უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი, 2008 წ.

„სიმართლე ჩვენთანაა, ე.ი. ღვთის მადლიც ჩვენთანაა და მჯერა, აფხაზები, ოსები და სხვებიც იგრძნობენ ამას!“

სახელითა მაძისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ დღეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც IV საუკუნეში დაწესდა და მისი დამაარსებლები ბრძანდებიან იმპერატორი კონსტანტინე დიდი და მისი დედა - დედოფალი ელენე.

დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ჯვრის მნიშვნელობაზე. ჯვარს აქვს უდიდესი ძალა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეშმაკს ყველაფრის სახის მიღება შეუძლია, გარდა ღვთისმშობლისა და ჯვარისა. რა არის ჯვარი ჩვენს ცხოვრებაში? ჯვარი იყო სასჯელის იარაღი და მაცხოვრის ჯვარცმით იქცა ხსნისა და ცხონების იარაღად. ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა გამოსახოს. უპირველეს ყოვლისა, მისი სწრაფვა უნდა იყოს ღვთისაკენ - ეს არის ვერტიკალური სულიერი ძელი; მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი, - აქვე უნდა იყოს ჰორიზონტალი სულიერი ძელიც - სწრაფვა ადამიანებისკენ. ეს ვერტიკალი და ჰორიზონტალი ერთობაში გამოსახავს სულიერ ჯვარს ჩვენი ცხოვრებითა და მოღვაწეობით. და აი, ამგვარად, ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ჩვენივე სულიერი ჯვარი. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც თავის ჯვარს ბოლომდე მიიტანს და გახდება მკვიდრი სასუფეველისა. ხშირად ვამბობთ, რომ მძიმეა ჩვენი ჯვარი. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, თუ რა ძალა გააჩნია ადამიანს. და თუ შენ გიმძიმს ჯვრის ტვირთვა, უფალი თავად მოდის შენთან და გეხმარება, რათა ავდგეთ და განვაგრძოა ჩვენს გზაზე ჩვენი ჯვრით სვლა.

დღეს - დღესასწაულიცაა და მწუხარების დღეც. დღეს არის დღესასწაული ჯვრის დიდების, ჯვრის თაყვანისცემისა, მაგრამ ამასთან ერთად, არის ჩვენი მწუხარების დღეც, - სოხუმის დაცემის დღე. დღეს ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლოთ აფხაზეთს. ხშირად ბევრი შეცდომით ამბობს: „ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლო, დავკარგეთ აფხაზეთი“. ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს! ეს არც გონებაში და არც გულში არ უნდა გავივლოთ! ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიებს და ღვთის მადლით, ღვთის ძალით, მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ საქართველოს შემადგენლობაში იქნება და ჩვენ აღვნიშნავთ არა სოხუმის დაცემის დღეს, არამედ ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის აღდგენისა და გამთლიანების დღეს! ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მწუხარება, რომელნიც აღიზარდნენ სოხუმში, აფხაზეთში. ეს მწუხარება ჩემიცაა, მე ხომ 11 წელი ვიყავი აფხაზეთის და სოხუმის მიტროპოლიტი და როგორი სითბო, როგორი სიყვარული სუფევდა ჩვენ შორის! მახსენდება, მიწვევდნენ აფხაზები თავის ოჯახებში, ვლოცავდი მათ შვილებს. მე დღესაც ვლოცავ აფხაზებს, ოსებს, მაშვილებს და სხვათაც, - ისინი ხომ ჩვენი სულიერი შვილებია! ბედნიერი ერი ვართ ჩვენ, ქართველები, რომ არავის სიძულვილი არ გვახასიათებს. არც დღეს, ამ ომის შემდეგ არ გვაქვს არც აფხაზების, არც რუსების, არც ოსების, არც სხვების სიძულვილი. ჩვენი ახალგაზრდები ასრულებენ აფხაზურსა და ოსურ სიმღერებს იმ დროს, როცა იქ, აფხაზებსა და ოსებს შორის, ინერგება ქართველებისადმი სიძულვილი. მე მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ჩვენთანაა, ე.ი. ღვთის მადლიც ჩვენთანაა და მჯერა, აფხაზები, ოსები და სხვებიც იგრძნობენ ამას. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ აფხაზების გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს წიაღში ყოფნით. ეს უნდა ახსოვდეთ მათ, უნდა გააცნობიერონ კარგად, რომ ისინი მხოლოდ საქართვბელოში გადარჩებიან. თუ ეს არ მოხდა, აფხაზეთი იქნება და აფხაზები აღარ იქნებიან, სამწუხაროდ.

ღმერთმა ძალა მოგვცეს! ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება! ღმერთმა გახსნას გონება რუსთა და ქართველთა. დარწმუნებული ვარ, მტრობას, რომელიც აქტიურად ინერგება საქართველოსა და რუსეთს შორის, - არ აქვს მომავალი; შეუძლებელია, რომ ორ მართლმადიდებელ ერს შორის იყოს მტრობა.

„უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“ შევთხოვ უფალს, რომ ჩვენი ერი და ასევე აფხაზები, რუსები, ოსები - ყველანი ვიყოთ ერი ღვთისა! და ვინც იქნება ღმერთთან, სიძულვილი არ იქნება მათში, არამედ იქნება სიყვარული, რაც გადაგვარჩენს ჩვენ ყველას ერთად!

ახლა შევასრულებთ პანაშვიდს იმ ადამიანების სულის საცხოვნებლად, რომლებიც დაეცნენ სოხუმში, აფხაზეთში, სამაჩაბლომი და მთელ საქართველოში. განსაკუთრებით მინდა დავლოცო ჟიული შარტავას უკვდავი სული. დღეს არის მისი გარდაცვალების დღე და მინდა გითხრათ, რომ - ეს იყო განსაკუთრებული პიროვნება, რომელმაც თავი შეწირა სამშობლოს და ღმერთს. როცა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და ხელისუფლების წარმომადგენლები სოხუმში ჩავიდნენ და ჟიული შარტავას შეხვდნენ, მან აღაპყრო ხელები ზეცას და თქვა: „ღმერთო, მე დამსაე და სამშობლო გადაარჩინე!“ უფალმა შეიწირა მისი მსხვერპლი!

მინდა, ყველამ იცოღეთ, მისი დახვრეტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მე მივიღე წერილი რუსეთიდან, სრულიად უცნობი პიროვნებისგან. წერილიდან ჩანდა, რომ იგი რუსი ეროვნების ადამიანი არ იყო, რაზეც მისი ნაწერი მეტყველებდა. ის ამბობდა: „მე ვესწრებოდი ჟიულის დახვრეტას და არ ვიცოდი, ვინ იყო ეს ადამიანი. საგანგებოდ ვიკითხე და მითხრეს, რომ ეს არის ჟიული შარტავა. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ასეთი შვილები ჰყავს საქართველოს!“

და ჩვენ ვამაყობთ ღვთისა და სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი შვილებით!

ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს სულნი მიცვალებულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა, ბრძოლის ველზე მომწყდართა და საქართველოში თავდადებულთა.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და მათი ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენ აუცილებლად მალე ვიზეიმებთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34, 2008 წ.