უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14 ივნისი, 2009 წ.

„მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, - საქართველოს დიდების ხატი
ყველა ოჯახში იქონიეთ და შეავედრეთ ქართველ წმინდანებს ჩვენი ქვეყანა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“

მართლაც, დიდია უფალი და ეს დიდება ვლინდება ჩვენს ცხოვრებაში, ვლინდება ბუნებაში. რომ დავაკვირდეთ გარემოს, დავინახავთ, რომ იგი საკვირველებითაა აღსავსე. ბევრი რამ არის ბუნებაში ისეთი, რასაც ადამიანის გონება ვერ მიწვდება და ყველაზე დიდი სასწაული ღვთის უმაღლესი ქმნილება - ადამიანია. მე არაერთხელ მიამბია თქვენთვის მსოფლიოში ცნობილ მეცნიერზე, ფიზიოლოგზე - პავლოვზე. ის საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდა და იყო მღვდლის შვილი. კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰკითხა მას ერთხელ: „თქვენ, მსოფლიოში ცნობილი დიდი მეცნიერი, ნუთუ მორწმუნე ხართ?“ და მან მიუგო: „როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, ადამიანი შეიძლება წმინდანიც კი გახდეს, იმდენად ამტკიცებს ეს ღვთის არსებობას!“

დღეს ვდღესასწაულობთ ყოველთა წმინდანთა დღესასწაულს. დღეს ყოველი ჩვენგანს ანგელოზის დღე აქვს და დღესასწაულობს თავისი მფარველი წმინდანის დღეს. გილოცავთ ამ დღესასწაულს თქვენ და სრულიად საქართველოს!

დღეს, წირვის დროს, ვკითხულობდით კალენდრიდან ყოველთა წმინდანთა სახელებს და ვავედრებდით მათ ჩვენს ქვეყანას. ყოველნო წმინდანნო ღვთისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის! საკურთხეველში დღეს ნახსენები იყო წმინდანთა მთელი დასი, რომელიც აღიარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

დღეს მინდა გესაუბროთ საქართველოს დიდებად წოდებული ხატის შესახებ, რომელზეც გამოსახულია საქართველოს წმინდანების უმეტესობა. ეს ხატი შუა ტაძარში, ანალოღიაზეა ახლა დაბრძანებული. ძალიან ბევრია ასეთი ხატი და იგი მრავალ ოჯახში აქვთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული ხატია. ეს ხატი არის ჩემი დედ-მამის ნაქონი. ამ ხატის წინაშე დავიბადე, მის წინაშე აღვიზარდე. მას განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენს ცხოვრებაში. ოჯახში ასეთი წესი გვქონდა: საღამოს ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და მამაჩემი კითხულობდა ძილად მისვლის ლოცვებს, ეს ლოცვები მან ზეპირად იცოდა, მაგრამ მათ კიდევ სხვა ლოცვებს უმატებდა ხოლმე. განსაკუთრებით, 90-ე ფსალმუნის წაკითხვა უყვარდა და ამ ლოცვის ზეპირად დასწავლას ყველა შვილს ავალებდა. მე და ჩემს და-ძმებს გვათქმევინებდა ხოლმე ძილის წინ ამ ფსალმუნს.

ხატების კუთხეში, ჩვენს სახლში ცენტრალური ადგილი სწორედ ამ ხატს ეკავა, მის წინაშე მუდამ კანდელი ან სანთელი ენთო. და როდესაც დავამთავრებდით ხოლმე საღამოს ლოცვას, - მამაჩემი წაკურთხ წყალს გვასხურებდა და მივდიოდით დასაძინებლად. მამა კი ლოცვას განაგრძობდა და რამდენი წმინდანიც არის გამოსახული ამ ხატზე, იმდენჯერ მოიყრიდა ხოლმე მუხლს ამ ხატის წინაშე. მაგალითად, იტყოდაა „წმიდაო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“, - და მუხლს მოიყრიდა. და ასე ახსნებდა ყველა წმინდანს, - არც ერთი რჩებოდა, რომ მის წინაშე მუხლი არ მოეყარა. მამაჩემი ამას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე, თავის გარდაცვალებამდე აკეთებდა. როცა მამა მოხუცდა, ვთხოვე, - ისე ილოცე, მუხლის მოყრის გარეშე-მეთქი. არაო, - მითხრა და მაინც აგრძელებდა მეტანიებს. აი, ასეთი, განსაკუთრებული ყურადღებისა და თაყვანისცემის ობიექტი იყო ჩვენს ოჯახში ეს ხატი. ეს სასწაულთმოქმედი ხატია.

ერთხელ ჩემი უფროსი ძმა თეიმურაზი მესიზმრა. ეს უბრალო ზმანება არ იყო. მე მას ვკითხე: ჩემთვის თუ ლოცულობ-მეთქი. და მან ამ ხატზე მიჩვენა და მითხრა: ეს ეზო, ეს ხალხი, ყველა ლოცულობს შენთვისო. ეს იყო ბათუმში. ამის შემდეგ ბათუმში დავაწერინე დიდი ხატი საქართველოს დიდებისა. მერე, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, იქაც შევუკვეთე ეს ხატი. აქ, სამების ტაძარშიც არის დაბრძანებული საქართველოს დიდების ეს ხატი, გადიდებული.

მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, - საქართველოს დიდების ხატი ყველა ოჯახში იქონიეთ და შეავედრეთ ქართველ წმინდანებს ჩვენი ქვეყანა! დღეს განსაკუთრებით ვიგრძენით ჩვენ მათი ლოცვითი შეწევნა წირვის დროს. წმინდანების ლოცვა ძალიან საჭიროა ჩვენთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი სირთულეა ჩვენს ქვეყანაში.

შევთხოვთ უფალს, რომ წმინდანების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, მთელი მსოფლიო!

შეგვეწიოს ჩვენი წმინდანთა ლოცვა!

წინა პატრიარქებისაგან მსმენია, რომ საქართველო არის მოწამეების ქვეყანა. ადამიანმა მიწა რომ აიღოს ხელში და გამოწუროის, - მოწამეების სისხლი გამოსდინდება. ეს სისხლი, მათი ლოცვა, წვდება უფალს და მათი ლოცვით უფალი გადაარჩენს საქართველოს.

ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მოგმადლოთ თქვენ და საქართველოს!

დღეს არის რამდენიმე გვარის დალოცვა. მათთან ერთად დღეს უნდა დაგველოცა ღუდუშაურების გვარი, მაგრამ არავინ შემატყობინა, თან ჩვენ ისედაც ყოველდღე ვლოცავთ ღუდუშაურების გვარს, - ამიტომ ცოტა ხნით გადავდოთ, - მოიცდიან ღუდუშაურები.

დღეს ვლოცავთ ასანიძეებს, შენგელაშვილებს, ხუბულაშვილებს, ჭაბუკიანებსა და ფხაკაძეებს. თქვენი გვარები ცნობილია საქართველოში. ბევრი ცნობილი ადამიანი გამოსულა თქვენი გვარიდან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

დღეს აგრეთვე ვლოცავთ გამოჩენილ ადამიანს - ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელიც არის ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი.

ასევე დღეს იხსნება ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი - „ერთსულოვნება“, რომლის ორგანიზატორიცაა არის გიორგი კენჭობაშვილი. ღმერთმა დალოცოს იგი.

ჩვენთან ჩამოსული არიან სტუმრები საბერძნეთიდან და მოხარული ვართ, რომ ისინი დღეს იყვნენ ჩვენი თანამწირველები. გაგაცნობთ ბერძენ სტუმრებს: მისი მაღალღირსება, იღუმენი ელისე, წინამძღვარი მონასტრისა, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი, იეროდიაკონი ევკარპიოსი, ბერი პოლიევქტოსი და მონაზვნები - იღუმენია ნიკოდიმი, ხრიზოსტომი, გობრონია, ემანულილა.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სტუმრები და მათი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. თანახმად ჩვენი ტიპიკონისა, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, შეგიძლიათ მიირთვათ თევზი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2009 წ.