უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 მაისი, 2008 წ.

„ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ცხოვრობს, ღმერთი ანიჭებს დღეგრძელობას და განსაკუთრებულ ძალას!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

ღვთის ყველაზე დიდი საიდუმლო თვით ადამიანია, რომელსაც თავად კაცის გული და გონება ვერასდროს ჩაწვდება. მაინც, რა არის ადამიანი? ვინ არის იგი? ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. იგი შედგება სულიერი და ხორციელი ნაწილისაგან. როგორც კი სული ტოვებს სხეულს, ადამიანი კვდება.

არიან ადამიანები, რომელნიც მარტო საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ, ან მარტოოდენ თავიანთი ოჯახებისათვის. ასეთნი ჩაკეტილენი არიან საკუთარ, ვიწრო ინტერესებში. მათზე ამბობენ, - ეგოიზმით არიან შეპყრობილნიო. მაგრამ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის ცხოვრობენ. ისინი თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან სხვა ადამიანებს, უძღვნიან სამშობლოს.

დღეს ჩვენ ვლოცავთ სწორედ ასეთ ადამიანთა ჯგუფს. დღეს წირვას ესწრებიან „ვეტერანთა დახმარებისა და დასაქმების ფონდის“ თავმჯდომარე გიორგი კიკნაძე და ამავე ფონდის წევრები. ეს ადამიანები თავშეწირულნი არიან სამშობლოსათვის, მათ არაფერი დაუშურებიათ ჩვენი ქვეყნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავიანთი ცხოვრება შესწირეს სამშობლოს მსახურებას, - ქვეყანამ სათანადოდ ვერ დააფასა მათი შრომა და ღვაწლი. ამიტომ, თავადვე დააარსეს „საქართველოს ვეტერანთა დახმარების და დასაქმების ფონდი“, რათა ამ ფონდის მეშვეობით ერთმანეთს დაეხმარონ. ამის გაკეთება, ალბათ, არ უნდა დასჭირვებოდა ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათზე ქვეყანას უნდა ეზრუნა, მაგრამ ასე არ მოხდა და ისინი იძულებული არიან, თავადვე ეძებონ გამოსავალი.

მინდა დავლოცო ეს ვაჟკაცი ადამიანები, რომელთაც სამშობლოსათვის არაერთგზის ჩაიგდეს თავი საფრთხეში და მზად იყვნენ სიცოცხლეც გაეღოთ.

შევთხოვ უფალს, იყოს თქვენი შემწე და მფარველი. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმ მძიმე განსაცდელებისა, რომლებიც გამოიარეთ, თქვენში არის ისეთი ძალა, რაც სხვებზე ზრუნვასა და დახმარებას მეგაძლებინებთ.

ახლა მინდა გიამბოთ ერთი ადამიანის თავდადებულ ცხოვრებაზე. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი მამა იოაკიმე (ასათიანი), რომელსაც სულ ახლახანს 80 წელი მეუსრულდა. მე მამა იოაკიმეს სოხუმიდან, აფხაზეთიდან ვიცნობ და მუდამ მაკვირვებდა მისი თავდადებული მოღვაწეობა. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო და ამ დროს ჩვენ ვცდილობდით ეკლესიები გაგვეხსნა, აგვემოქმედებინა ... კერძოდ, ბედიის მონასტერი და სხვები. ამის გამო მამა იოაკიმე დააპატიმრეს კიდეც; ბევრი აწვალეს და მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს; მაგრამ, მადლობა ღმერთს, მამა იოაკიმე დღესაც ეხმარება ხალხს, ეხმარება ეკლესიას, ეხმარება საპატრიარქოს. 80 წლისაა იგი და თითქმის მთელი 80 წელი გრძელდება მისი მოღვაწეობა ეკლესიის კეთილდღეობისათვის. დღეს მინდა აღვნიშნო მისი ღვაწლი და მას საჩუქრად მივართვა ვერცხლის თასი. ღმერთმა დალოცოს მამა იოაკიმე და ღმერთმა მისცეს მას კიდევ მრავალი წელი მომავალი მოღვაწეობისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაიხაროთ. თქვენ კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებთ საქართველოსთვის.

საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ცხოვრობს, ღმერთი აძლევს დღეგრძელობასა და განსაკუთრებულ ძალას. სწორედ ასეთი ადამიანები დგანან დღეს ჩვენს წირვაზე - ჩვენი სახელოვანი ვეტერანები და მამა იოაკიმე, მათთან ერთად.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2008 წ.