განწყობა არ გვაქვს, არაფერს ვაკეთებთ.

გავიხსენოთ მოცარტი. მამამისი ჯერ კარგად სცემდა თავის შვილს, მერე ჩაკეტავდა ცალკე ოთახში და ამეცადინებდა. ამ შრომამ გამოიღო ნაყოფი: მოცარტზ გამოვიდა უდიდესი კომპოზიტორი, უდუდეი პიროვნება. ამით მინდა ვთქვა, რომ შრომაა საჭირო. და მე ვხედავ შრომის შედეგს ბავშვებში.

ჩვენი დიდი მეცნიერები: კორნელიკეკელიძე, ჯავახიშვილი, ამირანაშვილი, აბულაძე და სხვები დღეში 15-16 საათი მუშაობდნენ. ჩვენ ეს ცოტა გვიჭირს. მაგრამ იმედია, დავძლევთ თავს და გამოვსწორდებით.

დასავლეთში არის ასეთი გამოთქმა: მე გეხმარები იმისათვის რომ შენ თვითონ დაეხმარო საკუთარ თავს. არაფრის ძალით მოხვევა არ შეიძლება. ეს სააღდგომო ფესტივალიც და კათოლიკოს-პატრიარქის ფონდიც მხოლოდ ბიძგს და სტიმულს გაძლევთ და გახალისებთ. მაგრამ საჭიროა თვითონ ბავშვების ინიციატივა, ბავშვების სურვილი და მაშინ ძალიან კარგი შედეგები გვექნება.

დღეს შესანიშნავი საღამოა. ჩვენ ყველანი ნამდვილად დავტკბით ამ ჰანგებით, კლასიკური თუ ხალხური მუსიკით. მინდა, მივულოცო ჩვენს ბავშვებს და ყველაანი დავლოცო, დავლოცო სრულიად საქართველო!

იერუსალიმიდან ჩამოიტანეს სადაფის ჯვრები და მინდა, ბავშვებს დავურიგოთ.

ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს, იმიტომ რომ ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2006 წ.