უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის,
უნეტარესი იონას ოფიციალურ მიღებაზე საპატრიარქო რეზიდენციაში

„თქვენს ვიზიტს ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ,
მით უფრო, რომ საქართველო დღეს მეტად მძიმე მდგომარეობაშია“

თქვენო უნეტარესობავ, მთავარეპისკოპოსო ვაშინგტონისა, მიტროპოლიტო სრულიად ამერიკისა და კანადისა, იონა, გულითადად მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სინოდის, სამღვდელოებისა და საქართველოს ეკლესიის სახელით.

მოხარული ვართ, რომ კვლავაც გრძელდება ის მეგობრული ურთიერთობები, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა თქვენი წინამორბედის, მიტროპოლიტ გერმანეს მსახურების პერიოდში.

თქვენს ვიზიტს ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, მით უფრო, რომ საქართველო დღეს მეტად მძიმე მდგომარეობაშია, კვლავაც არ არის აღდგენილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. დღეს, სამწუხაროდ, კავკასიაში არ არის მშვიდობა, - ამჟამად ამ რეგიონში არც ომია და არც მშვიდობა. ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ყველაფერი მოკლე ხანში უნდა დარეგულირდეს და აუცილებლად აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ისეთი ძირძველი ქართული ტერიტორიები, როგორიც არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, დღეს უცხო ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული.

მე 11 წლის მანძილზე აფხაზეთის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი გახლდით, შემდეგ ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად. დღეს დარღვეულია ის მშვიდობიანი ურთიერთობები, რომელიც არსებობდა აფხაზებს, ქართველებსა და იქ მცხოვრებ სხვა ერების წარმომადგენლებს მორის. ქართული მიწები დაკავებულია უცხო ხალხის მიერ. საეპარქიო სახლშიც კი უცხო ხალხია შეჭრილი. ეს ის სახლია, რომელიც მე იქ ყოფნის დროს ვიყიდე. ასე რომ, ჩვენ იმედით ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და თავის კალაპოტში ჩადგება. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა. იგი მუდამ იყო გასაღები კავკასიისა.

აი, ასეთ რთულ ვითარებაში ჩამობრძანდით თქვენ საქართველოში. და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს თქვენი სტუმრობისათვის.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესია უძველესია მსოფლიოში. აქ ქრისტიანულ სარწმუნოებას საფუძველი I საუკუნეში ჩაეყარა, IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გგმოცხადდა, ხოლო V საუკუნიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალური გახდა.

მინდა გისურვოთ დიდი წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია - ახალგაზრდა ეკლესიაა, უკვე დიდი სულიერი ნაბიჯები გაქვთ გადადგმული. გისურვებთ მომავალ წარმატებებს.

12 ოქტომბერი, 2009 წ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2009 წ.