უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად სახელდებისას

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 13 სექტემბერი, 2008 წ.

„წმინდა სინოდმა იგი ერთხმად აირჩია ცურტავის ეპისკოპოსად!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. საოცარია ადამიანის ცხოვრება. ის არის საკვირველებითა და სასწაულებით აღსავსე, მაგრამ ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ მათ.

სიონის ეკლესია - ეს არის ჩვენი დედაეკლესია. აქ აღიზარდა და სულიერად განმტკიცდა მრავალი მღვდელმთავარი, მრავალი სასულიერო პირი. აქ ხდებოდა გამორჩევა და კურთხევა ახალი მღვდელმთავრებისა. დღეს არის სახელდება არქიმანდრიტი იოანესი - ჩვენი პროტოპრესვიტერი გიორგისა. მრავალი წლის მანძილზე იგი ემსახურება საქართველოს ეკლესიას თავდადებითა და მორჩილებით. უფალმა ინება მისი მღვდელმთავრად კურთხევა. წმინდა სინოდმა იგი ერთხმად აირჩია ცურტავის ეპისკოპოსად.

მან გადაიტანა მძიმე ავადმყოფობა, მაგრამ, ღვთის მადლით, იგი უკვე მზადაა ამ დიდი მადლის მიღებისათვის. შევხოვთ უფალს, რომ „უფალმა უხვად მისცეს მას მადლი სულისა წმინდისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის ერთი ბრძენის სიტყვები: „შენ შეიძლება დაკარგო ქონება ან ფული, შენ არაფერი დაგიკარგავს, - ქონება და ფული მიდის და მოდის; შენ შეიძლება დაკარგო ჯანმრთელობა, მაგრამ ცოცხალი გადარჩე და მოღვაწეობა გააგრძელო; მაგრამ თუკი შენ დაკარგე მადლი ღვთისა, - შენ ყველაფერი დაგიკარგავს“.

შევთხოვთ უფალს, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა შეიძინოს მადლი და არ დაკარგოს: და შევთხოვ უფალს, რომ ეს მადლი უხვად გარდამოვიდეს მამა იოანესა ზედა. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს იგი.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32, 2008 წ.