უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 14 სექტემბერი, 2008 წ.

„ყოვლადუსამღვდელოესო იოანე, შევთხოვეთ უფალს, რომ
სული ღვთისა სახიერი იყოს აწ და მარადის წინამძღოლი თქვენი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა!“ დღეს, როდესაც შედგა თქვენი კურთხევა, ყოვლადუსამღვდელოესო იოანე, - შევთხოვეთ უფალს, რომ სული ღვთისა სახიერი იყოს აწ და მარადის წინამძღოლი თქვენი. ჭეშმარიტად: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. დღეს აღსრულდა კიდევ ერთი კურთხევა მღვდელმთავრისა. ყოველი ეპისკოპოსის კურთხევა არის უდიდესი მადლი ღვთისა და უდიდესი სასწაული ღვთისა.

თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იყავით მოძღვარი და პროტოპრესვიტერი საქართველკოს ეკლესიისა. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო სამაგალითო სამსახური ღვთისა და ერის წინაშე და უფალმა გამოგარჩიათ თქვენ და დაგადგინათ ცურტავის ამ უძველესი ეპარქიის ეპისკოპოსად. უპირველეს ყოვლისა, მინდა თქვენი და ჩვენი სასულიერო პირების გასაგონად ვთქვა, რომ როცა ადამიანს მაღალი წოდება ეძლევა, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის წყალობა ღვთისა და არა ჩვენი დამსახურება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანს მაღალი წოდება ეძლევა, მას უნდა მოემატოს თავმდაბლობა და განცდაი თვისთა ცოდვათა. თუკი თავმდაბლობა არ აღემატება მის წოდებას, მას გაუჭირდება მაღალი სამსახური. დღეს თქვენ ღმერთმა ჩაგაბარათ ცურტავის უძველესი ეპარქია იმისათვის, რომ აღადგინოთ იგი და ააღორძინოთ და გააბრწყინოთ ის კუთხე, სადაც თქვენ იქნებით.

ჩვენ ურთულეს დროში ვცხოვრობთ. უფალმა ჩვენ უდიდესი გამოცდა გამოგვიგზავნა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოცდა და განსაცდელი ეძლევა იმ ერს და იმ ადამიანს, რომელიც უყვარს უფალს. ამიტომ ჩვენ სიყვარულითა და თავმდაბლობით უნდა მივიღოთ ეს განსაცდელი და უფალი ჩვენს მწუხარებას სიხარულით შეცვლის. ეს უნდა გვწამდეს ჩვენ. მუდამ უნდა გვქონდეს სარწმუნოება, სიყვარული და სასოება. და აი, ამ განსაცდელის დროს უფალმა გამოგარჩიათ თქვენ ეპისკოპოსად. ეპასკოპოსი არის პასუხისმგებელი არა მარტო მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე, არამედ ასევე მოძღვრებისათვის და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის. თუკი ადამიანმა თავის თავს ვერ უშველა, იგი ვერც სხვას უშველის. იმედი მაქვს, რომ თქვენ გაქვთ სათანადო გამოცდილება და თქვენს გარშემო, ღვთის მადლით, შემოიკრიბება მრავალი ბერი და მონაზონი. ბერობამ და მონაზვნობამ უნდა გადაარჩინოს საქართველო და ჩვენი ეკლესია!

მახსენდება, თუ როგორ დაადგინეს ერთ-ერთ მამათა მონასტერში წინამძღვარი და მიტროპოლიტმა ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „მამაო, შენ უნდა იყო არა მარტო მამა, არამედ დედაც, - მოწყალე დედა უნდა იყო შენი მრევლისთვის, შენი სამღვდელოებისთვის!“ იგივეს გაგიმეორებთ თქვენც.

მინდა გითხრათ საკუთარი გამოცდილებიდანაც: რასაც სხვას გაუკეთებს ყოველი ადამიანი, იმას უგზავნის უფალი თავად მას. ე.ი. სჯობია შეწყალება, სჯობია შენდობა და ღმერთი თქვენც შეგიწყალებთ. თქვენ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა-ლოცვა შეასრულოთ რუსთავის საკათედრო ტაძარში, რადგან რუსთავის მიტროპოლიტი ათანასე, დროებით, ვერ აღასრულებს ღვთისმსახურებას და მის გამოჯანმრთელებამდე თქვენ იქ იქნებით მღვდელმთავარი.

ახლა კი მე მინდა გადმოგცეთ ეს კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო ძალაუფლებისა და იქნება თქვენი საყრდენი ამ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ ეს ცხოვრება არის გამოცდა, რომელიც ღვთის მადლით უნდა ავიტანოთ და ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ. მიიღეთ ეს კვერთხი და დალოცეთ სრულიად საქართველოს მრევლი!

თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საეკლესიო ახალი წელი. ახალ წელს მეუფე იოანემ მიიღო ეს მაღალი კურთხევა. იგი არის 37-ე მღვდელმთავარი და დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის! მე რომ ეპისკოპოსად მაკურთხეს, სულ 3-4 მღვდელმთავარი იყო და აი, დღეს უკვე 37-ია.

დიდება და მადლობა უფალს! ვილოცოთ, გვქონდეს იმედი და ვერავითარი მტერი ვერაფერს დაგვაკლებს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32, 2008 წ.