უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 ივნისი, 2008 წ.

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით სულ ერთად არიან“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ სულთმოფენობას; დაე, სულიწმინდა მოვიდეს ჩვენზე და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ!

სულიწმინდა - ეს არის ის ძალა ღვთისა, რომელიც გვანიჭებს სიცოცხლეს! იგი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რომელიც ყოველგან არს და ყოველსავეს აღავსებს მადლითა თვისითა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღირსი ხდება სულიწმინდის მიღებისა! ყოველი ადამიანი მოწოდებულია, გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. და დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რომ სულიწმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და გაამთლიანოს, დაამშვიდოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო!

მოგეხსენებათ, რომ მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით სულ ერთად არიან და დღეს ჩვენ მშობლიურ მიწას უნდა მივაბაროთ გამოჩენილი ადამიანი, მშობელი დიდი პიროვნებისა - ჟიული შარტავასი, ქალბატონი ნინო-ფენია. საოცარია მისი ვაჟკაცობა, მისი მოთმინება! როდესაც აფხაზეთში ეს საშინელი მკვლელობა მოხდა, მან თქვა: „შემიწირია ჩემი შვილი, ოღონდ საქართველო გადარჩესო!“

მინდა გითხრათ, რომ ჟიულის ბოლო დღეების მომსწრე ბრძანდებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელიც იმ პეროდში ჩავიდა აფხაზეთში და იგი შეესწრო ჟიული შარტავას ლოცვას. მას ზეცად აღუპყრია ხელნი და უთქვამს: „ღმერთმა მე დამსაჯოს, ოღონდ საქართველო გადარჩესო.“ და მართლაც, ეს ასეც მოხდა.

ამ მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მე მივიღე წერილი რუსეთიდან. უცნობი პიროვნება მწერდა: მე ჟიული შარტავას მკვლელობას ვესწრებოდი. არ ვიცოდი, ვინ იყო და ვიკითხე. მისი სახელი მითხრეს და რომ არ დამვიწყებოდა, ასანთის კოლოფზე ჩავიწერე (ის პიროვნება, რომელმაც ეს წერილი მომწერა, ეროვნებით არც ქართველი იყო და არც რუსი, - ამის შესახებ წერილის სტილი მეტყველებს). იგი მწერდა: თქვენ უნდა იამაყოთ, ასეთი შვილები რომ ჰყავს საქართველოსო!

სწორედ ჟიულის დედა ბრძანდება ქალბატონი ფენია-ნინო. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული!

სულიწმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლის გფარვიდეთ თქვენ, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2008 წ.