უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 დეკემბერი, 2010 წ.

„ადამიანი, დღეს რომ მიიჩნევს, სარწმუნოება ერის ოპიუმიაო და ამის დასტურად
მარქსის ციტატა მოჰყავს, - ეს საკვირველი და მეტად სამწუხარო მოვლენაა!“

სახელითა მაშისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს ბარბარობას! ეს ჩვენი დიდი ეროვნული ზეიმია. წმინდა დიდმოწამე ბარბარე განსაკუთრებით დიდ პატივშია საქართველოში, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ არ მოგვაკლდება მისი ლოცვა-კურთხევა! თქვენ იცით, რომ წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველიცაა.

დღეს წმინდა ბარბარესა და მისი მშობლის ურთიერთობის მაგალითზე განვიხილოთ ზოგადად მშობელთა და შვილთა ურთიერთდამოკიდებულება და თაობათა შორის კავშირი.

სამწუხაროდ, ხშირად შვილებს მშობლების არ ესმით და პირიქით, მშობლებს არაფერი ესმით შვილების. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა ვერ აღზარდეს შვილი ისე, რომ მათ შორის ერთსულოვნება სუფევდეს. ეს საკითხი ყოველთვის მტკივნეული იყო და დღესაც ძალიან აქტუალურია. წმინდა ბარბარეს მამა აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელმაც საკუთარი ხელით მოკვეთა თავი საკუთარ შვილს!

არ შემიძლია არ შევეხო იმ ფაქტს, რომელიც გუშინ საღამოს მოხდა. მხედველობაში მაქვს ტელევიზიის პირველი არხით ნაჩვენები გადაცემა, საღამოს 10 საათზე, რომელიც მიჰყავდა დავით პაიჭაძეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდი გადაცემა იყო, - ცუდი კი არა, ცუდზე უარესი იყო. პაიჭაძესთან ერთად საუბრობდნენ ჯერ ბექა მინდიაშვილი და შემდეგ გიგა ზედანია. მათთან პოლემიკასა და კამათში კი არ მინდა შევიდე, უბრალოდ, მსურს მათ და ასევე ყველას ვუთხრა, რომ ის, რასაც ისინი ლაპარაკობენ, უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე! ეს იყო კრიტიკა ეკლესიისა, ეს იყო კრიტიკა სინოდისა, კრიტიკა პატრიარქისა! ამით მოგვილოცეს ბარბარობა. გიგა ზედანიამ იქ საუბარში მარქსის ცნობილი ციტატა მოიყვანა, რომ „ყოველი რელიგია ოპიუმია“. ასეთ ადამიანებს რა უნდა ელაპარაკო?! რაღა დროს მარქსი და მისი ციტირებაა?! ძალიან ვწუხვარ, რომ ბექა მინდიაშვილი არის მღვდლის, მამა არჩილ მინდიაშვილის ძმისწული. მამა არჩილიც და მისი ძმაც დიდი პიროვნებები და დიდად მორწმუნე ადამიანები არიან; ეს ახალგაზრდა კი - არ ვიცი ათეისტია, თუ ათეისტზე უარესი. ძალიან მაფიქრებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული გადაცემა გავიდა პირველი არხით, ე.ი. სახელმწიფო, სახელისუფლებო არხით. თუ ეს ხელისუფლების დავალებითაა გაკეთებული, მით უარესი! მინდა ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა და ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. თითქოს სემინარიაში სწავლობდა ბექა მინდიაშვილი... თუმცა, უნდა გითხრათ, რომ როცა მე სემინარიაში ვსწავლობდი, მაშინაც იყვნენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც სპეციალურად გახლდნენ შემოგზავნილნი სემინარიაში, მერე რომ გამოეცხადებინათ - ათეისტები ვართო. ჩემს კურსზეც იყო ასეთი პიროვნება. ამგვარნი ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ წმინდა სინოდში; ამბობენ, რომ მღვდელმთავართა შორის არიან მოწინავენი. ზოგი ამბობს: რა საჭიროა ამდენი მღვდელმთავარი, რატომ იყოფა ეპარქიები? ეს პატრიარქისა და წმინდა სინოდის გადასაწყვეტია და არა მათი!

ეკლესია მუდამ იყო მსახური ღვთისა და ჩვენი ერისა და ასეთად დარჩება. მე ერთი რამ მაწუხებს. მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ასეთი პიროვნებები ცდილობენ, მათ რაღაც ცუდი განწყობა ჩაუნერგონ ხელისუფლების წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ეს გადაცემა იყო ანტიხელისუფლებრივი, იგი უფრო ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე ეკლესიისა. მორწმუნე ადამიანები არ შეუშინდებიან ასეთ პროვოკაციებს, ამით არ შეირყევა მათი რწმენა. ასეთი გადაცემები ადრეც ყოფილა და, ალბათ, მომავალშიც იქნება. მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქართველი ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ქართველი ერი იმყოფება. მხედველობაში მაქვს მსგავსი ანტიეროვნული გადაცემები.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმ გადაცემაში არც ერთი რელიგია არ იყო ნახსენები, გარდა მართლმადიდებლობისა! ე.ი. ყველაფერი დალაგებული გვაქვს სახელმწიფოში, ერთადერთი დაულაგებელი ჩვენი ეკლესია გამოდის! და მათ უნდათ, გამოასწორონ ეს საქმე?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მათთან დავას, ცხადია, არ ვაპირებ, მაგრამ მამაშვილურად მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ ღმერთი ასეთ ცოდვას დაუსჯელს არ დატოვებს და მერე ნუ იტყვიან: რატომ გვსჯის ღმერთიო! ადამიანი, დღეს რომ მიიჩნევს, სარწმუნოება ერის ოპიუმიაო და ამის დასტურად მარქსის ციტატა მოჰყავს, - ეს საკვირველი და მეტად სამწუხარო მოვლენაა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ გადაცემაში ზემოხსენებული პიროვნებები შეეხნენ რუსეთის ეკლესიას. მათ თქვეს, თითქოს რუსეთის ეკლესია მუდამ იყო ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი და დღესაც ასეა. ამ საუბრიდან გამოდის, რომ მათ სურთ ჩატეხონ ის ხიდი, რომელიც არის ჩვენსა და რუსეთის ეკლესიებს შორის. ჩვენ ვინ გვეკითხება, რუსეთის ეკლესია არის თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკის გამტარებელი? ჩვენ საკუთარ თავს მოვუაროთ და ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ! მინდა ასევე ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესია და მისი სინოდი დღეს ძლიერია და ვერავითარი მტერი ვერ დაშლის და დაჰყოფს მას! ჩვენთან ერთსულოვნებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ერთი აზრი უნდა ჰქონდეს ყველას. რა თქმა უნდა, სინოდის სხდომებზე სხვადასხვა აზრი გამოითქმება, რაც ბუნებრივია: აზრთა სხვადასხვაობა ოჯახშიც არის და ნებისმიერ საზოგადოებაშიც. ზოგი ერთს ფიქრობს, ზოგი მეორეს, მაგრამ მერე საერთო აზრს გამოიმუშავებენ მსჯელობისას.

მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი, რომელიც საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში მოხდა, როცა მიმდინარეობდა დევნა და ნგრევა ეკლესიებისა. მაშინ სამეგრელოში ასეთი რამ მოხდა: პროფკავშირის მდივანმა ერთ-ერთი სოფლიდან ხალხი მოიწვია და მათ შესთავაზა, ვინმე მათგანი ტაძრის გუმბათზე ასულიყო და ჯვარი მოეხსნა. ამის გაკეთებას ვერავინ ბედავდა. ბოლოს ვიღაცამ უთხრა: თუ ასეთი ადვილია, შენ თვითონ ადი და მოხსენიო. იგი გუმბათზე მართლაც ავიდა და ჯვარი ჩამოგლიჯა. ამის შემხედვარე ხალხიდან ზოგი ტიროდა, ზოგიერთ ურწმუნოს კი უხაროდა კიდეც. როდესაც იმ ბოლშევიკმა ტაძრის სახურავიდან ჩამოსვლა დაიწყო, მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. ეს კაცი ჩამოვიდა და ერთ ხეს შეეფარა; ატყდა ჭექა-ქუხილი, ჩამოვარდა მეხი და პირდაპირ იმ ხეს დაეცა, სადაც ის ადამიანი იყო შეფარებული და იქვე მოკვდა.

ასეთი შემთხევები ბევრია. მინდა ისტორიიდან გაგახსენოთ იულიანე განდგომილი. იგი იყო ნათესავი კონსტანტინე დიდისა, იზრდებოდა ქრისტიანულ გარემოცვაში და როცა გამეფდა, თავისი თავი წარმართად გამოაცხადა და ეკლესიას ბრძოლა დაუწყო. განდგომილიც სწორედ ამიტომ უწოდა ხალხმა და ისტორიაში იგი ამ სამარცხვინო სახელით შევიდა. ერთ-ერთი ომის დროს იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და მომაკვდავს იესო ქრისტე გამოეცხადა: იულიანემ ხელი აწია და თქვა: „შენ დამამარცხე, გალილეველო.“ ეს სიტყვები მან მაცხოვარზე თქვა.

შევთხოვ ღმერთს, რომ ღმერთმა შეუნდოს ღმერთმა აპატიოს და კეთილი და ჯანსაღი აზრი მისცეს მათ და ყველა იმათ, ვინც ამ გზას ადგას. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისათვის. ამით ისინი მზაკვრობას სჩადიან, ცდილობენ, რომ მორწმუნე საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ აღდგეს. ეს არ მოხდება, რადგან ღმერთი იცავს საქართველოს და ღმერთი გადაარჩენს და გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას.

ისინი ასევე ჩვენს სამღვდელოებასაც აკრიტიკებენ. ნუ დაგავიწყდებათ - ჩვენი სამღვდელოება ჩვენი ერის შვილები არიან. და „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“; მაგრამ თუ ადამიანი გრძნობს თავის ცოდვებს და ინანიებს, აღსარებაზე მიდის და წმინდა ზიარებას ღებულობს, მას უფალი შეუნდობს. ასე რომ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენს სამღვდელოებას აკრიტიკებენ, უპირველეს ყოვლისა, თავის გულში ჩაიხედონ და დაინახავენ, რომ იქ ბევრი ჭუჭყია. არ შემეძლო, არ მეთქვა ამის შესახებ, რადგან უკვე რამდენჯერმე განმეორდა ასეთი ფაქტი და ეს საშიშია ჩვენი ერის, ხელისუფლების, ეკლესიისა და, ზოგადად, ყველასთვის.

ახლა მინდა სასიხარულო ამბავი გაუწყოთ. ასეა ადამიანის ცხოვრება, აღმავლობას დაცემა მოსდევს, დაცემას კი - აღმავლობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ღვაწლს, რასაც ეწევა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იგი განსწავლული პიროვნება, ღრმად მორწმუნე ადამიანი და მაგალითია ჩვენი სამღვდელოებისა და მორწმუნე ხალხისათვის. ამავე დროს, იგი არის თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი. მამა გიორგი ბავშვთა სახლში არის აღზრდილი და, ღვთის წყალობით, ასეთი კარგი პიროვნება დადგა მისგან. ვითვალისწინებთ მის დიდ დამსახურებას ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე და მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ორდენით ვაჯილდოებთ! დალოცვილი იყოს მამა გიორგი ზვიადაძე და კიდევ ბევრი კეთილი საქმე ეკეთებინოს, ღვთის შეწევნით!

ასევე დიდად ვაფასებთ მამა დავით შარაშენიძის მოღვაწეობას. იგი პრესცენტრის თავმჯომარე ბრძანდება და ბევრს აკეთებს ეკლესიის საკეთილდღეოდ, ეხმარება გაჭირვებულ ხალხს. მამა დავითი არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის წინამძღვარი. დღეს მას მეორე ოქროს ჯვრით ვაჯილდოებთ!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო! ზოგიერთს შურს ჩვენი და არ უნდა, რომ საქართველოში მშვიდობა სუფევდეს. ასეთი შემთხვევებიც არის. მაგრამ ღმერთი ძლიერია: „ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია“.

დღეს დიდი სიხარულია ჩვენთვის. მამა აბიბოსმა, მრევლთან ერთად, საბერძნეთიდან წმინდა მთავარანგელოზის ხატი ჩამოაბრძანა. მინდა გითხრათ, რომ ხატი, რომლისგანაც შესრულებულია ეს ასლი, არის არა მარტო საბერძნეთის, არამედ მთელი მსოფლიოს უდიდესი სულიერი საუნჯე. 1963 წელს, როდესაც ახლადნაკურთხი ეპისკოპოსი ვიყავი, საბერძნეთში ამ ხატთან პარაკლისი შევასრულე. მისი დედანი დაბრძანებულია საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვაშა მდებარეობს და მას პონამრიტუ ეწოდება. საოცარი ძალა აქვს წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ამ სასწაულთმოქმედ ხატს.

კუნძულის მიმდებარედ მცხოვრებ ხალხში გავრცელებულია ასეთი ჩვეულება: როცა მათთან ზღვისგან რამე საფრთხეა მოსალოდნელი - გემი იძირება, თუ სხვა უბედურების საშიშროება იქმნება - ადამიანები ზღვას ატანენ რამე ისეთ ნივთს, რაც არ იძირება, რომ ტალღებმა ამ კუნძულთან მიიტანოს და ხდება სასწაული, - საფრთხე ჩაივლის და ადამიანები უვნებლად გადარჩებიან ხოლმე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეკვეთა ამ სასწაულთმოქმედი ხატის ასლი და საქართველოში ჩამოგვეტანა.

ამ ხატზე წმინდა მთავარანგელოზს ხელთ ხმალი უპყრია; გვწამს, რომ წმიდა მთავარანგელოოზი მიქაელი დაიცავს და დაიფარავს საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან. დღეს შედგება ამ ახლადაწერილი ასლის კურთხევა და თქვენ ყველას გექნებათ საშუალება, ილოცოთ მის წინაშე.

მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საბერძნეთიდან საქართველოში წმინდა მთავარანგელოზის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი ჩამოგვიბრძანეს. ისინი არიან საბერძნეთში მცხოვრები ქართველები და ბერძნები, რომელთაც ამ წმინდა ხატის საფასური გაიღეს. მინდა გითხრათ, რომ მისი შექმნა სულ 47 ათასი ევრო დაჯდა. ამ ადამიანებმა მთლიანად დაფარეს ხარჯები და ეს წმინდა ხატი შემოგვწირეს. ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი არის მამა აბიბოსი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მთავარანგელოზის ხატის ჩამობრძანებას და ბარბარობის დღესასწაულს! მთავარანგელოზ მიქაელისა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მფარველობითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №43, 2010 წ.