უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ანჩისხატის საპატრიარქო ტაძარი, 31 აგვისტო, 2008 წ.

„7-გზის ლოცვით ასობით, ათასობით და მილიონობით ადამიანი გაერთიანდება
და ამიტომ უფალი იქნება ჩვენ შორის. და შეგვეძლება თქმა: „უფალი ჩვენთანაა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და ნმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“

როდესაც ჩვეულებისამებრ ერთმანეთს მოვიკითხავთ, ვსმავთ კითხვას: „როგორ ხარ?“. როგორია დღეს ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე? თუ ვიტყვით - „კარგად ვარ“, - არ იქნება სწორი, თუ ვუპასუხებთ, - „ცუდად ვარ“, - არც ეს იქნება სწორი. ალბათ, ყველაზე მართებულია ვთქვათ: „როგორც ღმერთს ნებავს, ისე ვარ“. საქართველოც ისეა, როგორც ღმერთს ნებავს. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ღმერთს მუდამ სიკეთე ნებავს ადამიანისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამიტომ, როცა ღვთისგან განსაცდელი - სიხარული თუ მწუხარება მოდის, უნდა გვესმოდეს, რომ ყოველივე მხოლოდ ჩვენდა სასიკეთოდ ხდება, და ჩვენ ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს.

როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი საქართველოში გადმოასახლეს და უკვე დაუძლურებული იყო, ვასილისკოს წყაროსთან უკანასკნელი წირვა შეასრულა და თქვა: „დიდება ღმერთსა ყველაფრისათვის“. ჩვენც დიდებასა და მადლობას შევწირავთ უფალს იმ განსაცდელისათვის, სიხარულისა თუ მწუხარებისთვის, რომელსაც უფალი გვიგზავნის.

ადამიანის ბედნიერება ორი ფაქტორისაგან შედგება: უპირველს ყოვლისა, ეს არის ნება ღვთისა, სიყვარული და მადლი ღვთისა და მეორე ძალა - ეს არის ადამიანის ენერგია, მისი თავისუფალი ნება და სულისკვეთება. როდესაც ეს ორი ძალა ერთმანეთს შორდება, - ამ შემთხევაში ადამიანი ცუდადაა; მაგრამ თუკი ეს ორი ძალა - ღვთის ნება და ადამიანის ნება ერთმანეთს უახლოვდება, ადამიანი ბედნიერია. შევთხოვთ უფალს, მუდამ იყოს ჩვენში სინერგია - სიახლოვე ღვთისა და ადამიანის ენერგიისა.

რა განსაცდელიც არ უნდა იყოს მოვლენილი, - არასდროს უნდა დავკარგოთ სამი უმთარესი სათნოება: ეს არის რწმენა ანუ მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება. ეს მუდამ უნდა ახლდეს ადამიანს და ვინც ამას არ დაჰკარგავს, მუდამ ბედნიერი იქნება.

დღეს განსაცდელშია საქართველო. ამბობენ, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასე არც უნდა ვიფიქროთ და არც ვილაპარაკოთ, საქართველოს ამ ძირძველ მიწა-წყალს უბრალოდ დროებით ვერ ვაკონტროლებთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო მუდამ იყო და კვლავაც დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. ასეა ნება ღვთისა და მადლობას ვწირავთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ოღონდ ჩვენ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ამისთვის ლოცვა.

თქვენ იცით, რომ ეგვიპტე არის აკვანი ბერობისა. ბერობა წარმოიშვა ეგვიპტის უდაბნოებში, სადაც მოღვაწეობდა ასობით და ათასობით მეუდაბნოე. მათ შორის იყვნენ ისეთი მოღვაწენი, როგორიცაა ანტონი დიდი, პავლე თებეიდელი, პახუმი დიდი, მაკარი დიდი და მრავალი სხვა. ეგვიპტეში დღესაც იგრძნობა ეს მადლი ღვთისა, რაც მეც განვიცადე იქ ყოფნისას. ეგვიპტე სრულიად დაპყრობილია მუსლიმების მიერ, მაგრამ მადლი მაინც სუფევს ამ ქვეყანაში. ისინი დღეში 5-გზის აღავლენდნენ ერთობლივ ლოცვებს. სწორედ იქ, ამის მნახველს, გამიჩნდა სურვილი, მომეძია, საიდან იღებს სათაგეს ეს ტრადიცია და ხომ არ არის იგი უძველესი წესი. საქართველოში ჩამოსვლისას 118-ე ფსალმუნში მოვძებნე, რომ წერია: „7-გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო“. ეს იმას ნიშნავს, რომ 7-გზის ლოცვა არის უფლის მიერ კურთხეული და აღვადგინეთ იგი.

არც ერთმა თქვენგანმა არ უნდა გამოტოვოთ ლოცვის ეს წესი, - ყველამ უნდა იქონიოთ 7-გზის ლოცვა და როცა მოდის მითითებული დრო, ყველაფერი უნდა გადადოთ და წაიკითხოთ ლოცვა. ამ დროს ერთიანედება სრულიად საქართველო, ამ დროს ერთიანდება მთელი ერი! უფალი ბრძანებს: სადაც ერთი ან ორი ადამიანი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის“ აქ კი 7-გზის ლოცვით ასობით, ათასობით და მილიონობით ადამიანი გაერთიანდება და ამიტომ უფალი იქნება ჩვენ შორის. და შეგვეძლება თქმა: „უფალი ჩვენთანაა!“ და მაშინ უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ლოცვას.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან წმინდა სამების ტაძარში საღამოს 7 საათზე, ყოველდღე შესრულდება ყოვლადწშანდა სამების პარაკლისი და ჯვრითა და ხატებით შემოვუვლით ხოლმე ლოცვით ტაძარს. პირველი ასეთი პარაკლისი დღეს აღევლინება, რომელსაც ამჯერად მე თვითონ შევასრულებ. შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიიღოთ ამ ლოცვით დიდი მადლი.

ასევე გამოცხადებულია, რომ საქართველოში და მთელ მსოფლიოში ხვალ, 3 საათზე, იკრიბება ხალხი ქუჩაში, ხელიხელჩაკიდებულნი ჯაჭვს გააბამენ და წარმოთქვამენ ლოცვას.

ეს არის სოლიდარობის, თანადგომის გამოხატულება. ერთად ვილოცოთ საქართველოსთვის!

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, მონაწილეობა მიიღოთ ამ შეკრებაში. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, მარტო ადამიანების ცოცხალი ჯაჭვი საკმარისი არაა, - ეს ლოცვით უნდა შესრულდეს. ამ დროს განსაკუთრებით უნდა წავიკითხთთ საუფლო ლოცვა - „მამაო ჩვენო“ და ღვთისმშობლის სავედრებელი - „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო“. დედა ღვთისმშობლის ამ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, მას არაერთხელ გადაურჩენია ქართველი ერი და ეს წერია „ქართლის ცხოვრებაში“.

ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა იმედი და მადლი მოგანიჭოთ! ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში რწმენა, განამტკიცოს სიყვარული და ინებოს უფალმა, რომ საქართველო გათავისუფლდეს ხილული და უხილავი მტრებისგან, ამინ!

ჯვარი გეწეროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე და მის დასასრულს, 19:00 საათზე ლოცვას მიებმება პარაკლისი.

ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2008 წ.