უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 21 მაისი, 2009 წ.

„მამულისა და სამშობლოს სიყვარულის ცნება ზოგს დაკარგული აქვს, ზოგს კი - განსაკუთრებული ძალით აღვსილი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდი დღესასწაული - ხსენება წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველს მოციქულთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში თავის თავზე ამბობს: „რომელი უყვარდა იესოს“. იგი მართლაც განსაკუთრებით უყვარდა მაცხოვარს. მაცხოვარი სულიერად ჭვრეტდა, ვინ ვინ იყო, ვინ როგორი სულის პატრონი და უწყოდა, რომ იოანე თავისი დიდი სიყვარულით მუდამ მის გვერდით იქნებოდა. იგი მასთან იყო მაშინ, ოდეს გოლგოთაზე აჰქონდა ჯვარი მაცხოვარს, მაშინაც, ოდეს ჯვარს აცვეს იგი. შიშისაგან ჰურიათასა ყველამ დატოვა მაცხოვარი და მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი დარჩა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად. მას არ ეშინოდა არც სიკვდილისა, არც განსაცდელისა, არც წამებისა, რადგან განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ჰქონდა მაცხოვრის მიმართ.

იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მქადაგებელს უწოდებენ. წმინდა წერილში ღვთის თვისებათა ამსახველი მრავალი სახელი წერია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმის სადარი სახელი, რაც იოანე ღვთისმეტყველმა უწოდა, არ გამოთქმულა არც ძველ და არც ახალ აღთქმაში. იოანე ამბობს. „ღმერთი სიყვარული არს!“ ეს ყველაზე დიდი და აღმატებულია!

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი მუდამ და ყველგან სიყვარულს ქადაგებდა. თქვენ რომ წაიკითხოთ მისი სახარება, მისი ეპისტოლეები, ნახავთ, რომ იგი მართლაც ყველგან მხოლოდ სიყვარულს ქადაგებს. „იყუარებოდეთ ურთიერთას“, ანუ გიყვარდეთ ერთმანეთი - მოგვიწოდებს მოციქული. რა არის სიყვარული? სიყვარული არის ისეთი ცნება, რომელსაც სიტყვით ვერ ახსნი; ასევე, შეუძლებელია ახსნა, ვინ არის და რა არის ღმერთი. ადამიანს შეუძლია მხოლოდ თვალი ადევნოს სიყვარულის გამოვლინებას. როცა ადამიანს უყვარს ღმერთი, უყვარს სამშობლო, უყვარს ადამიანი, მზად არის, შეწიროს თავისი სიცოცხლე, - აი, ალბათ ეს არის სიყვარული. სიყვარული არის საკუთარი თავის უარყოფა, თავის მიძღვნა სხვებისთვის. ქართველი ადამიანი ბუნებით სწორედ ამ ნიჭით არის უფლისგან დაჯილდოებული და უნდა გავუფრთხილდეთ ამ სიყვარულს, რათა არ დავკარგოთ უფლისგან ბოძებული მადლი. ღმერთმა მოგცეთ დიდი სიყვარული. ჩვენ ვადიდებთ და ვმადლობთ უფაღს ამისათვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული შედეგია სიყვარულისა. თუ სიყვარული არ არის ადამიანში, მას სიხარული არ ექნება. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და შევთხოვ უფალს, რომ წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით ღმერთმა სიყვარულით აღგავსოთ თქვენ, მთელი საქართველო და მთელი ქვეყანა.

დღეს მეტად რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა სიყვარულმა იკლო ქვეყანაზე. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ნაკლი, ყველაზე დიდი დეფიციტი საქართველოში დღეს სიყვარულია! რასაც დღეს ჩვენ გარშემო ვხედავთ, - გაუტანლობა, ვერ გაგება, ურთიერთნდობის დაკარგვა, - ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენში სიყვარულმა იკლო. და ამას ღმერთი ძალიან მძიმედ სჯის.

არიან ადამიანები, სავსენი სიყვარულით. ეს სიყვარული ეფინება მათ გარშემო მყოფ ხალხს. არა მარტო მათი ოჯახი და მათი ერი, არამედ მთელი მსოფლიო ეტევა მათ გულში. ბედნიერია ასეთი ადამიანი მაგრამ არიან ადამიანები, ჩაკეტილნი საკუთარ ნაჭუჭში. მისი ოჯახის წევრებიც ვერ ეტევიან მის გულში, ვერ აღწევენ მის გულამდე.

ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! იმედი გვაქვს, რომ ის განსაცდელი, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, სიხარულით შეიცვლება. არის ისეთი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ეს არის მამულისა და სამშობლოს სიყვარულის ცნება. ზოგს დაკარგული აქვს ეს გრძნობა, ზოგს კი - განსაკუთრებული ძალით აღვსილი. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და მფარველობით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მშვიდობით გადარჩება.

დღეს არის კიდევ ერთი საზეიმო მოვლენა. თქვენ იცით, რომ ამას წინათ ჩვენ ვაკურთხეთ ეპისკოპოსი ჰერეთისა მელქისედეკი, რომელიც აქ ბრძანდება, ეს არის ეპისკოპოსი საინგილოსი. ამჟამად საინგილოში მსახურობს მოძღვარი ბადრი არჩვაძე, რომელიც დღეს ჩვენი თანამწირველი იყო. იგი თავდადებულად ემსახურება მრევლს და ვითვალისწინებთ რა მის ერთგულ სამსახურს, მღვდელი ბადრი არჩვაძე დღეს ჯილდოვდება ოქროს ჯვრით და ენიჭება დეკანოზის წოდება.

დალოცვილი და გახარებული იყავით. ეს პური, რომელიც თქვენ დაგირიგდათ, არის საჩუქარი წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისა. იგი ნაკურთხია, შინ წაიღეთ და თქვენი ოჯახის წევრებს უწილადეთ.

დღეს განსაკუთრებული დღეა და ჩვენ ვლოცავთ 3 გვარს: გელოვანებს, ასათიანებსა და მელაშვილებს. სამივე გვარი მეტად ცნობილია საქართველოში, მრავალი გამოჩენილი ადამიანი უშვია ამ გვარებს. ღმერთმა მოგცეთ ძალა, ღმერთმა გაგამრავლოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგცეთ დიდი სიყვარული.

დღეს აგრეთვე ვლოცავთ სკოლას, რომელსაც ეწოდება „ფესვები“, მისი დირექტორი ბრძანდება ქალბატონი მანანა გვირჯიშვილი. ღმერთმა დალოცოს იგი. სასიხარულოა, რომ მას სურვილი გაუჩნდა, რომ თავისი მოწაფეები მოგვიყვანა დასალოცად, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ აღმზრდელი სწორ გზას ადგას.

ხვალ არის ნიკოლოზობა. ჩვენს ლოცვებში წმინდა ნიკოლოზს ვუწოდეთ „დიდი კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოისა“, - იგი ჩვენი დიდი შემწე და მფარველია. საპატრიარქოში ჩვენ გვაქვს წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის ხატები, რომელთაც წმინდა სინოდის სხდომაზე მუდამ საგანგებოდ გამოვაბრძანებთ. მე მათ „წმინდა სინოდის წევრები“ დავარქვი. შეგეწიოთ წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის მადლი.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2009 წ.