უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14 მარტი, 2010 წ.

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღშერთი!

ყოველ ერს თავისი ფასეულობები აქვს. წმინდა ილია მართალმა თავის დროზე ქართველი ერის კრედო სამი სიტყვით გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამ მოსაზრებას, მაგრამ გვსურს ეს გამონათქვამი ჩვენი სიტყვებით განვმარტოთ: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

გასაგებია, რომ რწმენის გარეშე შეუძლებელია ცხონება. გასაგებია, რომ მთელი ჩვენი კულტურა, ისტორია - ქრისტიანულ სარწმუნოებას ეფუძნება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი წინაპრების ღვაწლითა და ლოცვით მოპოვებული სამშობლო, გავაძლიეროთ და ავაყვავოთ იგი.

პრობლემაა მესამე კომპონენტი ამ მოწოდებისა - ადამიანი. მინდა აღვნიშნო, რომ კაცობრიობამ არ იცის ადამიანის ფასი. ადამიანი - ეს არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა; იგი შექმნილია ხატად ღვთისად, ხოლო მსგავსება, ღვთის მადლით, ადამიანის პირადი ღვაწლით მოიპოვება.

ჩვენ ღირსეულად ვერ ვაფასებთ ადამიანს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი კაცი ამქვეყნად ერთადერთია და განუმეორებელი, ისევე, როგორც სამყაროში არსებული ნებისმიერი ქმნილება. ავიღოთ ხის ფოთოლი; მსოფლიოში ვერსად ნახავთ ორ ერთნაირ ფოთოლს! და რაოდენ მეტია ადამიანი! ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ თითოეულ მათგანს.

ადამიანი ურთულესი ქმნილებაა, რომელიც შედგება სულისა და ხორცისაგან. მის გონებას ურთულესი აგებულება აქვს. როგორც ფიზიოლოგი პავლოვი ამბობს, კაცს აქვს დიდი და მცირე გონება: დიდი გონება არის ჩვენი გული, ხოლო მცირე - ჩვენი აზროვნება; ადამიანი ცოცხალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი გული მუშაობს. რა არის ის მექანიზმი, რომელიც გულს ამუშავებს? ეს არის ადამიანის სული. როცა ადამიანის სული ამოდის სხეულიდან, გული ჩერდება... ე.ი. გული და სული ერთმანეთთან კავშირშია.

უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ცოდვა და რა არის მადლი, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ ერთი მეორისაგან განვასხვავოთ. ძველ რომაელებს უთქვამთ: ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ - ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ქრისტიანობა სულ სხვა რამეს გვიქადაგებს; პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ჯვარი, პირიქით, უნდა გავუადვილოთ და მევეწიოთ მის ზიდვაში.

მინდა ვისაუბრო გუშინდელ გადაცემაზე, რომელმაც მთელი ერი აღაშფოთა. არ შეიძლება ასეთი ექსპერიმენტები ატარო მოსახლეობაზე. ეს არის დამცირება ადამიანისა, ეს არის დამცირება ჩვენი ერისა... ადამიანი საცდელი კურდღელი ან თაგვი ხომ არ არის?! ადამიანი არის ხატება ღვთისა! ჩვენ ვგმობთ ასეთ გადაცემებს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტელევიზიით გადის უზნეო და უხამსი გადაცემები. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ წმინდანები ვართ, მაგრამ ცოდვა ცოდვად ხომ უნდა იყოს მიჩნეული? უკეთურებას პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ!

ადამიანი უნდა მოერიდოს ცოდვას. ეს არის ხორცმეტი და არაბუნებრივი ჩვენთვის. კაცობრიობას მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ცოდვა ცოდვად მიაჩნდა. მან იცოდა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო ამ სიბილწისაგან, უნდა მოეწანიებინა იგი მოძღვრის წიწაშე. ამას გრძნობდნენ ძველად, წარსულში და ამას დღესაც გრძნობს მორწმუნე ადამიანი. ჩვენთან კი ტელევიზიითა და პრესით მიდის პროპაგანდა იმისა, რომ ცოდვა არის ბუნებრივი თვისება ადამიანისა და უზნეობა თითქოს ცოდვა აღარ არის! უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ყოველ სიტყვაზე, არა თუ საქმეზე, პასუხს აგებს ღვთის წინაშე.

ისიც უნდა ითქვას, რომ ისეთი უზნეობა, რომელიც დღეს საქართველოში ინერგება - არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება. ამაშიც პირველები ვართ! აიღეთ ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპა, ამგვარ უხამს გადაცემებს ჩვეულებრივი არხებით ვერსად ნახავთ!

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ ჩვენი ერი უნდა დაადგეს იმ გზას, რომელსაც ქადაგებს უფალი: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. მოვიძიოთ ეს გზა და დავადგეთ მას!

ხელისუფლებას ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს დღეს მიმდინარე მოვლენებს. არ შეიძლება, რომ ესა თუ ის სატელევიზიო არხი ასე უკონტროლო იყოს და ასეთ უმსგავსობას გადმოსცემდეს! გუშინ ხალხმა ეს შოუ სინამდვილედ მიიჩნია;  სხვა დრრს, ღმერთმა დაიფაროს და, თუკი რამე მართლა მოხდა, მოსახლეობა აღარც დაიჯერებს.

მინდა გავიმეორო, რომ გუშინდელი გადაცემით შეურაცხყოფილია ყოველი ქართველის ღირსება, შეურაცხყოფილია ჩვენი ჯარი, რადგან გადმოსცემდნენ, თითქოს ჩვენი ჯარის ნაწილი მტრის ბანაკში გადავიდა.

შევთხოვთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დაგვაყენოს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი ექსპერიმენტები წამდვილი დანაშაულია ჩვენი ხალხისა და კაცობრიობის წინაშე!

ღმერთმა დაგლოცოთ!

დღეს ვაჯილდოებთ ჩვენს სასულიერო პირებს: მღვდელი კონსტანტინე ლეკიშვილი და მღვდელი ნიკოლოზ გობეჯიშვილი - ჯილდოვდებიან ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

დღეს ასევე ვლოცავთ მე-5, მე-8, 120-ე, 167-ე, 178-ე, 179-ე, 145-ე, 201-ესა და 202-ე საჯარო სკოლებს, 155-ე ბაგა-ბაღსა და სკოლა-ლიცეუმებს - „ქორალს“, „კანდელს“, „თამარიონსა“ და „პრომეთეს“.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ღმერთმა მოგცეთ აკადემიური წარმატებები და სიბრძნე!

მინდა ვთხოვო მასწავლებლებსა და დირექტორებს, - არასოდეს უთხრან მოწაფეს, რომ ის უნიჭოა, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს!

ასევე მინდა გითხრათ, რომ არიან მოუსვენარი ბავშვები, რომელთაც ძნელადაღსაზრდელებს ვუწოდებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, თუკი მათ სწორ მიმართულებას მივცემთ, ისინი გენიალური პიროვნებები გამოვლენ. მოგიყვანთ ერთ მაგალითს: იყო ერთი ოჯახი, რომელსაც 6 წლის ბავშვი ჰყავდა. ერთხელ მამამ პატარა ბიჭს საჩუქრად ძალიან ლამაზი ცული მოუტანა. როცა მამა სამსახურში წავიდა, ბავშვმა მოინდომა გამოეცადა თავისი მშვენიერი ცული, რომელიც ასე მოეწონა; გავიდა ბაღში და ახლად დარგული ნერგები გაჩეხა. როცა მამა შინ დაბრუნდა და ყველაფერი შეიტყო, ბიჭუნა უკვე გრძნობდა დანაშაულს და დიდად განიცდიდა თავისი საქციელის გამო. ეს რომ მამამ დაინახა, მას აღარ უსაყვედურა, პირიქით, ანუგეშა და უთხრა: „ნუ შეწუხდები, შვილო, მე სხვა ნერგებს დავრგავ“. ეს ბავშვი იყო ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც შემდეგ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა. ასე რომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს.

და კიდევ, ერთი თხოვნაც მაქვს მასწავლებლებთან: ორიანს ნუ დაუწერთ ბავშვებს! იმედია, შევთანხმდით.

დღეს ასევე ვლოცავთ გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრს (დირექტორი - ქალბატონი მარიამ დიდებულიძე) და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას (პრეზიდენტი - ბატონი უშანგი ყურაშვილი).

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2010 წ.