უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება წმინდა ნინოს დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 იანვარი, 2008 წ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი და ჩვენთან ერთად ჩვენი მასმედიაც, უპირველეს ყოვლისა,
უნდა ვფიქრობდეთ სამშობლოზე, უნდა ვფიქრობდეთ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება დღეს
ჩვენს ქვეყანას, ქართველ ერს და სწორედ აქეთკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ნინოობას! წმინდა ნინოს ლოცვა და მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ნინოობა - ეს არის ჩვენი დიდი საეკლესიო და საერო დღესასწაული. წმინდა ნინო ბრძანდება გამორჩეული წმინდანთა შორის. წმინდა ნინომ შეცვალა ქართველი ადამიანი და სრულიად საქართველო. როგორ შეძლო ამ ნორჩმა ქალწულმა, ჯერ კიდევ ბავშვმა, ჩამოსვლა და ქრისტეს სჯულის ქადაგება შორეულ საქართველოში? მან გამოიარა მძიმე გზა და ბევრი განსაცდელი. მისი ცხოვრებიდან, თქვენ იცით, რომ სომხეთში აწამეს მისი თანმხლები ორი ქალწული - რიფსიმე და გაიანე, და მიუხედავად ამ საშინელი და მძიმე განსაცდელისა, მან მაინც განაგრძო გზა და შემოვიდა საქართველოში. რა აძლევდა მას ასეთ ძალას? იგი სავსე იყო ღვთის მადლით, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. სწორედ ამ მადლმა ჰყო ეს სასწაული - მოაქცია დედოფალი ნანა, მეფე მირიანი და მთელი ქართველი ერი.

ვფიქრობ, და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ წმინდა ნინო დღესაც აგრძელებს თავის მისიას: წმინდა ნინოს ლოცვით დღესაც ხდება მოქცევა საქართველოსი, ქართველი ერისა.

როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან უცხოელი სტუმრები, მსოფლიოს ეკლესიების იერარქები, ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ისეთი მორწმუნე და მოსიყვარულე მრევლი, როგორიც საქართველოშია, მათ სხვაგან არსად უნახავთ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ განსაკუთრებული მადლი ტრიალებს საქართველოში. მადლობა უფალს! მაგრამ, ამასთან ერთად, ბრძოლაც მეტია და - პასუხისმგებლობაც. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც მეტ მადლს ანიჭებს უფალი, მას პასუხისმგებლობაც მეტიდ ეკისრება შემოქმედის წინაშე და უფრო მეტიც მოეკითხება.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. დღეს ადამიანები ფიქრობენ არა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებზე, არამედ მარტოოდენ საკუთარ უფლებებზე. თქვენ რომ გადახედოთ პრესას, რადიოს, ტელევიზიას, ყველგან საუბარია იმაზე, თუ რა უფლებებით უნდა სარგებლობდეს ადამიანი, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვების უფლებები და ა.შ. ამასთან ნაკლებად ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ უფლებები, ცხადია, კარგია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე, სამშობლოს წინაშე, ოჯახისა და ბოლოს საკუთარი უკვდავი სულის წინაშე. აი, ამაზე გვმართებს უფრო მეტი ფიქრი.

დღეს ასევე ხშირად საუბარია მასმედიის თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა, მასმედია უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ამასთან, მას უნდა ახსოვდეს პასუხისმგებლობაც. დღეს ჩვენი მასმედიის საშუალებებით უმეტესწილად ვრცელდება მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია: ასახულია ძალადობა, მკვლელობა და ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე, მით უფრო, როდესაც ნაკლებად შუქდება დადებითი მოვლენები და თითქმის ვერ ვხედავთ ვერაფერ სასიკეთოს, რომელსაც ასევე უთუოდ აკეთებენ ადამიანები. მე ამის შესახებ მისაუბრია ჩვენს ჟურნალისტებთან. როდესაც მე მათ ვკითხე, თუ, რატომ ხდება, რომ უმთავრესად ნეგატიური მოვლენები შუქდება, მიპასუხეს, ხალხისთვის ცუდი უფრო საინტერესოა, ვიდრე კარგიო. თუ ეს მართლა ასეა, ეს იმის შესახებ მეტყველებს, რომ რაღაც უარყოფითი პროცესები მიმდინარეობს. განა ნორმალურია, რომ ადამიანს უფრო მეტად მოსწონდეს ცუდი, ვიდრე კარგი?

ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი და ჩვენთან ერთად ჩვენი მასმედიაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვფიქრობდეთ სამშობლოზე, უნდა ვფიქრობდეთ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ერს და სწორედ აქეთკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება.

საღმრთო წერილში ვკითხულობთ: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. არიან ადამიანები, რომლებიც სთესენ ღვარძლს, იქმან ბოროტებას. არიან ადამიანები, რომლებიც განიკითხავენ სხვებს და ამ დროს ვერ ხედავენ საკუთარ ცოდვებს. მაგრამ, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, მხოლოდ თავის ნაკლს ხედავენ და ცდილობენ, არ განიკითხონ მოყვასი თვისი, - აკეთებენ სიკეთეს, ეხმარებიან გაჭირვებულებს და ა.შ. აი, ასე განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან. უნდა ვიცოდეთ, რომ ორივე ტიპის ადამიანები აგროვებენ თავიანთ საუნჯეებს - ერთნი სიკეთეს, მეორენი - ბოროტებას: ვინც სიკეთის მთესველია - კეთილს იუნჯებს, ბოროტისმოქმედი კი ბოროტებას განამრავლებს თავისდა საუბედუროდ და დასაღუპად. ყველამ უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე გავამრავლოთ და ეს სიკეთე ჩვენვე დაგვიბრუნდება.

ერთ-ერთი მცნება გვმოძღვრავს: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. არაერთხელ მიმიქცევია თქვენი ყურადღება იმაზე, თუ რა ურთიერთდამოკიდებულება უნდა გქონდეთ მშობლებთან. მშობლების დალოცვა - ღვთის ლოცვა-კურთხევაა. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის ისიც - დილას რომ ადგებით, მოწესრიგდებით და ხელ-პირს დაიბანთ, - უნდა მიხვიდეთ მშობლებთან, სთხოვოთ მათ დალოცვა და ხელზე უნდა ემთხვიოთ. ვფიქრობ, ჩემი დარიგება ბევრს უკვე გადაავიწყდა, ამიტომ მინდა, შეგახსენოთ.

დღეს არის დიდი დღესასწაული ქართველი ერისთვის. წმინდა ნინომ უხვად მოგვივლინა თავისი მადლი. დღეს ჩვენთან ერთად სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მოძღვარი - მამა მიქაელ ფოფხაძე, რომელსაც ქართველი ერი კარგად იცნობს რადიო-ფსევდონიმით ლუკა ბეთანელი. ბევრ სიკეთეს სთესავთ თქვენ, მამა მიქაელ და ჩვენ მადლობას გიძღვნით იმ დიდი საქმისთვის, რასაც თქვენ უცხოეთში მყოფი ქართველებისათვის აკეთებთ. ამასთან ერთად, თქვენ ბრძანდებით სასულიერო პირი და სულიერ საზრდოსაც აძლევთ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მთავარი თქვენი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ თქვენს მრევლს უქადაგოთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველანი უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში.

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მამა მიქაელ ფოფხაძე დაჯილდოვდეს გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით. გილოცავთ ამ მაღალ ჯილდოს ჩვენი მრევლისა და ჩვენი ეკლესიის სახელით! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

მოხარულნი ვართ, რომ დღეს ჩვენთან ასევე სტუმრად ბრძანდება კიეველი მოძღვარი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჩვენს დღევანდელ საზეიმო მსახურებაში. იგი ბრძანდება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, უნეტარესი ვლადიმერის წარმომადგენელი. ღმერთმა დალოცოს მეუფე ვლადიმერი და ჩვენი სტუმარი.

დღეს დიდი დღეა - წმინდა ნინოს მადლიანი დღესასწაულია. ამ სასიხარულო დღემ შეგკრიბათ თქვენ ასეთი სიმრავლით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში. დღეს ჩვენ აქ გვლოცავს თავად წმინდა ნინო: იგი დღეს ლოცავს ყოვლადწმიწდა სამების სახელობის ტაძარს და იმედი გვაქვს, რომ წმინდა ნინო ლოცავს მთელს საქართველოს, ქართველ ერს.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენგანმა მოიპოვოს სულიერი საუნჯე - სიკეთე, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება და მაშინ ქართველი ხალხი იქნება ბედნიერი.

ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №3, 2008 წ.