უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 მარტი, 2009 წ.

„...განცდა ცოდვათა და არგანკითხვა - არის ის, რაც სასუფეველში მიგვიყვანს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გასულ კვირას საუბარი გვქონდა ადამიანის შესახებ, თუ რას წარმოადგენს იგი. მართლაც, ადამიანს გააჩნია სამი სახე: ერთი ის, რასაც ჩვენს საკუთარ თავში ვხედავთ, მეორე - რასაც ადამიანები ჩვენში ხედავენ და მესამე - რაც სინამდვილეში ვართ. ამასთან, უნდა გვახსოვდს, რომ დროში ყველაფერი იცვლება და მათ შორის, ადამიანიც. ძველი რომაელები ამბობდნენ. „Tempora mutantur et nos mutamur in illis“ „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. რაში ვამჩნევთ ადამიანს ცვალებადობას? თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: იყავით სრულყოფილები, ვითარცა მამაი ჩვენი ზეცათაი სრულყოფილ არს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. როგორიც არის ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში, რა წესითაც ცხოვრობს, ისევე წარიმართება იგი მარადიულ ცხოვრებაშიც. თუკი ადამიანი ცხოვრებაში მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მარადიულობაშიც სრულყოფილებისკენ სწრაფვას შეინარჩუნებს. მაგრამ თუკი კაცი ეცემა, სულ უფრო განეშორება უფალს, მარადიულობაშიც ასე გაგრძელდება.

ერთი დიდი მეცნიერი ამბობს: „მე არ ვარ ის, რაც ვარ“. აბა, დაუკვირდით, - როგორი ღრმა შინაარსის სიტყვებია. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცი მუდამ იცვლება: ან მაღლა ავა, ან ჯოჯოხეთამდე დაეცემა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება ადამიანს. დიდი მარხვა დაწესებულია სწორედ იმისათვის, რომ ადამიანი სრულყოფილების გზას დაადგეს და ზესვლა შეძლოს.

წმინდა ეფრე ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვთა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ეს ორი რამ - განცდა ცოდვათა და არგანკითხვა - არის ის, რაც სასუფეველში მიგვიყვანს.

ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ, უფალო და საკვრველ არიან საქმენი შენნი“! ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა და მადლი, რომელიც არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. ადამიანი არის ხატება ღვთისა და ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ეს ხატება.

დღეს არის შენდობის კვირა. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევუნდოთ ერთმანეთს.

შეგეხსენებთ, რომ ამ კვირის ოთხ დღეს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ორშაბათს და სამშაბათს მე წავიკითხავ ამ კანონს სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ლოცულობდნენ ჩვენი დიდი პატრიარქები, ხოლო ოთხშაბათს და ხუთშაბათს - ყოვლადწინდა სამების საპატრიარქო ტაძარში. ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება პირველშეწირული წირვები.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღმერთმა ინებოს, რომ მალე ვიხილოთ გამთლიანებული საქართველო! ღმერთს ყველაფერი შეუძლია, ჩვენ მხოლოდ უნდა ვევედროთ მას. უფალი ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ.“

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8, 2009 წ.