უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 11 ივლისი, 2010 წ.

„...ადამიანის ბუნების შემეცნებით შეიძლება გავხდეთ ღვთის მეგობარი“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი მუდამ ეძებს სასწაულს, ეძებს ზესასწაულს, რომელიც დაუმტკიცებს მას, რომ ღვთის ხელი ურევია ადამიანისა და ბუნების შექმნაში.

ზოგიერთი მთელი ცხოვრება რაღაცას ეძიებს და ვერ პოულობს. იყო ორი ასტრონომი მეგობარი; ერთხელ ერთი ეუბნება მეორეს: „მე ასტრონომი ვარ და მთელი სიცოცხლე პლანეტებს ვსწავლობდი, ღმერთს ვეძიებდი, მაგრამ ვერსად ვნახე იგი ზეცში. მეორე მეგობარმა უპასუხა: „უბრალოდ, იქ არ ეძებდი, სადაც უნდა გეძებნა: ჩაიხედე შენს გულში და იქ იხილავ ღმვრთს, რომელიც მუდამ შენთან არის“. მართლაც, უფალმა შექმნა ადამიანი ხატად თვისად, სწორედ ეს ხატება გვაახლოებს ჩვენ მასთან. და სწორედ ამიტომ, ადამიანის გულში არის ღვთის ხატება, - თავად ღმერთი.

ადამიანის გული არ შეიძლება დარჩეს ცარიელი. იგი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა, მაგრამ თუკი ასე არ მოხდა, - იგი ხდება ტაძარი ბოროტისა. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თვითონ ეძებს სულიწმიდას, თვითონ პოულობს ღმერთს და ხდება ტაძარი სულისა წმინდისა. 

ამქვეყნად ადამიანი ყველაზე დიდი სასწაულია! მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის: ფიზიოლოგი პავლოვი, რომელიც ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, ღრმად მორწმუნე ადამიანი გახლდათ. მას ერთხელ რუსეთის ერთ-ერთი მაღალი წოდების ჩინოვნიკმა ჰკითხა: ნუთუ თქვენ, ასეთ დიდად ნასწავლ ადამიანს, შეიძლება ღმერთი გწამდეთო? მან მიუგო: „როდესაც ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, ეს იმდენად მეტყველებს ღმერთის არსებობაზე, რომ მორწმუნე კი არა, შერძლება წმინდანიც კი გახდეო“. ასე რომ, ადამიანის სისხლის, ბუნების შემეცნებით შეიძლება გავხდეთ ღვთის მეგობარი, ღვთისათვის სათნო.

დღეს ჩვენ უნდა მივაბაროთ მშობლიურ მიწას ორი დიდი პიროვნება: ბატონი ბიძინა კვერნაძე და ბატონი ფრიდონ ხალვაში. რაც შეეხება ბატონ ბიძინას, იგი იყო მაგალითი ყოველი ადამიანისთვის, თავისი პატიოსნებითა და სათნოებით, - მაგალითი მუსიკოსებისთვის და რიგითი ადამიანებისთვის. იგი იყო ეტალონი ქართველი კაცისა.

ბატონი ფრიდონიც ასევე გახლდათ ქართვვლი კაცის ეტალონი. როცა მას ეკითხებოდნენ - „ნუთუ დატოვეთ თქვენი რელიგია, მუსულმანობა?“ იგი პასუხობდა: „მე კი არ დავტოვე, - არამედ დავუბრუნდი ჩემს ძველ რელიგიას, მართლმადიდებლობას“. აი, ასეთი გახლდათ მისი პასუხი. იგი იყო ჩემი ნათლული, ხშირად მოდიოდა ჩემთან და ბევრს ვსაუბრობდით ერთად.

დღეს ისინი მიდიან სასუფეველში და რა უნდა წაიღონ აქედან? უპირველეს ყოვლისა, რწმენა, სიყვარული და სასოება და, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები. აი, ეს უშველის ადამიანს.

ორივეს კარგად ვიცნობდი. დიდება და მადლობა უფალს, რომ აქაც და იქაც, ორსავე სოფელსა შინა, მათ კეთილი საქმეები თან სდევდა. მინდა ჩვენი ინტელიგენციისა და ჩვენი ეკლესიის სახელით თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ ოჯახებს.

ერთი პოეტი ამბობს: „ყოველ შეშთხვევას აქვს მეორე სახელი - ბედი“. წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანი მიდის იმქვეყნად, როცა სულიერად მომწიფებულია ამისათვის. ჩანს, რომ უფალს უფრო მეტად უყვარდა ორივე, ვიდრე ჩვენ.

დალოცვილი იყოს მათი უკვდავი სულები და ღმერთმა დააწესოს ბატონი ბიძინას და ბატონი ფრიდონის სულნი იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2010 წ.