უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მთავარანგელოზობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 21 ნოემბერი, 2010 წ.

„უფალი განსაცდელებს იმიტომ გვიგზავნის, რომ თანდათანობით,
სულ უფრო და უფრო ავმაღლდეთ სრულყოფილების საფეხურებზე!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ მთავარანგელოზობას! ასევე ყველას გილოცავთ ანგელოზის დღეს, რადგან დღეს ანგელოზების დღესასწაულია და, მაშასადამე, ყოველი ჩვენგანის მფარველი ანგელოზის დღეც!

დღეს განსაკუთრებული ზეიმია ზეციურ სამყაროში და ჩვენც ვზეიმობთ მასთან ერთად; დღეს ზეცა შეუერთდა დედამიწას და ეს ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია!

მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა დროში ვცხოვრობთ, რა პრობლემები დგას ჩვენ წინაშე და როგორ გვესახება მომავალი, ჩვენი ხედვით.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მეტად რთული პერიოდი გვხვდა წილად ჩვენი ცხოვრების გზაზე. ეს დრო განსაკუთრებით იმიტომაცაა რთული, რომ ფასეულობათა გადაფასება ხდება.

და მაინც, რა არის ის, რასაც ჩვენ ფასეულობებს ვუწოდებთ? ამა თუ იმ ადამიანისთვის ხშირად სხვადასხვა რამაა ღირებული, რადგან ის, თუ რას მიენიჭება უპირატესობა, პიროვნებაზეა დამოკიდებული. არსებობს სულიერი, კულტურული, ეროვნული, მატერიალური ფასეულობანი და კიდევ მრავალი სხვა. გააჩნია, რას აირჩევს ადამიანი; ზოგს ურჩევნია, ჰქონდეს ბევრი ფული, თანამდებობა, ძალაუფლება, ავტომობილები, სახლები და ა.შ., ყველაფერი მრავლად, თითქოს ერთი არ არის საკმარისი. ასეთი ადამიანი ნაკლებად ფიქრობს სულიერ ფასეულობებზე. ზოგს კი პირიქით მიაჩნია, რომ მთავარია სულიერი ღირებულებები, სხვა დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანია.

ადრეც მითქვამს თქვენთვის, ერთი ბრძენი, ეროვნებით ებრაელი კაცის შესანიშნავი სიტყვები: თუ დაკარგე სიმდიდრე - არაფერი დაგიკარგავს, რადგან სიმდიდრეს კვლავ დააგროვებ, მოიფიქრებ რამეს, გაანალიზებ, იშრომებ; თუ არ მოგემართა ხელი ერთ საქმეში, აუცილებლად მიაგნებ მეორე საქმეს, მესამეს, თუნდაც მეათეს და ბოლოს მაინც მიაღწევ საწადელს, თუ ეცდები. სრული ჭეშმარიტებაა: თუ სიმდიდრე დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს!.. და შემდეგ: თუ ჯანმრთელობა დაკარგე, - არა უშავს, ცოცხალი ხომ გადარჩი! მაგრამ თუკი დაკარგე მადლი ღვთისა, შენ მართლაც ყველაფერი დაგიკარგავს!

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დავკარგოთ მადლი სულისა წმინდისა! ოდითგანვე ქართველი კაცი, მუდამ სულიერ ფასეულობებს იუნჯებდა. იგი აგროვებდა არა ოქრო-ვერცხლს, არა მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ, უმეტესად, - სულიერ საუნჯეს, იუნჯებდა მადლს ღვთისა!

ყველას გახსოვთ, ღირსი მამა დავით გარეჯელი წმინდა მიწის მოსალოცად რომ გაემგზავრა, იერუსალიმის კედელს მიადგა, ემთხვია მას და იქვე დადგა ლოცვად, ქალაქში შესვლა ვერ გაბედა, რადგან თავი უღირსად მიიჩნია! მამა დავითმა ილოცა თავისი სულისთვის, სამშობლოსათვის და საქართველოს ეკლესიისთვის. ამ მხურვალე ლოცვის შემდეგ მან იქვე, ქალაქის შესასვლელში, სამი მომრგვალო ქვა აიღო და შინისკენ გამობრუნდა. ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს ჰქონდა ჩვენება, რომ საქართველოდან ჩამოვიდა ბერი, რომელსაც მთელი მადლი მიაქვსო. პატრიარქის განკარგულებით ამ ბერს ხალხი დაადევნკს, რომ ენახათ, რა მიჰქონდა და არ გაეტანებინათ. სამი ქვის გარდა რომ ვერაფერი უპოვეს, მიხვდნენ, რომ მადლი ამ ქვებით მიჰქონდა; მაშინ ორი ქვა გამოართვეს და მხოლოდ ერთიღა დაუტოვეს.

თითქოს, უბრალო ქვა აიღო, მაგრამ უდიდესი რწმენითა და გულმხურვალე ლოცვით და ამიტომ იერუსალიმის სიწმინდე და დიდი მადლი ჩამოაბრძანა სამშობლოში! მადლის ქვა მამა დავითმა ჩამოგვიბრძანა, როგორც კურთხევა ღვთისა, კურთხევა წმინდა ქალაქ იერუსალიმისა! მას არ სჭირდებოდა არც ოქრო, არც ვერცხლი, არც საქართველოს სჭირდებოდა რაიმე მატერიალური სიმდიდრე, - მხოლოდ მადლის მოპოვება იყო სანუკვარი სურვილი!

ჩვენი წინაპრები სიმდიდრეს სულიერი საუნჯის შეძენაში ხედავდნენ! რამდენი წმინდა ნაწილია ასე ჩამობრძანებული საქართველოში! მღვდელმთავარი იქნებოდა თუ სხვა სასულიერო ხარისხის მქონე პირი, მეფე იქნებოდა თუ დიდებული, - ყველა ქართველი ცდილობდა უცხოეთიდან შინ რაიმე სიწმინდე ჩამოეტანა, რომ საქართველოში მადლი გაემრავლებინა. უცხოეთში ეკლესიებსა თუ მონასტრებში რომ მიდიოდნენ, წინამძღვრებს საქართველოს ეკლესიისთვის რამე სიწმინდის ან წმინდა ნაწილის ბოძებას სთხოვდნენ.

ჟამთა სიავის გამო ჩვენ ბევრი სიწმინდე დავკარგეთ, მაგრამ ღვთის მადლით, მაინც საკმაოდ მრავლად გვაქვს: ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა, კვართი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა, წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები, წმინდა ევგენიას თავის ქალა და მრავალი სხვა წმინდა ნაწილი და სიწმინდე!

სწორედ ეს მადლი ღვთისა, ეს სიწმინდე იცავს დღეს ჩვენს ქვეყანას და ამან გადაგვარჩინა ამ მრავალი საუკუნის მანძილზე! ოდითგან სულიერი საუნჯე იცავდა ჩვენს ქვეყანას - ღვთის წყალობა, მადლი და სიყვარული ღვთისა! შეიძლება ხშირად ფიქრობთ, რატომაა სულ განსაცდელში საქართველო. ნათქვამია, ვინც ღმერთს უყვარს, უფრო მეტ განსაცდელს უგზავნის ხოლმე მას: გწვრთნის, გვზრდის და გვაძლიერებს, რომ უკეთესები ვიყოთ! უფალი განსაცდელებს იმიტომ გვიგზავნის, რომ თანდათანობით, სულ უფრო და უფრო ავმაღლდეთ სრულყოფილების საფეხურებზე!

ალბათ ყველას მოგისმენიათ ძალიან უბრალო სიტყვები უბრალო ჰანგზე: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. რა გვინდოდა ამით გვეთქვა? ის, რომ ადამიანი უძლურია, მას თავისი ცოდვები და ვნებები გააჩნია. ნათქვამია: „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს!“ ჩვენს წინ ცხოვრების გზაა და ამ გზაზე ადამიანს ხშირად ხვდება ხოლმე განსაცდელი. ამ დროს მძიმდება მისი ჯვარი და ზოგჯერ ადამიანი ეცემა, აღარ შესწევს ძალა, გზა განაგრძოს. ის აღიარებს თავის უძლურებას უფლის წინაშე და შესთხოვს შემოქმედს: უფალო, აღარ მაქვს წინსვლის ძალა, ვერ მოვდივარ შენთან, ამიტომ შენ თვითონ მოდი ჩემთან და მიხსენი! და უფალი მოდის, ხელს გვიწვდის, აღგვადგენს და ძალას გვანიჭებს, რათა სვლა განვაგრძოთ. ასე რომ, თუკი ვიუნჯებთ სულიერს და ვეძიებთ მადლს სულისა წშინდისაა უფალი გვიცავს და გვიფარავს!

დღეს მატერიალური საუნჯის საყოველთაო ზეიმია! მთელი მსოფლიო ცდილობს იშოვოს, რაც შეიძლება მეტი ფული, სიმდიდრე და ნაკლებად ფიქრობს სულიერზე. კვირის ბოლოს ადამიანები სადმე დასასვენებლად და გასართობად გადიან; მათ არ აგონდებათ უფალი, არ ფიქრობენ არც წირვა-ლოცვაზე, არც ეკლესიაზე, მთავარია, კარგად ატარონ დრო.

მადლობა უფალს, რომ ქართველი კაცი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და იმედით დააჯილდოვა! სამი სათნოება: ჩვენი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, ჩვენი სასოება, იმედი ღვთისა და ადამიანისა, მოგვცემს ძალას, რომ ვიაროთ წინ და ბოლომდე ავიდეთ სრულყოფილების კიბეზე!

ქართველი კაცი მუდამ ფიქრობდა ამაზე. ამის კარგი ნიმუშია შესანიშნავი ხალხური სიმღერა „შენი ჭირიმე, გუთანო!“ ამ სიმღერაში, ბოლოში ასეთი სიტყვებია: „ჰეი, ბიჭებო, გავედით ბოლომდე!“ ინებოს უფალმა, რომ ჩვენც მივიდეთ ბოლომდე და არ დაგვივარდეს ის ჯვარი, რომელიც უფალმა გვიბოძა. ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვისაც აქვს სიყვარული და სასოება, - ის ბოლომდე მივა!

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

შევთხოვთ წმინდა ანგელოზებს და მთავარანგელოზებს - სერაფიმებს, ქერუბიმებს, ყოველ ზეციურ ძალს, ზეციურ სამყაროს, - დაიცვან და დაიფარონ საქართველო და მთელი მსოფლიო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2010 წ.