უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7 ივნისი, 2009 წ.

„ადამიანმა უნდა განიწმინდოს თავისი სული, გული, გონება და შემდეგ დაიმკვიდრებს მასში სულიწმინდის მადლი“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განსაკუთრებული დღეა - სულთმოფენობის დღესასწაული. და დღესვე ჩვენ აღვასრულებთ მუხლმოდრეკის ლოცვებს.

სულიწმინდის მოფენა - ეს არის წმინდა სამების დღესასწაული. ხშირად ადამიანებს არ ესმით, როგორაა ღმერთი ერთი და, ამავე დროს, ყოვლადწმინდა სამება. წმინდა მამები ასეთ შედარებას აკეთებენ. წარმოვიდგინოთ მზის დისკო, როგორც მამა ღმერთი, ნათელი, რომელიც მზისგან გამოდის - ძე ღვთისა და სითბო, რომელიც მზისგან მომდინარეობს - სულიწმინდა ღმერთი. და მთლიანობაში ეს ყველაფერი ერთი მზეა. აი, ასე შეიძლება წარმოდგინოთ ერთი ღმერთი - ყოვლადწმინდა სამება.

ძალიან თვალსაჩინოდ, სასწაულებრივად წარმოაჩინა ყოვლადწმინდა სამების არსი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელმა ნიკეის პირველ საეკლესიო მსოფლიო კრებაზე. მან აიღო ქვა, მოუჭირა ხელი და უჩვენა დამსწრეთ, თუ როგორ შედგება ერთი ქვა სამი სტიქიისგან - ცეცხლი ავარდა ზემოთ, ძირს დასდინდა წყალი და ხელში ქვიშაღა შერჩა. აი, ასე საოცრად განმარტა ყოვლადწმინდა სამების არსი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელმა.

დღეს ჩვენ ვკითხულობთ ლოცვას, რომელსაც ყველაზე ხშირად წარმოვთქვამთ ხოლმე - „მეუფეო ზეცათაო“. ერთად წარმოვთქვათ ეს ლოცვა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

როგორი ღრმა შინაარსის ლოცვაა! ყურადღება მიაქციეთ ლოცვის სიტყვებს: „რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავეს აღავსებ მადლითა შენითა“, - ანუ ყველასთან არის უფალი, მაგრამ ყოველი ადამიანი ვერ ღებულობს სულიწმინდის მადლს, რაგდან იგი არ არის განწმენდილი და მასში ბოროტებაა. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა განიწმინდოს თავისი სული, გული, თავისი გონება და შემდეგ დაიმკვიდრებს მასში სულიწმინდის მადლი.

შევთხოვ უფალს, ყოვლადწმინდა სამებამ - მამამ, ძემ და სულიწმინდამ - დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო.

ინებოს უფალმა, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცეს, ამინ!

„გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემს, ამინ!“

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2009 წ.