უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 ივნისი, 2010 წ.

„მომანიჭე მე, უფალო განცდაი თვისთა ცოდვათა და არა
განკითხვად ძმისა ჩემისა“ - აი, ეს არის გზა სასუფევლისაკენ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ხედავს „გულსა კაცისასა“. ადამიანი ხედავს სახეს, ხოლო ღმერთი - გულს! ეს მეტად მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის. შემთხვევით არ ამბობს მეფე დავით წინასწარმეტყველი: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ მისი გული იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. ადამიანის გული ცარიელი არასდროს რჩება. ამიტომ ამბობდა დიდი მეცნიერი პავლოვი: „ადამიანს აქვს ორი გონება: დიდი და მცირე. მცირე - ეს არის აზროვნება, ხოლო დიდი - გული კაცისა“. ყოველმა ადამიანმა უნდა იზრუნოს გულის გაწმენდაზე.

ბიბლიაში უფალი წინასწარმეტყველს ეუბნება: „შენ ჯერ დედის საშოში ჩასახულიც არ იყავი, როდესაც მე უკვე გიცნობდი.“ ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“

მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს: „იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“. ცხადია, ადამიანი ვერასდროს მიაღწევს მამაზეციერის მსგავს სრულყოფილებას და ეს სიტყვები მიგვითითებს, რომ სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ჩვენში დაუსრულებელი უნდა იყოს, ანუ ყოველი ჩვენგანისთვის დღევანდელი დღე, სულიერი თვალსაზრისით გუშინდელზე უკეთესი უნდა იყოს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი თავის ნაკლს დაინახავს. ძველი რომაელები ამბობდნენ: გნოსტე ტე იპსუმ - შეიცან თავი შენი. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ შეიცნოს საკუთარი თავი. „მომანიჭე მე, უფალო განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“ - აი, ეს არის გზა სასუფევლისაკენ!

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და მთელი საქართველო! ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა!

დღეს მინდა დავაჯილდოვო ორი სასულიერო პირი:

დეკანოზი ზაქარია გოჩიტაშვილი - ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით.

მღვდელი კახაბერ ფირანიშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

ჩვენთან ჩამოყალიბდა სკოლებისა და გვარების დალოცვის შესანიშნავი ტრადიცია. დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ჯაყელებს, ნათენაძეებს, ფალავანდიშვილებსა და ტოგონიძეებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ.

ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახებრ და შვილები!

დღეს ასევე ვლოცათ 167-ე, მე-10, 129-ე, 74-ე სკოლებს, არასახელმწიფო სკოლა-ლიცეუმ „სხივს“, თბილისის ვერის უბნის ლიცეუმს, ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლას, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტს, ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტს.

ასევე ვლოცავთ კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომლებს, რომელთაც თავიანთი შემოწირულობებით ყოვლადწმინდა სამების ტაძრისათვის წმინდა ნინოს ხატი დააწერინეს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

მინდა მივმართო სკოლების დირექტორებსა და ინსტიტუტების რექტორებს. გახსოვდეთ, რომ ყოველი ბავშვი არის გენიალური, მაგრამ მათში არსებული ნიჭი უნდა მოვიძიოთ და განვავითაროთ. ბავშვმა ჩვენი დახმარებით უნდა გამოავლინოს საკუთარი ნიჭი. არასდროს უთხრათ მას, რომ ის უნიჭო ან ცუდია. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს მასწავლებლებთან: ცუდ ნიშანს ბავშვებს ნუ დაუწერთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2010 წ.