უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება წმინდა კეთილმორწმუნე მეფის,
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 თებერვალი, 2008 წ.

„ჩემი გული, ჩემი გონება, მთელი ჩემი სულიერი სამყარო ეკუთვნის ქართველ ხალხს...“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი ბრძანებს: „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. მართლაც, დიდია ძალა ეკლესიისა. ეკლესია არის სულიერი სამყარო, იგი ღვთის მიერაა დაარსებული და ამიტომაც მიწიერი გონება ვერ მისწვდება მას და ვერც ვერაფერს დააკლებს. ჩვენი ეკლესია მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი ერის სულიერი გამაერთიანებელი ძალა. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესია სწორედ ამით გამოირჩევა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან. იგი მთელი ისტორიის მანძილზე იყო ის სულიერი ძალა, რომელიც ადუღაბებდა, ამთლიანებდა ჩვენს ერს და ამ მისიას იგი დღესაც აღასრულებს. დღეს არის რამდენიმე დღესასწაული - ერთად მოიყარა თავი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანმა ღირშესანიშნავმა დღეებმა. უპირველეს ყოვლისა, დღეს არის წმინდა მეფე დავით აღმაშენებელის ხსენების დღე. დიდია მისი ღვაწლი და თავდადება ჩვენი ერისა და მამულის წინაშე, მაგრამ ეს ძალა მას უფალმა მიანიჭა. იგი ეკლესიასთან გაიზარდა და მის მიერ ეკლესია და სახელმწიფო ერთი მიზნით გაერთიანდა. ამით განდიდდა მეფე დავითი და მიაღწია საოცარ სიმაღლეებს.

უნდა ითქვას, რომ გენიალური ადამიანი ყველაფერში გენიალურია. თქვენ იცით, იგი 16 წლის ჭაბუკი იყო, როდესაც, ღვთის განგებით, სამეფო გვირგვინი დაადგეს და თავისი მოღვაწეობა დავითმა იმით დაიწყო, რომ უპირველეს ყოვლისა, ხალხის გასაჭირსა და ქვეყნის გამთლიანებაზე იზრუნა.

არ დავიწყებ წმინდა დავით მეფის ცხოვრების მოთხრობას, მინდა მხოლოდ აღვნიშნო, რომ დავით აღმაშენებელს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, გარდა იმისა, რომ დაწერა „გალობანი სინანულისანი“, - მისი სახელი მაინც უკვდავი იქნებოდა არა მარტო საქართველომი, არამედ მთელ მსოფლიოში. „გალობანი სინანულისანი“ ნათლად მეტყველებს, თუ რამდენად მაღლა იდგა სულიერად ეს პიროვნება, რამდენად გრძნობდა იგი სინანულის აუცილებლობას; აცნობიერებდა, რომ სინანული ესაა უპირველესი სამკურნალო ძალა, რომლის გარეშეც ვერ ცხონდება ადამიანი. როდესაც ჩვენ დავით აღმაშენებლის „გალობანს“ ვადარებთ ანდრია კრიტელის სინანულის კანონს, რომელიც დიდ მარხვამი იკითხება, - ვხედავთ, რომ ბევრ მემთხვევამი დავითის კანონი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მსოფლიოში ცნობილი კრიტელის კანონი.

დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ დავით აღმაშენებელის კურთხევა და მისი ლოცვა ეწეოდეს საქართველოს; ჩვენი დიდი მეფის მადლმა დაიცვას და გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო!

დღეს ქართველი ხალხი ასევე ზეიმობს ჩვენი უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე წლისთავს. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ადამიანი ვერ ხედავს უნივერსიტეტის დამსახურებას ქართველი ერისა და ჩვენი ეკლესიის წინამე. ის წლები, როდესაც მოღვაწეობდნენ უნივერსიტეტის სათავეებთან მდგომი ჩვენი დიდი წინაპრები, ურთულესი ხანა იყო კომუნისტური რეჟიმის პერიოდი; და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ დროს, ძალიან ბევრ შემთხვევაში, რასაც ვერ აკეთებდა ეკლესია, - აკეთებდა ჩვენი უნივერსიტეტი, ამიტომაც ქედს ვიხრით ჩვენი იმ დიდი წინაპრების წინაშე.

დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ადვილად, ხელის წამოკვრით ახსენებს უნივერსიტეტს, ახირებულად საუბრობს უნივერსიტეტის შესახებ; ამბობს, რომ უნდა მოხდეს მისი რეორგანიზაცია და ა.შ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, დღესაც არის და მომავალმიც იქნება ერის ინტელექტუალური განვითარების უძლიერესი კერა და ვერავინ შეეხება ამ სასწავლებელს!

მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უნივერსატეტის დამაარსებლები, რომლებიც დღეს წირვაში მოვიხსენიეთ; გავიხსენოთ ჩვენი დიდი მეცნიერები, რომელთაც მთელი თავისი ნიჭი, უდიდესი ღვაწლი და ზოგიერთმა - საკუთარი სიცოცხლეც კი შესწირა ამ სასწავლებელს! ესენია: დიდი ივანე ჯავახიშვილი - ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, პეტრე მელიქიშვილი, კორნელი კეკელიძე - ეს ტანჯული ადამიანი, რომელიც იყო მიტროსანი დეკანოზი სიონის საპატრიარქო ტაძარში და დიდი განსაცდელის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა სასულიერო წოდება. მაგრამ იმდენად დიდი მეცნიერი იყო, რომ სამოღვაწეოდ მიიღეს უნივერსიტეტში და მან დიდი ღვაწლი დადო მეცნიერების განვითარებას და მომავალი თაობის აღზრდას.

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II გვიამბობდა ახალგაზრდებს მის შესახებ. კორნელი კეკელიძე უნივერსიტეტის პროფესორი იყო, მაშინ ჩვენი პატრიარქი ეფრემ II და მისი მეგობრები ახალგაზრდები იყვნენ. პატრიარქი ეფრემი იყო სტუდენტი კეკელიძესი და არა მარტო კარგად იცნობდა მას, არამედ სტუდენტობის დროს მის სახლმი ცხოვრობდა. ეფრემ II-ს ერისკაცობაში გრიგოლი ერქვა. თურმე, სახელი ეფრემი ბერობის დროს თავად კორნელი კეკელიძემ შეურჩია. მერე, როდესაც ეფრემ II უკვე პატრიარქი იყო, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და კორნელი ეკითხებოდა ხოლმე, როგორ მიდის ეკლესიის საქმე. ერთხელ კორნელი კეკელიძეს აღდგომა დილას დაურეკავს პატრიარქი ეფრემისთვის და უკითხავს: „წირვაზე ხალხი ბევრი იყოო?“ პატრიარქმა მიუგო: „განსაკუთრებით ახალგაზრდობაო!“ კეკელიძემ კვლავ ჰკითხა: „და თქვენ რით ახსნითო ამას?“ უწმინდესს მიუგია: „ამაში პირადად თქვენი და თქვენი შრომების დიდი დამსახურებააო!“

მართლაც, თქვენ წარმოიდგინეთ, კორნელი კეკელიძის შრომები, ეტიუდები და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ორი ტომი რომ არ ყოფილიყო, ვინ ვიქნებოდით ჩვენ დღეს და რა ცოდნა გვექნებოდა ძველი ქართული ლიტერატურისა?!

გავიხსენოთ ასევე დიდი მოღვანენი: აკაკი შანიძე, რომელსაც პირადად ვიცნობდი; იგი ღებულობდა მონაწილეობას ახალი აღთქმის გამოცემაში, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ანდრია რაზმაძე, შალვა ნუცუბიძე, რომელსაც ასევე პირადად ვიცნობდი. ის ხშირად მოდიოდა საპატრიარქოში. ერთხელ შევესწარი - შალვა ნუცუბიძე ამბობდა საღვთისმშობლო სიტყვას. ეს იყო რაღაც საოცრება! ეს იყო ნიმუში სულიერებისა, სულიერი ღვაწლისა და ამასთან ერთად, მჭერმეტყველებისა!... ნიკოლოზ ცხვედაძე, სვიმონ კლდიამვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც შეეწირა ჩვენს სამშობლოს და ამიტომაცაა, რომ ეკლესიამ იგი წმიდანად შერაცხა, ნიკოლოზ მუსხელიშვილი - ეს უდიდესი მეცნიერი, არჩილ ხარაძე, დიმიტრი უზნაძე... უნდა ითქვას, რომ დიმიტრი უზნაძეს დღემდე არ იცნობს სათანადოდ ქართველი ხალხი! ბევრმა არ იცის, რაოდენ დიდი გენიოსი იყო დიმიტრი უზნაძე! არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოყენებული მისი „განნყობის თეორია“... ივანე ბერიტაშვილი, გიორგი ახვლედიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ანდრია ბენაშვილი, იოველ ქუთათელაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი და მრავალი, მრავალი სხვა.

მინდა ასევე ვთქვა, რომ დღესაც, ჩვენი სახელოვანი მეცნიერები აგრძელებენ მათ გზას. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ღვაწლსა და შრომას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ და ღმერთმა ინებოს, რომ თქვენ გაზარდოთ ახალი ღირსეული თაობები! გულითადად ვულოცავ რექტორს, ბატონ გიორგი ხუბუას ამ დიდ თარიღს და ჩვენს აკადემიკოსებს. დღეს ჩვენი სიხარული ორმაგდება კიდევ იმით, რომ დღეს ამ საზეიმო მსახურებას ესწრებიან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისა და გელათის აკადემიის აკადემიკოსები.

დღეს გამთლიანდა ჩვენი ლოცვა ჩვენი ერისა და მამულისათვის, ჩვენი მომავლისათვის! არაფრის უნდა შეგვეშინდეს! ნუ შევუშინდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ხელაღებით საუბრობენ დღეს ჩვენს უნივერსიტეტზე, ძალიან იოლად ეხებიან მას და ზოგადად ჩვენს მეცნიერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თავად ძალიან შორს დგანან მეცნიერებისაგან.

მეცნიერება ინტელექტრალურ ზრდასთან ერთად უნდა იყოს ასევე სულიერი; უნდა არსებობდეს მტკიცე კავშირი ეკლესიასა და მეცნიერებს შორის და ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ დღეს ეს არის კიდეც! უნდა აღინიმნოს, რომ რაც ამ ბოლო 30 წლის მანძილზე გაკეთდა, - გაკეთდა ჩვენი მეცნიერებისა და ეკლესიის ერთობლივი ღვაწლით! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! დღეს კიდევ ერთი დიდი სასიხარულო მოვლენაა, პატრიარქის ნათლულებს დღეს დალოცვის სიგელები და ნათლობის მოწმობები დაურიგდათ. დალოცვილი და გახარებული ამყოფოს ღმერთმა ჩემი ნათლულები და მთელი საქართველო!

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეკლესია იყო და დარჩება სულიერი ძალა ჩვენი ერისა! ზოგჯერ გვსაყვედურობენ, - პატრიარქი სადღაც მივიდა, სადღაც კი არ მივიდაო. მინდა იცოდეთ, რომ პატრიარქი ყველგანაა, სადაც ქართველი ხალხია! ჩემი გული, ჩემი გონება, მთელი ჩემი სულიერი სამყარო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ შეიძლება, მე ფიზიკურად არ ვიყო ამა თუ იმ ადგილზე, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი გონება და გული იქ არის!

დღეს არსდება ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა, რომლის დამფუძნებელი ბატონი გიორგი თარგამაძე ახლა აქ ბრძანდება. მართალია, ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ვუსურვებთ, რომ მთელი თავისი ნიჭი, ცოდნა და შესაძლებლობა მოახმაროს საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ერის გამთლიანებას. ჩვენი მთავარი მიზანია ერის მთლიანობა. საქართველოს ეკლესიისთვის ყოველი ადამიანი, ყოველი ქართველი კაცი და მკვიდრი საქარ თველოსი არის სულიერი შვილი ჩვენი ეკლესიისა, მიუხედავად მისი პოლიტიკური მეხედულებებისა, - პოზიციაა იგი, თუ ოპოზიცია - ყველანი ჩვენი სულიერი შვილები ბრძანდებით და ჩვენი ეკლესია თქვენთან არის და თქვენც ყველანი ჩვენთან ხართ!

შეგახსენებთ, რომ პარასკევს არის დიდი საუფლო დღესასწაული - მირქმა უფლისა. ხუთშაბათს საღამოს იქნება ლოცვა, ხოლო პარასკევს - საზეიმო წირვა, რომელსაც მე თვითონ აქ შევასრულებ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ღმერთს ებარებოდეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №5, 2008 წ.