უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 დეკემბერი, 2008 წ.

„...მოდის ახალი წელი და ჩვენ მას ღირსეულად, შემართებით, სულიერი ძალის მოკრებით,
იმედით, რწმენით, სიყვარულითა და შენდობით უნდა შევხვდეთ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის მადლით მიიწურა ეს წელიწადიც და უკვე ველოდებით ახალი წლის შემოსვლას. მუდამ იმედით ხვდება ადამიანი ყოველ ახალ წელს. ამ დროს გვმართებს ფიქრი, თუ რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ ამჟამად და რა უნდა ვაკეთოთ მომავალში. ამ წლის მიწურულს, თითქოს, ნათელი დაინახა ქართველმა ადამიანმა და იმედი გაჩნდა იმისა, რომ ის მძიმე პრობლემები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე წარმოიშვა, შესაძლოა, მომავალში გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთის ნებაა და მისი უზენაესი განგება.

ერთი პოეტი ამბობს, რომ ყოველ შემთხვევას აქვს მეორე სახელი - ეს არის ბედი. რა არის ბედი და რა არის ბედნიერება? ხშირად ადამიანი ფიქრობს თავისი ბედის შესახებ და ცდილობს, გამოასწოროს თავისი ცხოვრება. ადამიანის ბედი, მისი ცხოვრების გზა, ცხადია, თავად ადამიანსა და მის პირად არჩევანზეა დამოკიდებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყოველივე დამოკიდებულია ღმერთზე. ბიბლიის ერთ წიგნში უფალი წინასწარმეტყველს ეუბნება: ჯერ კიდევ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როდესაც უკვე გიცნობდი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლისათვის არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი; ყველაფერი აწმყოა და არაფერია დაფარული მის თვალთაგან. ღმერთი ჭვრეტს, თუ რას მოიმოქმედებს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ ვითარებაში, როგორი იქნება მისი არჩევანი და ამის მიხედვით განაგებს მისი ცხოვრების გზას, რომ სიკეთისკენ წარმართოს იგი; - ხალხში ამაზე ამბობენ: ბედი იწერებაო.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს თავის ბედზე, თავის-წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ხშირად ჩვენ ერთმანეთს ბედნიერებას ვუსურვებთ. მაინც, რაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედნიერება? უპირველეს ყოვლისა, ღვთის განგებაზე. ცოდვა და მადლი გადადის თაობიდან თაობაზე. ზოგიერთი იმდენად დამძიმებულია ცოდვით, რომ იგი ტვირთად აწვება მის შვილებსა და შვილთაშვილებს. და თუმცა შვილები არ აგებენ პასუხს ღვთის წინაშე მშობლების შეცოდებებზე, მაგრამ მათ ცხოვრებაში უმრავლდებათ განსაცდელი, რადგან, მშობლების მსგავსად, ისინიც მიდრეკილნი არიან ამ ვნებებისკენ.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს, რომ მისი ამქვეყნიური ცხოვრება არ მძიმე ტვირთად არ იქცეს? საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის გამოცდა. იობის წიგნში მართალი იობი ეკითხება უფალს: გამოცდა ხომ არ არის ჩვენი ცხოვრება დედამიწაზეო? მართლაც, გამოცდაა. ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ ბედნიერების გასაღები, უნდა ვეძიოთ გზები, რომელზე დადგომითაც ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი. ამ კითხვაზე პასუხი წერია ღვთის მცნებებში: „პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. „კეთილი გეყოს შენ“ - ეს ნიშნავს, რომ ბედნიერი იყო. აი, რა სიკეთე მოაქვს მშობლების პატივისცემას. თუმცა, როდესაც უფალი ბრძანებს: „პატივიეც მამასა და დედასა შენსა...“, აქ იგულისხმებიან არა მარტო მშობლები, არამედ - უფროსი თაობა.

დღეს თითქმის გაწყვეტილია კავშირი თაობათა შორის. დღეს ამპარტავნებამ შეიპყრო ახალგაზრდობა. მათ ჰგონიათ, რომ თანამედროვე მეცნიერება და ტექნიკა, უახლესი კომპიუტერები და უკანასკნელი უდიდესი სამეცნიერო მიღწევები აცხოვნებს ადამიანს. ეს ასე არ არის, პირიქით, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაამძიმოს ადამიანი, თუკი იგი ივიწყებს სულიერს და არ მისდევს მას. ამ სულიერი საუნჯის მატარებელი კი უფროსი თაობაა, რომელიც მას ახალ თაობას გადასცემს. ამიტომ არ უნდა დაირღვეს კავშირი თაობათა შორის.

ალბათ, მიგიქცევიათ ყურადღება ჩვენი საეკლესიო დროშისთვის, რომელზეც ჯვრის გასწვრივ ლურჯი ზოლი გასდევს, რომელიც ზოგან ვიწროა, ზოგან ფართოვდება. ფართო ზოლი ნიშანია უფროსი თაობისა, ხოლო ვიწრო ზოლი კი ახალგაზრდობას განასახიერებს. და ეს ზოლი უვლის მთელ ჯვარს. ჯვარი არის ეკლესიის სიმბოლო. ანუ ამ დროშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიამ უნდა გაამთლიანოს თაობები, მშობლები და შვილები. ამიტომ, ვისაც სურს, იყოს ბედნიერი (და ეს ყველას სურს), - უნდა იყოს განსაკუთრებული პატივისმცემელი თავისი მშობლებისა და უფროსი თაობისა, რათა კეთილი ეყოს მას და „დღეგრძელი იყოს ქვეყანასა ზედა“.

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ყოველდღე უნდა დაალოცინოთ თქვენს მშობლებს თავი, ყოველ დილას თავმდაბლად მიხვიდეთ მათთან და კურთხევა სთხოვოთ. ლოცვა-კურთხევას რომ მიიღებთ, ხელზე ემთხვიეთ, როგორც მოძღვარს ემთხვევით ხოლმე. ბიბლიაში წერია, რომ მშობლის კურთხევა არის კურთხევა ღვთისა!

ზოგიერთი იტყვის: მე არ ვიცოდი და ამიტომ არ ვაკეთებდი ამას თავის დროზე, ახლა კი ჩემი მშობლები უკვე გარდაცვლილები არიანო. სიკვდილი არ არსებობს, არის გარდაცვალება. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გარდაცვლილი მშობლები ისევე ახლოს არიან ჩვენთან, როგორც ეს იყო მათი სიცოცხლის დროს და შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც, იმიტომ რომ მათ აქვთ საშუალება, უფლის წინაშე წარდგნენ და ილოცონ ჩვენთვის. არსებობს სულთა კავშირი; ეს განსაკუთრებით ცხადია მშობლებსა და შვილებს შორის. ამიტომ, ვისაც მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, პატივი უნდა მიაგონ მათ მოხსენიებით, საკურთხით, პანაშვიდით.

მითქვამს თქვენთვის და მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ: ჩემს ოთახში მაქვს ჩემი გარდაცვლილი მშობლების სურათი და მასთან მუდამ რაღაცას ვდებ ხოლმე - ან შოკოლადს, ან სხვა ტკბილეულს, ან ხილს და შემდეგ ამას სხვებისთვის გავცემ და ვთხოვ, რომ მოიხსენიონ ჩემი მშობლები. მინდა გითხრათ, რომ ვგრძნობ, თუ როგორ უხარიათ მათ ასეთი დამოკიდებულება. ამიტომ გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ.

დღეს ყოველივე ამას იმიტომ გახსენებთ, რომ მოდის ახალი წელი და ჩვენ მას ღირსეულად, შემართებით, სულიერი ძალის მოკრებით, იმედით, რწმენით, სიყვარულითა და შენდობით უნდა შევხვდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

ხშირად მეკითხებიან, თუ როდის უნდა ვიზეიმოთ ახალი წელი, როგორ არის უფრო სწორი ახალი წლის აღნიშვნა ძველით, თუ ახალი სტილით. მინდა გითხრათ, რომ ახალი წელი - ეს სამოქალაქო დღესასწაულია. მისი აღნიშვნის დრო მუდამ იცვლებოდა, სხვადასხვა საუკუნეში იგი სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავბრკოლდეთ ამ საკითხით.

მთავარია, ვუსურვოთ ერთმანეთს ყოველივე კეთილი. გახსოვდეთ, სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ უსურვეთ ერთმანეთს სიკეთე და ბედნიერება და ყოველივე ამას ღმერთი თქვენც გამოგიგზავნით.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45, 2008 წ.