უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის

მისასალმებელი სიტყვა საპატრიარქო რეზიდენციაში, ალექსანდრიისა და
სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, უნეტარესი თეოდორე II-ისადმი

„საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ორ ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის იყოს ძმობა და მეგობრობა“

თქვენო უნეტარესობავ, პაპო და პატრიარქო ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა, თეოდორე,

გულითადად მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქოს სახელით თქვენ და თქვენს თანმხლებ პირებს. დღეს არის ისტორიული და მეტად სასიხარულო დღე, რადგან ეს არის ალექსანდრიის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს ეკლესიაში. ჩვენი ორი ეკლესია არის უძველესი ეკლესია და დაარსებულია მოციქულების მიერ.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ღვაწლს, რომელიც მსოფლიო ეკლესიის საქმეში შეიტანა ალექსანდრიის ეკლესიამ. თუნდაც, გავიხსენოთ ისეთი წმინდა მღვდელმთავრები, როგორებიც იყვნენ ათანასე დიდი, კირილე ალქსანდრიელი და სხვა.

მეტად დიდია მსოფლიოს წინაშე ღვაწლი ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა, ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლისა; მეტად მნიშვნელოვანია კლიმენტი ალექსანდრიელის ღვაწლი.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ორ ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის იყო ძმობა და მეგობრობა. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი განსაკუთრებული გულთბილი ურთიერთობა, რომელიც დაიწყო მისი უნეტარესობის ნიკოლოზ VI-ის დროს და ტრადიციად იქცა მის შემდგომაც. ახლა ჩვენ წინაშე დევს ქვა, რომელიც დღეს აქ საგანგებოდ გამოვატანინე. ეს არის საჩუქარი ნიკოლოზ VI-ისა, რომელიც მან მაშინ მისახსოვრა, როცა ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზვთის მიტროპოლიტი ვიყავი.

მახსენდება ის ბედნიერი დღე, როცა გავიცანი მისი უნეტარესობა ნიკოლოზ VI. იმჟამად იგი სოჭში ისვენებდა; მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, რომ უნეტარეს ნიკოლოზ VI-ს სურს სოხუმში ჩამოსვლა და თქვენი ტაძრების მოლოცვაო. მაშინვე დავუკავშირდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას დავით V-ს, მაგრამ მან ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სოხუმში ჩამოსვლა და მე დამაკისრა მისი უნეტარესობის ნიკოლოზ VI-ის დახვედრა და მასპინძლობა. ეს იყო საოცარი შეხვედრა. მთელი სოხუმი ხვდებოდა მის უნეტარესობას და მე ვხედავდი, რამდენად ახარებდა მას ასეთი გულთბილი დახვედრა. იგი ცრემლს ვერ იკავებდა. ჩაწერილი მაქვს და ინახება ჩვენს არქივში მასთან შეხვედრები, მისი სიტყვები. უნეტარესი ნიკოლოზი იმდენად გახარებული იყო ჩვენი შეხვედრით, რომ გამოთქვა სურვილი, მასთან ერთად გავმგზავრებულიყავი სოჭში. ასე განაცხადა: იმ შემთხვევაში დავბრუნდები სოჭში, თუ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიც ჩვენთან ერთად წამოვაო. და ჩვენც, მისი თხოვნით, სოჭში გავემგზავრეთ და იქ ვიმყოფებოდი მანამ, სანამ იგი სამშობლოში არ დაბრუნდა.

აი, ასე დაიწყო ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობა, მეგობრობა ალექსანდრიისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის. მახსენდება კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. უნეტარესი ნიკოლოზი ყაზბეგში მივიპატიჟე, მინდოდა მეჩვენებინა ჩემი მშობლიური მხარე. ჩავედით დარიალის ხეობაში, მივედით ქვეყნის საზღვარზე (ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ხანაში იყო) და იქ ვთხოვე მას, დაელოცა საქართველოს საზღვრები. მან ჩემი თხოვნა შეასრულა და თქვა: ამ საზღვრებს ვერავინ დაარღვევს, იმიტომ რომ მრავალი წმინდა მოწამე ჰყავს საქართველოს ცათა შინა და ისინი იცავენ თქვენს ქვეყანასო. იმის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა საქართველოში მისი უნეტარესობა ნიკოლოზი და ამბობდა, რომ ამგვარად იგი აგრძელებდა მოციქულებრივ სამსახურს.

მე დღეს ვთხოვე მის უნეტარესობას, პაპსა და პატრიარქს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა - თეოდორეს, რომ მანაც გააგრძელოს თავისი მოციქულებრივი სამსახური და ხშირად გვესტუმროს ხოლმე საქართველოში. იმედი მაქვს, რომ მისი უნეტარესობა შეასრულებს ჩვენს თხოვნას.

მისი უნეტარესობა თეოდორე ცნობილია, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე. ჩვენ დიდად ვაფასებთ მის ავტორიტეტს მსოფლიო ეკლესიაში. წლების განმავლობაში იგი ბრძანდებოდა ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი რუსეთის ეკლესიაში და რეზიდენცია ჰქონდა ოდესაში.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენო უნეტარესობავ. ღმერთმა მოგცეთ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ღმერთმა დალოცოს ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქო და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესიების მეგობრობა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27, 2008 წ.