უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 6 მაისი, 2010 წ.

„წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენება და მისი მეოხების იმედი იმდენად დიდი იყო
წარსულში ჩვენი ქვეყნისთვის, რომ 12 მისი მოსახელე მეფე ჰყავდა საქართველოს!“

ქრისტე აღდგა!

სახელითა მაშისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, ძლევამოსილებისა; აი, ამიტომ იყო ოდითგან ეს დღესასწაული განსაკუთრებული საქართველოსათვის და დღესაც ასეა. უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენება და მისი მეოხების იმედი იმდენად დიდი იყო წარსულში ჩვენი ქვეყნისთვის, რომ 12 მისი მოსახელე მეფე ჰყავდა საქართველოს! წმინდანის სიყვარულისა და მეოხების იმედი დღესაც მძლავრადაა ჩვენში და ასე იქნება მომავალშიც. წმინდა გიორგის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო! ღმერთმა გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამინ!

დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან დიღომში იხსნება წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძარი.

დღესასწაულის აღსანიშნავად გვსურს დავაჯილდოვოთ რამდენიმე სასულიერო პირი:

დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით;

მღვდელი ანტონ კიკნაველიძე ჯილდოვდება ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;

მღვდელი გურამ ბერძული ჯილდოვდება ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მრავალი წელია მოღვაწეობს მონაზონი ანა (კვირკველია). ვითვალისწინებთ მის დამსახურებას ეკლესიის წინაშე და ვაჯილდოვებთ ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით.

არქიმანდრიტი ამბროსი მაღლაკელიძე ინიშნება წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად (ტაძარი ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს).

ჩვენთან ჩამოყალიბდა ოჯახებისა და გვარების დალოცვის შესანიშნავი ტრადიცია. დღეს ვლოცავთ ხოჯევანიძეების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ; ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული! ღმერთმა განამტკიცოს თქვენში მართლმადიდებელი სარწმუნოება და სიყვარული!

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს! წმინდა გიორგის ლოცვითა და ვედრებით, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2010 წ.