უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 მარტი, 2009 წ.

„განსაკუთრებული ლოცვა გვმართებს, როდესაც ღვთის მადლს ვითხოვთ. ასე უნდა შევევედროთ უფალს:
„შეგვეწიე, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

განვლო ერთმა კვირამ დიდი მარხვისა და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მართლმადიდებლობის ზეიმს. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! მართლმადიდებლობა - ეს არის უდიდესი საუნჯე კაცობრიობისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და დაცულია მისი მადლით.

წმინდა ეკლესიას, რომელიც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მებრძოლი ეკლესია ეწოდება. უფალი ბრძანებს: „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭუნი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ეს სიტყვები იმაზე მოწმობს, რომ ეკლესია მუდამ იბრძვის ადამიანების ცხონებისათვის. „ეკლესია“ - ორი ბერძნული სიტყვისგან არის წარმოებული „ეკ“ და „კლეო“, რაც თარგმანში ნიშნავს - „შორიდან ვუხმობ“. „ეკ“ აღნიშნავს შორს მდგომს, ხოლო „კლეო“ - ვეძახი, ვუხმობ, ანუ ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ ღვთის მიერ და საკუთარი გონებითკი არა, უზენაესის მადლით ვართ აქ მოსულნი, ღვთის განგებითა და ღვთის წყალობით ხმობილნი. 

წმინდა მამები ამბობენ: „ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არ არის მამა“. ეკლესიის გარეშე და მასში აღსრულებული საიდუმლოებების გარეშე შეუძლებელია ადამიანის ცხონება. ეს არის წმინდათა წმინდა ადგილი, სადაც განსაკუთრებული მადლი სუფევს. ყოველი ადამიანი შიშითა და კრძალვით უნდა შევიდეს ეკლესიაში და ითხოვოს წყალობა. განსაკუთრებული ლოცვა გვმართებს, როდესაც ღვთის მადლს ვითხოვთ. ასე უნდა შევევედროთ უფალს: „შეგვეწიე, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“. ამ დროს მთელი ჩვენი გულისხმიერება უნდა მოვიკრიბთრ და ყურადღება ჩვენს თავზე გავამახვილოთ - რამდენად მონანული და განწმენდილი გვაქვს გული, იმ წამს ყოველი სხვა საზრუნავი უნდა დავივიწყოთ და მადლი ღვთისა, „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“ გარდამოვა ღვთისაგან და შეცვლის ადამიანის გონებას, მის სულსა და გულს. სწორედ ამისთვის არის მოწოდებული ეკლესია.

მართლმადიდებელი ეკლესია - ეს სწორედ ის ეკლესიაა, რომელიც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. მასში შეურყვნელად დაცულია ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც მთელს მსოფლიოში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა. მართლმადიდებელ ეკლესიას არაფერი შეუცვლია, არც დაუმატებია და არც მოუკლია ამ მოძღვრებისთვის. ამიტომაა, რომ მთელს მსოფლიოში დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ახსენებდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას. სწორედ მის უდიდეს ავტორიტეტზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ ზოგჯერ მართლმადიდებელ ეკლესიას არქმევენ ისეთ ეკლესიებს, რომლებიც ასეთი არ არის.

მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რომელიც მარად სუფევს ეკლესიაში, შეგეწიოთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას, მთელ ქართველ ხალხს და მკვიდრთ საქართველოისა!

მადლი ღვთისა, რომელიც არის უძლიერესი ყოველთა ძალთა, იყოს მფარველი ჩვენი ერისა, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9, 2009 წ.