უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ანჩისხატობის დღესასწაულზე

ანჩისხატის ტაძარი, 29 აგვისტო, 2008 წ.

„მჯერა, განსაცდელი, რომელიც უფალმა მოგვივლინა, სიხარულით და მშვიდობით შეიცვლება,
მაგრამ ამისთვის საჭიროა ჩვენი ლოცვა, ჩვენი დაუღალავი ვედრება და აუცილებელია, გვქონდეს იმედი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები!

უფალი ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ“; და „სადაც ორი ან სამი არიან შეკრებილნი ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის“. ამიტომ ჩვენ გვწამს, რომ დღეს უფალი ისმენს ჩვენს ვედრებას და ახლა უფალი ჩვენს შორისაა.

მჯერა, განსაცდელი, რომელიც უფალმა მოგვივლინა, სიხარულით და მშვიდობით შეიცვლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ჩვენი ლოცვა, ჩვენი დაუღალავი ვედრება და აუცილებელია, გვქონდეს იმედი! რწმენა, სასოება და სიყვარული - აი, ის სამი სათნოება, რომელიც გადაგვარჩენს ჩვენ!

ახლა ჩვენ ვიყავით მუზეუმში, სანთელი დავანთეთ ანჩისხატის ნინ და ვემთხვიეთ ხატს. მისი მადლი და ლოცვა შეგვწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

მინდა გახაროთ ერთი კარგი ამბავი. თქვენ იცით, რომ ფოთში ტყვედ იყვნენ აყვანილი ქართველი სამხედროები, რომელთა ნაწილიც გაათავისუფლეს. დღეს გათავისუფლდნენ დანარჩენებიც და ისინი სამ საათზე ჩვენთან, საპატრიარქოში მოდიან და შინ ცოცხლები და საღ-სალამათები დაბრუნდებიან!

ეს დღესასწაული მინდა იმით აღვნიშნო, რომ ამ ტაძრის ორი მოძღვარი - დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი და დეკანოზი მიქაელ ღვალაძე დავაჯილდოვო გამშვენებული ჯვრებით.

მრავალს დაესწარით მშვიდობით და სიხარულით!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2008 წ.