უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 5 ოქტომბერი, 2008 წ.

„ვფიქრობ, ეს განსაცდელი ჩვენს მოსაქცევად, სარწმუნოების განსამტკიცებლად დაუშვა უფალმა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„წყალობაი შენი უფალო თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელთანაც არის წყალობა ღვთისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცოცხლობს სარწმუნოებით, სასოებითა და სიყვარულით. შეიძლება, მრავალი განსაცდელი შეხვდეს მას ცხოვრების გზაზე, მაგრამ უფალი არ დაუშვებს მის დაცემას, აუცილებლად დაეხმარება მას.

რა არის ჩვენი ცხოვრება? ეს არის მუდმივი განსაცდელი. ბედნიერია ადამიანი, რომელიც არ კარგავს ღვთის იმედს. დღეს მრავალი განსაცდელი მოადგა საქართველოს და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ღმერთი გაამთლიანებს სრულიად საქართველოს, დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ჩვენს ერს მოანიჭებს მადლსა და ძალას. 11 წლის განმავლობაში ვიყავი მღვდელმთავარი აფხაზეთისა და კარგად მახსოვს, როგორი სიყვარული იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის, როგორი თანადგომა იყო ერთმანეთისა. მრავალი აფხაზი ნათლული მყავს; ისინი დღესაც ჩამოდიან ჩემთან და მიზიარებენ თავიანთ გაჭირვებას. ვფიქრობ, ეს განსაცდელი ჩვენს მოსაქცევად, სარწმუნოების განსამტკიცებლად დაუშვა უფალმა. მახსენდება, აფხაზეთში ყოფნისას, - ქართველები მონდომებით ასრულებდნენ ნათლობისა და ჯვრისწერის წესებს, მაგრამ ნაკლებად მოდიოდნენ ეკლესიაში სალოცავად. როცა ამის შესახებ შენიშვნას ვაძლევდი, ისინი მპასუხობდნენ, რომ ძალიან დაკავებულნი არიან საქმიანობით ბაღებში, მანდარინის პლანტაციებში. და ახლა ეს ყველაფერი იქ დარჩათ... მაგრამ უფალი მშვიდობასა და ძალას მოგვცემს, რომ დავიბრუნოთ ყველაფერი! ერთი რამ ვიცი და მწამს, რომ წარმოუდგენელია საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე! მე არაერთხელ მითქვამს ეს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის. მტკიცედ მწამს, ღმერთი მოგვანიჭებს ძალას და მოგვცემს მშვიდობას!

დღეს ჩვენ ვლოცავთ გვარს, რომელიც ცნობილია მთელ საქართველოში. ესაა უშიკაშვილების გვარი. დიდება და მადლობა უფალს, რომ გვარის დალოცვის მოთხოვნილება და სურვილი უჩნდება ხალხს.

შევთხოვ უფალს, რომ დალოცვილი იყოს უშიკაშვილების გვარი, უფალმა მისცეს მათ მშვიდობა, გაამრავლოს და მიანიჭოს რწმენა და მოთმინე დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2008 წ.