უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა საპატრიარქოს ტელევიზიის გახსნისას

სატელევიზიო გამოსვლა, 22 მარტი, 2007 წელი

„ვფიქრობ, „ივერია“ ძალიან საინტერესო ტელევიზია იქნება!“

ჩვენო სულიერო შვილებო!

ყველას მოგესალმებით. დღეს ტელეარხი „ივერია“ იწყებს თავისი საცდელი გადაცემებით მაუწყებლობას. მომავალში, ალბათ, უფრო ნათლად გამოიკვეთება, რა ხასიათის იქნება იგი. თუმცა, თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპოლიტიკური იქნება. გადაცემებში არ იქნება ძალადობის ამსახველი კადრები; მომზადდება ისეთი გადაცემები, რომლებიც მაყურებლებში დადებით ემოციებს აღძრავს; გაშუქდება დადებითი მოვლენები; საუბარი იქნება საქართველოს კულტურასა და ხელოვნებაზე, ასევე მსოფლიო კულტურაზე. გადაცემებში საუბარი იქნება ოჯახის სიმტკიცეზე, შრომის აუცილებლობაზე, საქართველოს ისტორიაზე, გავიხსენებთ ჩვენი წინაპრების საქმეთა საგმიროთა. რა ტქმა უნდა, ასევე გავიხსენებთ იმ პერიოდებსაც, როდესაც ჩვენი ერი უშვებდა შეცდომებს; აუცილებლად გავაკეთებთ წარსულის ანალიზს, რათა დავსახოთ მომავლის სწორი პერსპექტივა. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის საკითხებს და საერთოდ, ადამიანების დასაქმებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი, ვინმეს შევეჯიბროთ; პირიქით, ვეცდებით, სხვებისაგან ვისწავლოთ და თუ შევძლებთ, ჩვენი მხრიდან შევეწიოთ, რჩევით თუ კეთილი სიტყვით.

მინდა მივესალმო ყველა ტელეკომპანიის თანამშრომელს და ვთხოვო მათ, რომ დახმარება გაუწიონ საპატრიარქოს ტელევიზია „ივერიას“. ვფიქრობ, იგი ძალიან საინტერესო ტელევიზია იქნება.

საქართველოში ბევრი რამ კეთდება სასიკეთო და ხშირ შემთხვევაში, ხალხმა ამის შესახებ არ იცის. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ყოველივე წარმოვაჩინოთ. ვფიქრობ, ეს იქნება ადამაინებისთვის კეთილი მაგალითი და თვითონაც შეეცდებიან, გააკეთონ კეთილი საქმეები.

ღმერთმა ძალა მისცეს ჩვენს თანამშრომლებს და ღმერთმა გაამთლიანოს და გაახაროს საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2007 წ.