უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 5 დეკემბერი, 2010 წ.

„...თუკი ცოდვა ცოდვად აღარ მიგაჩნია, ესმგავსები
მთიდან დაგორებულ ქვას, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვამბობთ ხოლმე ლოცვას - „მამაო ჩვენო“. ამ ლოცვაში არის სიტყვები: „იყავნ ნებაი შენი“. ჩვენ მივმართავთ უფალს, ვთხოვთ, იყოს მისი ნება, მაგრამ ამას მხოლოდ სიტყვებით ვამბობთ; სინამდვილეში კი საკუთარ ნებას მივდევთ. ნება ღვთისა და ნება ადამიანისა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისაგან განსხვავდება. ნება ღვთისა არის - სიხარული, სიყვარული, ნეტარება, ღვთივსათნო ცხოვრება და იმ გზით სიარული, რომელიც ადამიანს სასუფეველში მიიყვანს. აი, ეს არის ნება ღვთისა.

ბიბლიაში, ერთგან, მართალი იობი სვამს კითხვას: განსაცდელი ხომ არ არის დედამიწაზე ადამიანის ცხოვრება? თავად კი არ ამბობს, რომ ეს ასეა, არამედ კითხვას სვამს; მიუხედავად იმისა, რომ მეტად მძიმე განსაცდელი გამოიარა მართალმა იობმა, თითქოს ეშინია წარმოთქვას სიტყვები - ცხოვრება განსაცდელია, რადგან ნება ღვთისა მუდამ კეთილია, ადამიანი უფალს გამუდმებით სიკეთისაკენ მიჰყავს. როგორც მშობელი ჩაჰკიდებს ხოლმე ხელს თავის პატარა შვილს და თან მიჰყავს, ისე მივყავართ უფალს სასუფეველისაკენ. მაგრამ გარდა ამისა, არსებობს კიდევ ადამიანის თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება იმისთვის კი არ მოგვეცა, რომ ცოდვის მორევში ჩავეფლოთ, რომ ღამის ბარებში ვიაროთ და ა.შ., არამედ იმისათვის, რომ ადამიანმა თვითონაც მიიღოს მონაწილეობა თავისივე ცხონებაში.

უფალი გვიჩვენებს ორ გზას: ერთი - ფართოა, მეორე კი - ვიწრო. სწორედ ვიწრო გზით უნდა ვიაროთ და ვცხონდებით. ვისაც ფართო გზით სიარული სურს, ის მარადიულ ნეტარებას ვერ მიაღწევს.

ჩვენ ურთულეს დროში ვცხოვრობთ. ამჟამად კაცობრიობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ კაცს ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნია, რაც მეტად საშიშია, რადგან ასეთი ადამიანი ემსგავსება მთიდან დაგორებულ ქვას, რომელსაც ავის ქმნისათვის ვერაფერი შეაჩერებს.

მეტად საშიშია ასევე ცოდვით ტკბობა. ცოდვა არსებობს ადამისა და ევას დროიდან. ადამიანებს მუდამ ჰქონდათ განცდა ცოდვისა და სურვილი მისგან გათავისუფლებისა. ძველი ებრაელები თხის შეწირვით იწმინდებოდნენ ცოდვებისაგან. მოიყვანდნენ მას, დაადებდნენ ხელებს და მერე უდაბნოში უშვებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ თხაზე გადადიოდა მათი ცოდვები. წარმართები ზღვასთან მიდიოდნენ, თავის შეცოდებებს ზღვის ტალღებს უამბობდნენ და სწამდათ, რომ ზღვის ტალღებს მიჰქონდა მათი ცოდვები.

ეს იმას ნიშნავს, რომ განწმენდის სურვილი მუდამ იყო ადამიანში. ეს ღვთის ნებაა. ჩვენძი არსებული ხატება ღვთისა გვკარნახობს, რომ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. მაგრამ ეს ხატება ღვთისა იკარგება, თუკი ადამიანი მთლად ჩაფლულია ცოდვაში და უკვე ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნია; ამიტომ ამბობს ღირსი მამა ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. თუ გვაქვს განცდაი თვისთა ცოდვათა, აღარ განვიკითხავთ მოყვასს. როცა განვიკითხავთ რომელიმე ცოდვას, ხშირად თვითონვე ვვარდებით იმავე ცოდვაში. ასე იმიტომ ხდება, რომ უფალი ჩვენ მიმართ კეთილ ნებას ავლენს, რათა მეორედ აღარ განვიკითხოთ სხვა. ბედნიერია ადამიანი, რომელიც გრძნობს, რა არის ნება ღვთისა, რომელიც არჩევს თეთრსა და შავს, კეთილსა და ბოროტს, ემსახურება და ადიდებს უფალს, ემსახურება მოყვასს.

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი - ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ და ადამიანისაკენ! ღმერთმა ინებოს, მოგვეცეს იმის ნებისყოფა, რომ ჩვენი სწრაფვა ცოდვებისაკენ, სიკეთისაკენ სწრაფვით შეიცვალოს!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე. მტკიცე სარწმუნოება, სიყვარული და იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი მომავლისა! ღვთის მადლითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე.

დღეს გვინდა დავლოცოთ ოდიშელიძეების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა მოგცეთ მტკიცე სარწმუნოება, სიყვარული და სასოება! ღმერთმა გაგამრავლოთ და თქვენს გვარში მრავალი თავდადებული და ღვთისმოსავი ადამიანი აღგაზრდევინოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41, 2010 წ.