უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე

დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი,
21 სექტემბერი, 2010 წ.

„მარადქალწული მარიამის შობა - ეს არის საწყისი ჩვენი ცხონებისა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს! მარადქალწული მარიამის შობა - ეს არის საწყისი ჩვენი ცხონებისა! დედა ღვთისა არის მფარველი საქართველოსი! იგი გვანუგეშებს: „მე ვარ თქვენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა“.

დიდუბის ეს წმინდა ტაძარი არის დიდი სასწაულთმოქმედი; აქ არის ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, რომლის წინაშეც ულოცია ათასობით ჩვენს წინაპარს. ხალხი ფეხშიშველი მოდიოდა ამ ტაძარში, - ეს წმინდა ადგილია. ამ წმინდა ტაძარში დაიწერა ჯვარი თამარ მეფემ.

წყალობა ღვთისა და მფარველობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა არ მოგაკლოთ ღმერთმა!

დღეს არის განსაკუთრებული დღე - დიდუბობა, ამ ტაძრის დღესასწაული. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ამ ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, მამა სიმონი, წავიდა ამქვეყნიდან. მაგრამ მისი სული ჩვენთანაა. თქვენ იცით, ახალ წინამძღვრად დაინიშნა მამა თეიმურაზ შალვაშვილი და დღეს ჩვენ მას ვაჯილდოებთ მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, სასწაული მოხდა, - არგენტინიდან ჩამოვიდა პიროვნება, რომელმაც გასულ წელს მიიღო მართლმადიდებლობა და აღიკვეცა ბერად, შემდეგ ჩვენ მას ხელი დავასხით დიაკვნად - მამა დავითი, გვარად - ლესტანი. დღეს შედგა მისი კურთხევა მღვდლად და დღესვე ჩვენ ვაჯილდოებთ მამა დავითს ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.

დღეიდან მამა დავით ლესტანი იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და იგი წირვა-ლოცვას შეასრულებს ქართველებისთვის არგენტინაში.

დეკანოზი პეტრე ბარამიძე, რომელიც მრავალი წელია ემსახურება საქართველოს ეკლესიას, დღეს ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით.

დეკანოზი რომანოზ ტონია დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით.

მღვდელი გრიგოლ აბესაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

მღვდელი გიორგი თიკანაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

წყალობა ღვთისა, მშვიდობა გიბოძოთ უფალმა! გწყალობდეთ ღმერთი თქვენ და სრულიად საქართველოს! ღმერთმა დალოცოს, ღვთისმშობლის მეოხებით ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2010 წ.