უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 3 ოქტომბერი, 2010 წ.

„გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებასა და საქართველოს სიყვარულშია!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“

საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. რა არის სამშობლო? ამაზე ბევრი გვიფიქრია ყოველ ჩვენგანს, თუ რა ფასეულობაა ჩვენთვის სამშობლო, საქართველო. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მიწა, ეს უფრო მეტია. ეს არის ჩვენი ფესვები, აქ სუფევს მადლი ღვთისა. და აი, ამ მადლმა განაპირობა ის, რომ ჯერ ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ჩამოტანილი იყო ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა, შემდეგ - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, დაბოლოს, საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და კიდევ მრავალი სხვა ულევი მადლი მიგვიღია ღვთისაგან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვახსოვდეს დღეს, ამ ურთულეს დროში. ჩვენ ისეთ ჟამს ვცხოვრობთ, რომლის მსგავსი არ ყოფილა კაცობრიობის ცხოვრების ისტორიაში. ჯერ არ ყოფილა ქართველი ხალხის ასეთი მიგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა ერის დიდი ნაწილი გადის უცხოეთში, უცხოეთიდან კი მრავლად შემოდიან სხვა ერის წარმომადგენლები... და რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ დროს მცირერიცხოვანმა ერმა? უპირველეს ყოვლისა, ყოველი ჩვენგანი უნდა შეესისხლხორცოს თავის სამშობლოს, მისი ნაწილი უნდა გახდეს და არ უნდა შეეძლოს სამშობლოს გარეთ არსებობა. რატომ? იმიტომ რომ აქ არის დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, აქ არის ქეთევან დედოფალი, აქ არიან ვაჟა, ილია და აკაკი, აქ არის ყველა ჩვენი წინაპარი, აქ არის ჩვენი ფესვები!

მახსენდება ერთი რუსი მონაზვნის მონათხრობი. როდესაც აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, მან მომითხრო თავისი ხილვის შესახებ. როცა რუსეთში წასვლა გადაწყვიტა, საოცარი სიზმარი ნახა, რამაც განაპირობა მისი სამუდამოდ დარჩენა საქართველოში. აფხაზეთში არის ივერიის მთა და ამ მონაზონმა იხილა იგი კანდლებით გაკაშკაშებული. თურმე ძალიან ბევრი კანდელი ენთო ამ მთაზე და როცა ამ სანახაობას შესცქეროდა, ხმა ესმა: „მთელი საქართველო ასეა გაბრწყინებული და შენ სად მიდიხარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველოო“. ამ ხილვის შემდეგ იგი დარჩა და უკვე აღარ მოსვლია აზრად, დაეტოვებინა საქართველო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი გასულია უცხოეთში და არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველანი დაბრუნდებიან. ადამიანმა ლუკმა პურისთვის არ უნდა დატოვოს საქართველო, თავისი სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. მთავარია, რომ იგი მადლს კარგავს, ჩვენი წინაპრების მფარველობას და ლოცვას კარგავს! განსაკუთრებით მინდა შევეხო ერთ საკითხს, როცა ჩვენი თანამემამულენი თავის მცირეწლოვან შვილებს უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიან. ძალიან სახიფათოა, როცა ადამიანი სულიერებაში, ეროვნულ კულტურაში განმტკიცებული ჯერ არ არის და სრულიად უცხო კულტურის მქონე ქვეყანაში მიდის. მით უფრო, რომ იქ ძალიან ოფიციალური ურთიერთობებია ადამიანებს შორის, რასაც ჩვენ, ქართველები ჩვეული არ ვართ. მახსენდება ერთი ბერძენი ქალი, რომელიც სოხუმში ცხოვრობდა. ერთხელ მან მოინახულა თავისი ნათესავები საბერძნეთში და გაოგნებული ჩამოვიდა. მახსოვს, როგორ მიამბობდა აღელვებული: სადილის დროს მოულოდნელად ვიღაც ნათესავი თუ მეგობარი ესტუმრა იმ ოჯახს, ამ დროს სავსე იყო სუფრა მრავალფეროვანი კერძებით, მაგრამ სტუმარი სუფრაზე არ მიიწვიეს, არამედ დერეფანში დასვეს, დაგველოდე, როცა სადილს დავასრულებთ, მერე მიგიღებთო. ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ, რატომ მოვიდა უდროო დროს, როცა ჩვენ ვსადილობდითო? ამ სოხუმელმა ბერძენმა თავი ვერ შეიკავა და უთხრა მასპინძლებს: ამდენი საჭმელი გაქვთ და განა სირცხვილი არ არის, სტუმარს სუფრასთან რომ არ ეპატიჟებითო, რაზეც მას მიუგეს: ეს არ არის სირცხვილი, მას აქ არავინ ელოდაო. აი, რა ჩვევას შეიძლება ეზიაროს ნორჩი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სული უცხო ქვეყანაში! და განა ჩვენ გვინდა, რომ ასეთი რამ შემოვიდეს და დამკვიდრდეს ჩვენში?

კიდევ ერთ სრულიად უცხო და მანკიერ ჩვეულებაზე მინდა გესაუბროთ, რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ფართოდ არის დამკვიდრებული უცხოეთში. თუკი ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში და იქ გარდაიცვლება, მას სახლში აღარ მიასვენებენ, - რატომ უნდა შევწუხდეთო, - და პირდაპირ სასაფლაოზე მიჰყავთ, სადაც არის საგანგებო ოთახი და იქ მცირე სუფრა გაიშლება, მიირთმევენ და ასაფლავებენ. აბა, სახლში მისვენებით ხომ არ გავაცოცხლებთ მიცვალებულსო. აი, ასეთი პრაგმატული, მიწიერი და უხეში დამოკიდებულებაა ადამიანებს შორის.

ამ ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობთ ბავშვების უფლებებზე. მახსენდება, როცა კანადაში ვიყავით, იქ მიამბობდნენ, თუ დედ-მამა გაუჯავრდა შვილს და ხელი წამოარტყა, იგი ურეკავს პოლიციას და უჩივის საკუთარ მშობლებს. პოლიცია კი სასწრაფო ზომებს იღებს მშობლების წინააღმდეგ. ე.ი. ბავშვი იზრდება საკუთარი მშობლის მოღალატის სულისკვეთებით.

აი, ამ ყოველივე ზემოთქმულის გამო, ძალიან უნდა ვერიდოთ, რომ ახალგაზრდა და, მით უმეტეს, ბავშვი გავაგზავნოთ უცხოეთში. ხშირ შემთხვევაში ეს ბავშვისთვის დიდი სულიერი ზიანის მომტანია.

არსებობს ასეთი ტერმინი - პატრიოტიზმი. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა! ეს არ არის პატრიოტიზმი, ეს უფრო მეტია, ეს არის ჩვენი სისხლი და ხორცი. ერთ-ერთი პატრიარქი საქართველოსი ამბობდა, რომ მთელი ქართული მიწა მორწყულია მოწამეთა სისხლით და მუჭით რომ აიღო საქართველოს მიწა და ხელი მოუჭირო, სისხლი გამოუვაო. და აი, აქედან მიდის ადამიანი, რათა ლუკმაპური იშოვოს! ვისაც შრომა უყვარს, ის აქაც იშოვის ლუკმა-პურს. ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, ის არასდროს დატოვებს მას! მაგრამ არის კიდევ სხვა ტერმინი - ნაციზმი. ნაცისტებს უწოდებენ ხალხს, რომლებიც საკუთარი თავის იქით ვერაფერს ხედავს და არაფერს ცნობს.

ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მთელ მსოფლიოს და სხვებისგან ისეთი რამ მივიღოთ, რაც სასარგებლოა ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსათვის. ხოლო ნაციზმი და უხეში რაციონალიზმი მხოლოდ ზიანის მომტანია პიროვნების და ერისთვის, რადგან ამ დროს ადამიანითავის ნაჭუჭში მოექცევა და ამ იზოლაციის მიღმა! ვერაფერს ხედავს.

არის კიდევ ერთი ტერმინი - კოსმოპოლიტიზმი. ვაჟა-ფშაქელას აქვს ამაზე კარგი სიტყვა და ვისაც არ წაუკითხავს, აუცილებლად უნდა გაეცნოს. კოსმოპოლიტისთვის სულ ერთია ეს საქართველოა, რუსეთი, თუ ამერიკა, თუ ევროპა, სადაც ცხოვრობს, - ესაა მისი სამშობლო. ერთი ადამიანი ამბობსაა: სადაც ფულია, ის არის ჩემი სამშობლოო. ღზერთმა დაგვიფაროს ასეთი აზროვნებისგან! ჩვენ არაფერში გვარგია ასეთი ცნობიერება! კი, ადამიანს მატერიალური დოვლათი ესაჭირრება ცხოვრებისათვის, გვჭირდება პურიც და სანახაობაც, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრი შრომა და, რაც მთავარია, სამშობლო არ უნდა გავცვალოთ ყოველივე ამაში! ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ შეგაგონოთ, დაიმახსოვრეთ ჩვენი წინაპრის სიტყვები, ქართველ კაცს უთქვამს: სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა! სამშობლო ტკბილია, სამშობლოს ჰაერი სულ სხვაა, აქ მზე და მთავრეც სულ სხვაა და ჩვენი ბუნებაც განსაკუთრებულია!

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, - პატარები ვიყავით და დედა სულ შეგვაგონებდა: რაც უნდა გაგიჭირდეთ არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ საცხოვრებელად უცხოეთშიო! როგორც შენი ერი ცხოვრობს, შენც ისე უნდა იცხოვრო, მისი ჭირი და ლხინი უნდა გარზიაროო. და კიდევ გვარიგებდა ხოლმე დედა, რომ უნდა იშრომოთო. გახსოვდეთ, სიღარიბემ შეჩვევა იცის და არ უნდა მიეჩვიოთო. არ უნდა შევეჩვიოთ სიღარიბეს! ჩვენ უნდა ვიშრომოთ, ვილოცოთ, შევთხოვოთ უფალს და უფალი მოგვხედავს ჩვენ, უფალი ლოცავს საქართველოს და უფალი გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას!

ჯვარი გეწეროთ! მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა! მშვიდობა და მთლიანობა უბოძოს უფალმა საქართველოს, ჩვენს სამშობლოს!

დღეს ჩვენ გვინდა დავაჯილდოვეთ მღვდელი იოანე რევიშვილი, თერჯოლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს ეკლესიისთვის. იგი დღეს ჯილდოვდება დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით.

დღეს ვლოცავთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა. დღეს უკვე ცნობილია მისი ტრადიციები, მისი აკადემიური წარმატებები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

დღეს ასევე ილოცება თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი. დაგლოცოთ უფალმა, გაგახაროთ და ტკბილი სიბერე მოგცეთ!

დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: მაღრაძეებს, ჯიქიებს, ლორთქიფანიძეებს, ავალიშვილებს, მასურაშვილებსა და ქარდავებს.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა იყოს აწ და მარადის. ღმერთს ებარებოდეთ!

გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაში და საქართველოს სიყვარულშია!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32, 2010 წ.