უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება (ბრმის კვირიაკე)

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 მაისი, 2010 წ.

„ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ მოერევა ეკლესიას“

ქრისტე აღდგა!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განგებამ და ნებამ ღვთისამან ინება, რომ არქიმანდრიტი იაკობი კურთხეულიყო ეპისკოპოსად ცურტავისა.

როგორც ერთი პოეტი ამბობს, ყოველ შემთხვევას აქვს მეორე სახელი - ბედი. ყველაფერი წყდება უფლის მიერ, მისი საიდუმლო განგებით და აღესრულება ჩვენთან, დედამიწაზე. ეპისკოპოსობა - უდიდესი წოდებაა. ამბობენ, რომ ეპისკოპოსი არის ანგელოზი, მაგრამ, ამავე დროს, ყოველი ეპისკოპოსი მოწამეცაა. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ჯერ კიდევ მოციქულთა ხანაში პავლე მოციქული ამბობს: „ქვეყანა ბოროტსა ზედა ძევს“; დააკვირდით, კი არ ამბობს - დგას, არამედ - ძევს, ე.ი. დაცემულია. არ ვიცი, რას იტყოდა მოციქული დღევანდელ დღეზე, მაგრამ, რაც ხდება, ღვთისაგან მოვლენილია და ვიმსახურებთ.

განგებამ ღვთისამ ინება, რომ საქართველოს ეკლესია ამ ურთულეს ჟამს აღორძინებულიყო. გახსოვთ, იყო დრო, როცა მხოლოდ 3-5 ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო მთელ სინოდში. იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგომი საქართველოს ეკლესია უკიდურესად საშიშ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ განგება ღვთისა დიდი და ძლიერია; ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ მოერევა ეკლესიას, რადგან ის არის სხეული უფლისა ჩკენისა იესო ქრისტესი! ნუთუ ოდესმე წარმოიდგენდნენ ჩვენი დიდი წინაპრები - ვახტანგ გორგასალი, რომელიც ამბობს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“, დავით აღმაშენებელი, რომელიც დღედაღამ შრომობდა და აშენებდა ან თამარ მეფე, რომ დადგებოდა ისეთი დრო, როცა ქართველი კაცი საკუთარი ხელით დაიწყებდა ეკლესია-მონასტრების ნგრევას?! ეს წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ იცით, რომ ასეთი დროც დაუდგა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რაც ხდება. ეს ყველაფერი მიგვითითებს, რომ ჟამი ახლოს არს და მუდამ მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის!

ერთმა მოძღვარმა თქვა, პატრიარქმა ეკლესია უკიდურეს გასაჭირში მყოფი ჩაიბარაო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ დროს, როცა ძალიან უჭირდა ეკლესიას, ძალა და მადლი ღვთისა ასევე ძალიან ძლიერი იყო.

დღეს მრავალი ადამიანი დადის ტაძარში, მაგრამ ესეც ღვთის მადლი და განგებაა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს თითქოს ჩემი დამსახურებაა, ზოგი წმინდა სინოდის წევრებს მიაწერს, ზოგი - ჩვენს სამღვდელოებას. ეს არავის დამსახურება არ არის, ესაა წყალობა ღვთისა. ეკლესიას ხომ ღვთისაგან მოწოდებული ადამიანები ქმნის! „ეკ“-“კლეო“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: ვეძახი, შორიდან მოვუწოდებ.

მეუფე იაკობიც მოწოდებული იყო ეკლესიაში, მან ბევრი იშრომა ჩვენს მხარეში - ხევში და კიდევ ბევრი უნდა იშრომოს. ამას ელოდება ღმერთი მისგან და ჩვენც ამას მოველით. იმედი მაქვს, რომ მეუფე იაკობი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მღვდელმთავარი თავისი სულიერებით, მოწოდებითა და საქმით.

მეუფე იაკობ, გილოცავთ ამ დიდი მადლის მიღებას! გილოცავთ იმას, რომ თქვენ ჰყვარებიხართ უფალს და მან მოგიხმოთ ამ მაღალი წოდებისათვის! მადლობა შესწირეთ ღმერთს, შეასრულეთ სამადლობელი პარაკლისი და ღვთის იმედით, ღვთის მადლითა და ძალით შეუდექით თქვენს დიდ სამსახურს. ახლა კი მინდა გადმოგცეთ კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო დიდებისა და დალოცეთ ცურტავის ეპარქია და მთელი საქართველო, ამინ!

დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად მრავალი განსაცდელისა და პრობლემისა, ღვთის მადლითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობო გზაზე, აუცილებლად გამთლიანდება და სულიერად და სახელმწიფოებრივად ძლიერი გახდება. ამინ.

დღეს განსაკუთრებული დღეა და მსურს დავაჯილდოვო ორი სასულიერო პირი:

დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ მოღვაწეობს, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით;

იღუმენი ელიაზარ ივანეიშვილი, რომელიც გახლავთ მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით.

დღეს ვლოცავთ გვარებს: დაბლაშვილებს, ნანეიშვილებს, ავსაჯანიშვილებს, მგელაძეებს, კოხტაშვილებს, ლეშკაშელებს, ბიბლიანებს, ცეცხლაძეებს, ღვაბერიძეებს და მთელ საქართველოს - სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა! დალოცვილი და გახარებულები იყავით! ღმერთმა მოგცეთ დიდი მადლი, დიდი რწმენა და სიყვარული!

რწმენასა და სიყვარულზე უნდა ავაშენოთ ჩვენი ცხოვრება. გვახსოვდეს, რომ ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით. როგორც წმიწდა ბასილი დიდი ამბობს, ბოროტება ბოროტებით არ იკურნება.

ღმერთმა დაგლოცოთ! გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! დღეს კიდევ ერთი მღვდელმთავარი შეემატა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირას არის ორი დიდი დღესასწაული - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება და უფლის ამაღლება. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2010 წ.