უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სასწავლო წლის დაწყების პარაკლისზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 1 ოქტომბერი, 2008 წ.

„ჩვენს აზროვნებას საფუძვლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება,
დაფუძნებული საღმრთო წერილზე, საღმრთო გადმოცემებზე, წმინდა მამებზე, მსოფლიო და
ადგილობრივ კრებებზე და ამ მემთხვევაში ადამიანი აღარ დაუშვებს შეცდომას!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს - წმინდა მოწამეების შალვა, ბიძინა და ელიზბარის ხსენებას! სემინარიის, აკადემიის და ინსტიტუტების სტუდენტებსა და მასწავლებლებს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

დღეს განსაკუთრებით გვმართებს ფიქრი ჩვენს აწმყოსა და მომავალზე, ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, გაძლიერდეს რწმენა? რა არის ჩვენი გზა?

უფალი ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. საკითხავია, ვხედავთ თუ არა ჩვენ ამ გზას? რატომ არის, რომ ქართველი ადამიანი ამდენ შეცდომებს უშვებს ცხოვრებაში? რა არის ის უპირველესი რამ, რასაც ჩვენ განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პირველი არის ღმერთი და რწმენა, ჩვენი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება. ეს რომ არ ყოფილიყო, ქართველი ერი ვერ გადარჩებოდა და აქამდე ვერ მოვიდოდა, - ეს არის საფუძველი ჩვენი ცხოვრებისა და ამიტომაც მას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

შემდეგი არის სიყვარული; ამ ნიჭით დააჯილდოვა ღმერთმა ქართველი ადამიანი. უფალმა გააძლიეროს ჩვენში სიყვარული. სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას! შემდეგი არის სასოება, ანუ იმედი ღვთასა, იმედი მომავლისა, იმედი ადამიანისა - ეს აუცილებელია.

დღეს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ საკითხს - ადამიანის საქმესა და ანალიზს, ანალიტიკურ აზროვნებას. რა უნდა უძღოდეს ერთი მეორეს - საქმე თუ ანალიტიკური აზროვნება? ცხადია, რომ ჯერ ანალიზი უნდა იყოს და მერე საქმე. ადამიანმა უნდა მოიფიქროს, რა გზას ადგება: რა აქვს, რა გარემოებაშია იგი, რისი შესაძლებლობები აქვს; ამასთან, დროც უნდა გაითვალისწინოს, რომელშიც ცხოვრობს და შემდეგ უნდა დაიწყოს საქმე.

უკვე მერამდენე წელია ამის შესახებ ვმსჯელობ ჩემს ეპისტოლეებში, საუბრებში, ქადაგებებში; სულ ვიმეორებ, რომ საჭიროა ანალიტიკური აზროვნების გაძლიერება. ქართველი ადამიანი მოაზროვნეა, მაგრამ ზარმაცი, - აზროვნება გარკვეულ შრომას საჭიროებს. უნდა მოიძიო ინფორმაცია, მოიკრიბო ძალა, მოძებნო დრო, განმარტოვდე, - ჯერ თავად უნდა იფიქრო, შემდეგ სხვასაც გაუზიარო და მისი შეხედულებაც მოისმინო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსჯელობისას, შენი აზროვნება არ უნდა იყოს კატეგორიული. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გეგონოს, თითქოს რასაც შენ ამბობ, მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტება. შენი აზროვნება უნდა იყოს ანალიტიკური. სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს ფიქრი ადამიანმა, გაანალიზოს ვითარება და სხვას მიმართოს რჩევისთვის. შენი აზრი არ უნდა მოახვიო მას, არამედ უნდა ჰკითხო, რას ფიქრობს და აცალო, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად ისე უნდა გააკეთო, როგორც სხვა გეტყვის. შენ უნდა მოიქცე ისე, როგორც ფიქრობ, რომ სწორია, მაგრამ ვიდრე მოქმედებას დაიწყებ, სხვას უნდა მოუსმინო და არა ერთს, - ათს, ასს. შესაძლოა, მათ გამოთქვან შენზე უკეთესი აზრი და ეს გაითვალისწინო და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. სწორედ ეს გვაკლია ჩვენ და ღმერთმა მოგვცეს უნარი იმისა, რომ გვქონდეს არაკატეგორიული, ანალიტიკური აზროვნება! ჩვენს აზროვნებას საფუძვლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება, დაფუძნებული საღმრთო წერილზე, საღმრთო გადმოცემებზე, წმინდა მამებზე, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე და ამ მემთხვევაში ადამიანი აღარ დაუშვებს შეცდომას.

კიდევ ერთხელ შევთხოვ უფალს, რომ გახსნას ჩვენი გონება, ჩვენი გული, რომ ვცნათ, სად არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება!

ახლა კი მინდა გაგაცნოთ ზოგიერთი დადგენილება, რომელიც მივიღეთ. თქვენ იცით, რომ ყოფილი პროტოპრესვიტერი გიორგი, დღეს უკვე ცურტაველი ეპისკოპოსია. და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერად დადგინდეს მამა გიორგი ზვიადაძე. თქვენი სახელით, საქართველოს ეკლესიის სახელით ვულოცავთ მამა გიორგის ამ მაღალ წოდებას და ვფიქრობთ, რომ თავის მზრუნველობასა და ყურადღებას არ მოაკლებს არც სიონს და არც საქართველოს.

ჩვენ ასევე მივიღეთ დადგენილება, რომ დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი გათავისუფლდეს სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურებიდან და მღვდელმსახურად დაინიშნოს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ხოლო არქიმანდრიტი სერაფიმე გათავისუფლდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან და მღვდელმსახურად დადგინდეს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ყველას გილოცავთ ამ მაღალ წოდებებს. იმედი მაქვს, რომ სიონს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ. სიონი არის ჩვენი დედაეკლესია, თბილისის თანატოლი. როცა დაარსდა თბილისი, მაშინ დაარსდა სიონის საპატრიარქო ტაძარიც! ღმერთმა მოგანიჭოთ ძალა ამ საპატიო მოვალეობის შესრულებისთვის!

ახლა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე, სიყვარული, რწმენა და სასოება.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2008 წ.