უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 აგვისტო, 2010 წ.

„...წმინდა ილია წინასწარმეტყველი იღებდა მონაწილეობას ჩვენი
ერის მოქცევაში და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ხშირად ხდება ადამიანის წინაშე ღვთის სასწაული და მისი გონება და გული მას ვერ ღებულობს. თუნდაც, მაგალითისთვის, გავიხსენოთ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ უდიდეს სასწაულს მთელი მსოფლიო უყურებს და მაინც არ სწამთ, უარჰყოფენ, ჰგონიათ, რომ სამღვდელოება რაღაცას იგონებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის ნაცვლად მაცხოვრის საფლავზე მისულა სხვა, არამართლმადიდებელი პატრიარქი და ცეცხლი არ გადმოსულა. იყო შემთხვევა, როცა ცეცხლი აღდგომის ტაძრის სვეტზე გადმოვიდა და სვეტი გახეთქა. საოცარი კიდევ ის არის, რომ ეს ცეცხლი პირველ წუთებში არ წვავს არც ადამიანს და არც ნივთებს. ამას უყურებეწ მუსულმანები, კათოლიკები, პროტესტანტები, - უყურებენ და ვერ ხედავენ. რადგან, რომ დავინახოთ, გული და გონება უნდა გავწმინდოთ და მაშინ ვიხილავთ უფალს.

ხშირად ამბობენ: „მიჩვენეთ ღმერთი და ვირწმუნებ“. ადრეც მიამბნია თქვენთვის და ახლაც მინდა შეგახსენოთ; ორი ასტრონომი საუბრობდა. ერთი მეორეს ეუბნება: მე გამოვიკვლიე გალაქტიკები, მთელი სამყარო და ვერსად ვიხილე ღმერთი. და მეორე პასუხობს: შენ დაგავიწყდა ერთი რამ, ღმერთი შენს გულშია და იქ არ ჩაგიხედავს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მზად არის თუ არა ადამიანი სულიწმინდის მისაღებად.

ხვალ არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღესასწაული. წინასწარ გილოცავთ ამ დღეს. მინდა გითხრათ, დღეს რომ საღამოს ლოცვას შევასრულებთ წმინდა ელიას მთის წვერზე, სადაც უწინ ტაძარი იდგა. საზეიმო წირვა კი ხვალ, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღესრულება.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი და მისი დღესასწაული ცნობილია იმითაც, რომ ამ დღეს თხოთის მთაზე მოხდა სასწაულებრივი მოქცევა მეფე მირიანისა. თხოთის მთაზე მას თვალთ დაუბნელდა და ეს იყო მოქცევა მთელი საქართველოსი. ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველი იღებდა მონაწილეობას ჩვენი ერის მოქცევაში და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის! თხოთის მთა არის სოფელ აღაიანის მახლობლად, მცხეთას რომ გასცდებით. ბევრმა არ იცის, თუ არს ნიშნავს „აღაიანი“. ზოგს ჰგონია, რომ ეს აზერბაიჯანული ან სომხური სიტყვაა. სინამდვილეში ეს სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - აღია ნინა, ანუ წმინდა ნინო, ხოლო „აღაიანი“ არის ამ სიტყვის შემოკლებული სახეცვლილება. ასე რომ, ამ სახელწოდებაში არაფერია არც სომხური და არც აზერბაიჯანული, - ეს არის სუფთა ქართული სოფელი.

და არა მარტო საღამოს ლოცვისთვის, ახლა, წირვის შემდეგაც, გვსურს ავიდეთ მთის წვერზე, სადაც იყო ტაძარი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. ჩვენ ვმადლობთ წმინდა ილია წინასწარმეტყველს მისი დიდი წყალობისათვის!

ერისკაცობაში მე მერქვა ერეკლე, ეს სახელი მომდინარეობს ბერძნული სახელისგან - ჰერაკლე, რომელიც ნიშნავს ფიზიკურ ძალას. მახსენდება, როგორ აღმკვეცეს ბერად და მიწოდეს ილია; მაშინ ეს ფიზიკური ძალა გადავიდა სულიერ ძალაში, რადგან სახელი ილია ნიშნავს ძალას ღვთისა.

თქვენი ლოცვით, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, ღმერთმა მოგცეთ ფიზიკური და სულიერი ძალა! ღმერთმა წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევით მოგცეთ მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა!

გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს არის წმინდა სერაფიმე საროველის ხსენება და მე-6 მსოფლიო კრების მამათა დღესასწაული. წმინდა სერაფიმე საროველი განსაკუთრებული წმინდანია, რომელსაც დიდ თაყვანს სცემენ ქართველები. მახსენდება ჩვენი დიდი პატრიარქის, ეფრემ II-ის მონათხრობი. ის 1937 წელს 10 წლით დააპატიმრეს და შემდეგ უწმინდესი კალისტრატეს შუამდგომლობით გამოუშვეს, მაშინ ეფრემი ეპისკოპოსი ბრძანდებოდა. იგი ციხეში წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან წაიყვანეს. პატრიარქი პატიმრობიდან შინ რომ ბრუნდებოდა, თავის თავს ეუბნებოდა: ეკლესიის კარებთან დავდგები, ჩოქვით შევალ საკურთხეველში და რომელ ხატსაც დავინახავ პირველად, იმ წმინდანმა გადამარჩინაო. ასეც მოიქცა... მას ე.წ. „ტელეგრეიკა“ ეცვა და იგი ვერ იცნეს, ვერავინ წარმოიდგენდა ეპისკოპოსს ასეთ ტანსაცმელში. როცა მუხლის ჩოქვით ტაძარში შევიდა, პირველად მას თვალში წმინდა სერაფიმე საროველის ხატი მოხვდა. მას შემდეგ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ამ წმინდანს. როგორც წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, მცირედი მადლი მოიხვეჭე და ათასობით ცხონდება შენს გვერდითო. შევთხოვოთ წმინდა სერაფიმეს, რომ მისი ლოცვით, ღმერთმა მოგვცეს მცირედი მადლი, რათა ჩვენც ვცხონდეთ და გარშემო ხალხიც ვაცხოვნოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2010 წ.