უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენის დღეს

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 მარტი, 2008 წ.

„ეკლესიის დამოუკიდებლობა მუდამ წინ უსწრებდა ერის და ქვეყნის დამოუკიდებლობას!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ეს ის ძალა და მშვიდობაა, რომელზეც ოცნებობს ყოველი ერი და ყოველი ადამიანი. მაგრამ არსებობს ძალა სულიერი და ძალა ფიზიკური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ავტოკეფალიის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალას ვგულისხმობთ. თქვენ იცით ისტორიიდან, საქართველოს ეკლესია უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. მეხუთე საუკუნე განსაკუთრებულია ჩვენთვის. ამ დროს წმინდა დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის ძალისხმევითა და ღვაწლით საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან და იყო დამოუკიდებელი XIX საუკუნის დასაწყისამდე. 1811 წელს ერეკლეს ძე, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II გაიწვიეს საქართველოდან და ჩვენს ეკლესიაში დადგინდა ეგზარქოსი, რომელიც დაემორჩილა რუსეთის უწმინდეს სინოდს. ასე გრძელდებოდა 106 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს ეკლესიას 19 ეგზარქოსი მართავდა და მათგან პირველი მათგანი იყო ეროვნებით ქართველი. ჩვენს ერში არასდროს ჩამქრალა სურვილი ავტოკეფალიის აღდგენისა. და აი, 1917 წელს ჩვენმა დიდმა მღვდელმთავარმა ლეონიდე ოქროპირიძემ, რომელიც იმ დროს გურიისა და ოდიშის ეპისკოპოსი ბრძანდებოდა, მოინვია კრება სვეტიცხოველში და იქ გამოაცხადეს, რომ, ღვთის მადლით, აღდგენილია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქად დადგინდა უწმინდესი და უნეტარესი კირიონი (საძაგლიშვილი).

დღეს ჩვენ ვდღესასნაულობთ ავტოკეფალიის აღდგენას. ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში და არა მარტო ეკლესიის, არამედ ერის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში; ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს ეკლესიაზე და ამიტომ ეკლესიის დამოუკიდებლობა მუდამ წინ უსწრებდა ერის და ქვეყნის დამოუკიდებლობას.

დღეს ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და ეს მძიმე ღვანლი გასწიეს.

ღმერთმა დალოცოს სააქართველო, საქართველოს ეკლესია და ჩვენი ავტოკეფალია, ამინ.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღვთის წყალობა და მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11, 2008 წ.