უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7 დეკემბერი, 2008 წ.

„ჩვენი მრევლისა და მთელი ქართველი ერის სახელით გვინდა განვუცხადოთ რუსეთის ხელისუფლებას,
რომ ქართველი ერი ვერასდროს შეურიგდება იმას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი
საქართველოს ფარგლებს გარეთ იყოს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ძალა და მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერისა და ყოველი ჩვენგანისთვის.

დღეს 2 საათზე ჩვენ მივემგზავრებით მოსკოვში, რათა მონაწილეობა მივიღოთ უწმინდესი ალექსი II-ის დაკრძალვაში. მინდა გითხრათ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II იყო დიდი მეგობარი ქართველი ერისა, ჩვენი ეკლესიისა და პირადად ჩემი. იგი მუდამ დიდი სიყვარულით იხსენებდა ვიზიტს საქართველოში. მას კიდევ სურდა, ჩამოსულიყო ჩვენთან, მაგრამ ვეღარ მოახერხა; რუსეთსა და საქართველოს შორის შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა აბრკოლებდა მას. იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ განემუხტა არსებული ვითარება.

მშვიდობა და სიკეთე უნდა ახასიათებდეს თითოეულ ჩვენგანს და მთელ ერს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, იყოს მშვიდობა ადამიანის გონებაში, სიმშვიდე უნდა სუფევდეს ადამიანის გულში. ამიტომ ამბობს წმინდა დავით მეფე და წინასწარმეტყველი: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“.

შესაძლოა, რომ ამ ვიზიტის დროს ჩვენ შევხვდეთ რუსეთის ხელისუფლებას. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი მოსკოვში აღემატება იმ მისიას, რომლითაც ჩვენ იქ მივემგზავრებით.

ჩვენი მრევლისა და მთელი ქართველი ერის სახელით გვინდა განვუცხადოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ქართველი ერი ვერასდროს შეურიგდება იმას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ფარგლებს გარეთ იყოს. იმედი გვაქვს, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვებს. ამიტომ გთხოვთ, გააძლიერრთ ლოცვები უფლის წინამე, რათა კეთილად და სასიკეთო შედეგით დამთავრდეს ეს ვიზიტი.

მისი უწმინდესობის დაკრძალვა შედგება სამშაბათს. აღავლინეთ ლოცვა მისი სულისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ! თქვენი ლოცვების იმედით მივემგზავრები მოსკოვში. თბილისში ხუთშაბათს ვბრუნდებით.

დღეს ჩვენთან ბრძანდებიან გოლეთიანების გვარის წარმომადგენლები. ეს ცნობილი ლეჩხუმური გვარი გახლავთ. მინდა, დღეს დავლოცო ისინი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ბევრი შვილი მოგცეთ და დიდი მამულიშვილები გაგეზარდოთ. მრავალშვილიანობას გისურვებთ! ამ გვარის უხუცეს წარმომადგენელს, რომელიც აქ ბრძანდება, გადავცემთ წმინდა გიორგის ხატს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №43, 2008 წ.