უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 მაისი, 2009 წ.

„საცოდავია ის, ვისაც მადლიერება არ გააჩნია!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი წლები, რომლებიც მეხსიერებაში რჩება და ამ პერიოდს მუდამ დიდი სასოებით ვიხსენებთ. ჩემთვის განსაკუთრებით სამახსოვრო წლები - აფხაზეთში მსახურების პერიოდია. 11 წლის მანძილზე აფხაზეთის ეპისკოპოსი და შემდეგ მიტროპოლიტი ვიყავი. ადამიანის ბუნებაში ერთი განსაკუთრებული თვისება არსებობს - ეს არის მადლიერება. საცოდავია ის, ვისაც ეს გრძნობა არ გააჩნია. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მადლობდეს უფალს, მადლობდეს ყოველ დღე, რომ გაუთენა კიდევ ერთი დილა, - მადლობდეს ყველას, ვინც სიკეთე გაუკეთა. უპირველეს ყოვლისა კი - უფალს, იმ განსაცდელისა და იმ სიხარულ.ისათვის, რომელიც მას ხვდა.

დღეს განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით ვიხსენებ აფხაზეთში ყოფნის პერიოდს. ეს იყო ბედნიერი წლები. მე სასულიერო სემინარიის რექტორი ვიყავი და, ამავე დროს, აფხაზეთის მიტროპოლიტი. საოცარი დამთხვევით, დღეს ჩვენთან ტაძარში მობრძანდა აფხაზეთის დამსახურებული ადამიანი, რომლის სახელიც ყველასათვის ცნობილი იყო, ბატონი ელეფთერ ბჟალავა და თქვენი სახელით მივესალმები მას.

მინდა მოგახსენოთ, რომ იმ დროს, როცა ეკლესიას ავიწროვებდნენ, ბატონი ელეფთერი ცდილობდა, დახმარებოდა მას, ყურადღებას აქცევდა და ვმადლობთ მას ამისთვის. ბედნიერები ვართ, რომ ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთს ამ წმინდა ტაძარში შევხვდით.

დღეს ასევე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო აფხაზეთის მოსახლეობის - ქართველების, აფხაზების, რუსების, ბერძნებისა თუ სხვათა მიმართ, რომლებიც აფხაზეთში ჩემი ყოფნის დროს ცხოვრობდნენ და ჩემს მიმართ სითბოს აფრქვევდნენ, საოცარი იყო ეს დამოკიდებულება.

აფხაზეთში, სოხუმში, დაიწყო ფსალმუნების ერთობლივი კითხვის ტრადიცია (ფსალმუნის კანონების მრევლის ოც წევრზე განაწილება) და შემდეგ გავრცელდა აქ, თბილისსა და მთელ საქართველოში. და აი, დღეს მაქვს შესაძლებლობა, აქედან მოვეფერო აფხაზეთს და გამოვთქვამ იმედს, რომ დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით. საქართველოსთან ერთად ყოფნა გადაარჩენს აფხაზებს და აფხაზეთის კულტურას, მის ენას და იმ ფასეულობებს, რაც აფხაზ ხალხს გააჩნია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გამოვიტანეთ დადგენილება და განვაჩინეთ, რომ სოხუმის უნივერსიტეტი - დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით - დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით, რომლის ტარების უფლება ექნება მოქმედ რექტორს. ახლა მსურს ვთხოვო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელს, რომ წაიკითხოს ამ ფაქტთან დაკავშირებული ბრძანება, მინდა ასევე დავუმატო, რომ საქართველოში არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი - არც სასულიერო და არც საერო ამ ორდენით არ დაჯილდოვებულა.

ამასთან, მსურს მოგახსენოთ, რომ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი უნივერსიტეტი, მათი ალმა-მატერი, დაჯილდოებულია ამ უმაღლესი ჯილდოთი და სტუდენტების დასახმარებლად უნივერსიტეტს გადავცემ 10 ათას ამერიკულ დოლარს.

სოხუმის უნივერსიტეტის დაჯილდოებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს საპატრიარქოში გაიმართება მიღება, რომელზეც მსურს მოვიწვიო სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

მინდა გაგახსენოთ, რომ ხუთშაბათს არის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენება. იგი გახლავთ სიყვარულის მქადაგებელი მოციქული, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი სიყვარულია.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16, 2009 წ.