უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 31 მაისი, 2009 წ.

„გაჭირვებული ადამიანის სახით ხშირად უფალი მოდის ჩვენთან და ამის დანახვა უნდა შეგვეძლოს.
ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე, ღმერთმა მოგვცეს რწმენა, სიყვარული და სასოება!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ბედნიერია ის ადამიანი, რომელმაც ისმინა უფლის სიტყვები: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“ ბედნიერია ის ადამიანი, რომლის გული არის მატარებელი ღვთისა, სულისა წმინდისა; ბედნიერია ის ადამიანი, რომლის გზა მიმართულია სასუფევლისკენ!

ერთი მორწმუნე ადამიანი უფალს ევედრებოდა: გამომეცხადე, უფალო, რა ვაკეთო, რომ ღირსი გავხდე სასუფეველისა. და მას ესმა ხმა ღვთისა: მოემზადე, ხვალ მოვალ შენთან. და მანაც იწყო მზადება.

მაგრამ განემზადა არა გულითა და გონებით, არამედ სახლის დალაგება-დასუფთავება დაიწყო. აი, ამ დროს მასთან სამჯერ მივიდა გაჭირვებული ადამიანი და დახმარება სთხოვა. მან ყველანი უარით გაისტუმრა: ხომ ხედავთ, არ მცალია, უფალი უნდა მოვიდეს ჩემთან და მის მისაღებად ვემზადებიო. გავიდა დრო, უფალი კი არ მოდიოდა. ისევ ტირილითა და ცრემლით შეჰღაღადა იმ მორწმუნემ, უფალო, ხომ დამპირდი, რად არ მოდიხარ ჩემთან? და მას ესმა ხმა ღვთისა: სამჯერ მოვედი შენთან და უარით გამომისტუმრეო.

აი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენც. გაჭირვებული ადამიანის სახით ხშირად უფალი მოდის ჩვენთან და ამის დანახვა უნდა შეგვეძლოს. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე, ღმერთმა მოგვცეს რწმენა, სიყვარული და სასოება!

დღეს განსაკუთრებული დღეა და ჩვენ ვლოცავთ ოთხ გვარს: კვარაცხელიებს, გაზდელიანებს, ჩიხრაძეებსა და მიქაბაძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და გაგამრავლოთ, ცნობილი გვარების შთამომავალნი ხართ, ბევრი ცნობილი ადამიანი გამოსულა ამ გვარებიდან. ღმერთმა მოგცეთ სულიერი ძლიერება, გული გონიერი, სიბრძნე. დალოცვილი და გახარებული იყავით!

დღეს ასევე ვლოცავთ აჭარიდან ჩამოსულ ბავშვებს. 250 ბავშვზე მეტია ჩამოსული, თავისი მასწავლებლებით და თან ახლავთ სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი. ღმერთმა დალოცოს აჭარელი ბავშვები და მათი მასწავლებლები.

დღეს აქ აგრეთვე იმყოფებიან სტუმრები აფხაზეთიდან, 67-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ასევე ჩამოსულია მოძღვარი აფხაზეთიდან, დრანდის მონასტრის არქიმანდრიტი.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ისინი! ღმერთმა მოგცეთ ძლიერება! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2009 წ.