უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა სიძველეთსაცავის პრეზენტაციაზე

სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, 25 მაისი, 2007 წელი

„სიძველეთსაცავი უნდა იყოს საცავიც და სალოცავიც, რომ ადამიანმა
პირჯვარი გადაიწეროს და სანთელი დაანთოს, ამ სიწმინდეებს კანდელი უნდა ენთოს“

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქალბატონებო და ბატონებო!

დღეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დიდი საქმე კეთდება. ჩვენ შევეხეთ ისეთ საკითხს, რომელიც საუკუნეების მანძილზე აღელვებდა ჩვენს ხალხს და ეკლესიას, - ეს არის ჩვენი სიწმინდეები, ეს არის ის, რითაც მთელი ისტორიის მანძილზე ამაყობდა ჩვენი ერი.

უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი მძიმე წარსულისა და ავბედობის გამო ბევრი რამ უკვე დაკარგულია. ავიღოთ ისეთი უდიდესი სიწმინდე, როგორიცაა სამსჭვალი უფლისა, რომელიც კონსტანტინე დიდმა გამოაგზავნა საქართველოში. თქვენ გახსოვთ, რომ მან ორი სამსჭვალი უბოძა საქართველოს ეკლესიას. ერთი მათგანი დღეს მოსკოვის კრემლის მუზეუმში ინახება; იგი მეფე არჩილმა რუს მეფეს მიართვა.

ჩვენი სიწმინდეების დაცვის საკითხი დიდი ხანია გვაწუხებს. ეს აწუხებდა ჩვენს წინა პატრიარქებსაც. როდესაც მე მათ ვთავაზობდი, - ხომ არ შეიძლება, ასეთი საცავი შეიქმნას-მეთქი (რა თქმა უნდა, იმის იმედი არ მქონდა, რომ იმ დროს მუზეუმიდან რაღაც სიწმინდეს მოგვცემდნენ), - უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მიპასუხა, - ეკლესიაში კი არ შენარჩუნებული სიწმინდეები, მაგრამ თუკი გამოვფენთ, შეიძლება, წაგვართვან და ისიც დავკარგოთო.

ახლა მე ვფიქრობ, რმო ნორმალური ურთიერთობაა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და უკვე შეიძლება საუბარი ამ საკითხზე.

მინდა გაგახსენოთ, თუმცა, ეს თქვენც კარგად იცით, რომ ყოველ ისტორიულ ნივთს გააჩნია ორი ფუნქცია: ერთი სულიერი და მეორე ისტორიული ან მატერიალური ფასეულობა. საეკლესიო სიწმინდე იყო შექმნილი სალოცავად, ესაა მისი უპირველესი ფუნქცია, საეკლესიო ნივთი თუ ხატი, თუ რომელიმე სხვა სიწმინდე, შექმნილია სულიერი ცხოვრებისათვის.

მოგეხსენებათ, რომ ყოველი ხატი - ეს არის სარკმელი, რომლის საშუალებით ჩვენ ვუყურებთ ზეცას და ვხედავთ ამ ხატის პირველსახეს.

ასე რომ, სიწმინდეს, უპირველეს ყოვლისა, სულიერი ღირებულება გააჩნია, და მეორე ღირებულება არის ხელოვნება და მისი მაღალი დონე. მშვენიერების საოცარი შეგრძნება გააჩნდა ქართველ ადამიანს. და აი, ამ თავის შინაგან შეგრძნებას გამოხატავდა იგი საეკლესიო ნივთის შექმნისასაც.

მახსენდება უწმინდესი ალექს II-ის ვიზიტი საქართველოში. მან აღნიშნა, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მხოლოდ გემოვნებითაა გაკეთებული და დახვეწილიაო. რატომღაც ის პირველადი ფუნქცია გვავიწყდება და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ მეორე ფუნქციას - სიძველეს, ისტორიულ მნიშვნელობას. სინამდვილეში, ორივე აუცილებელია. მაგრამ სულიერი მაინც პირველადია.

საოცარი სიწმინდეები, რომლებიც ინახება ჩვენს მუზეუმებში, - მე გაოცებული დავრჩი, როდესაც ქუთაისის მუზეუმი მოვინახულე. დირექტორმა მითხრა, რომ ძალიან ბევრი სიწმინდე არის დაცული საცავებში და არა აქვთ იმის საშუალება, რომ ხალხმა დაათვალიეროს.

იცით როგორ წარმომიდგენია ეს საცავი? სიძველეთსაცავი უნდა იყოს საცავიც და სალოცავიც, რომ ადამიანმა პირჯვარი გადაიწეროს და სანთელი დაანთოს, ამ სიწმინდეებს კანდელი უნდა ენთოს. სიწმინდეების უმრავლესობა, რომელიც მუზეუმშია წარმოდგენილი, - სულ სასწაულთმოქმედი ხატები და ჯვრებია; მათ აქვთ თავისი ისტორია, თავისი დიდი წარსული და როცა ადამიანები მათ წინაშე არ ლოცულობენ, მათი სასწაულებრივი მოქმედება ჩერდება. ამიტომ, ვფიქრობ, ორივე მოთხოვნა უნდა იყოს დაცული და ასეთი საცავის არსებობა იქნება გამართლებული. სიწმინდესთან მიახლოევების საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს.

მეუფე დავითის ეს წამოწყება არის ამის შესანიშნავი მაგალითი. მას ეველებოდა კიდეც ამის გაკეთება, ის ხომ არქიტექტორია, ამ დარგის სპეციალისტია.

მინდა დიდი მადლობა მოვახსენო „ბადაგონის“ ხელმძღვანელებს, ამ მხარდაჭერისათვის და ვფიქრობ, რომ ასეთი საცავი შეძიელაბ წმინდა სამების ტერიტორიაზეც აშენდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ.

აქ ვხედავ ჩვენს მეუფეებს და მათგანაც ველოდები, რომ მათ ეპარქიებშიც შეიქმნება მსგავსი საცავები და სალოცავები.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2007 წ.