უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 თებერვალი, 2010 წ.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ შრომა, უნდა მივხედოთ ჩვენს მამულს, უნდა ვთესოთ, ვხნათ,
მოვმკათ და აღვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რადგან ამ საქმეს ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძველ რომაელებს უთქვამთ: Tempore mutantur, et nos mutamur in illis, რაც ნიშნავს: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. ვინ ვიყავით, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით მომავალში? ეს კითხვა ყოველი ადამიანისა და ერის წინაშე დგას. როცა საქართველოს გაუჭირდა, ჩვენმა დიდმა წინაპარმა ილია ჭავჭავაძემ ასეთი მოწოდება წარმოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. მრავალი განსაცდელი ჰქონია საქართველოს მაგრამ დღეს განსაკუთრებით გვიჭირს: დანგრეული და ოკუპირებულია საქართველოს ძირძველი მხარეები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა გრიგოლ პალამას ლოცვით გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა!

ილია მართლის ზემოთქმული მოწოდება ჩვენ ასე გამოვთქვით: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. უპირველეს ყოვლისა - ღმერთი! ყოველი ადამიანი უნდა იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებელი, რაც არის საფუძველი ჩვენი ცხოვრებისა. მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმდევრობა ჩვენი წინაპრების რწმენაა, ჩვენი ეროვნული ფასეულობანი და ტრადიციები: ჩვენი საეკლესიო ცხოვრება ერთიანი და განუყოფელი ეკლესიის ტრადიცია და რწმენაა. სწორედ ამიტომ გადმოდის დღეს მრავალი ადამიანი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე და მასში ხედავს - „გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს“!

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს ღმერთი, უფალი, დამბადებელი ჩვენი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა, ზეციური სამყაროს დამბადებელი, ადამიანისა და მთელი ფიზიკური სამყაროს შემოქმედი და მწყალობელი ჩვენი. უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის მოწყალე მამა და მისი სახიერება ყოველ ცოდვას აღემატება, როცა ადამიანი მოინანიებს თავის შეცოდებას, რადგან, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“".

ღვთის თაყვანისცემის შემდეგ, რიგით მეორე ჩვენი საფიცარი - სამშობლოა! ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“. დღეს, სამწუხაროდ, მრავლადაა ისეთი ადამიანი, რომელთაც არ აქვთ სამშობლოს შეგრძნება: მათ არ უნყიან, რა არის სამშობლო. სამშობლო - მხოლოდ მიწა-წყალი როდია, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ადამიანი, ჩვენი მშობლიური ენა, ჩვენი სამი ანბანი - ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული, ეს არის ჩვენი წინაპრები, ჩვენი კულტურა, ჩვენი მეცნიერება და ყველაფერი, რაც გვაქვს. აი, ეს არის ჩვენი სამშობლო! თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას და ჩვენს შვილებს მშობლიური ქვეყნის სიყვარული ვასწავლოთ.

პირადად მე ისეთ ოჯახში ვარ აღზრდილი, სადაც დღენიადაგ სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდნენ და მშობლები სულ გვეუბნებოდნენ, რომ რაც უნდა გაგვიჭირდეს, არავითარ შემთხვევაში, არასოდეს დატოვოთ სამშობლო. ქართველმა კაცმა ბოლომდე უნდა იტვირთოს ის ჯვარი, რომელიც ჩვენს სამშობლოს უფალმა ღმერთმა არგუნა! თუ ხარობს ერი, ჩვენც უნდა ვიხაროთ, თუ მწუხარეა, ჩვენც უნდა ვწუხდეთ. სამშობლო - ეს წმინდა ადგილია!

მინდა აღვნიშნო ძალიან სამწუხარო და ჩემთვის უცნაური და აუხსნელი ამბავი: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ქართველები ასეთი დიდი რაოდენობით და ასე ადვილად წავიდოდნენ უცხოეთში. ცხადია, მესმის, რომ ისინი გაჭირვებამ წაიყვანა სამშობლოდან, მაგრამ იცოდეთ, რომ ჯობია გაჭირვებაში ვიყოთ, მაგრამ სამშობლოში ვიცხოვროთ! მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს: საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, დაბრუნდით ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ და თქვენ არაფერი გაგიჭირდებათ! მინდა ვუთხრა მათ: დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესი, რაც დიდი საშიშროებაა ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის. ამ დროს ადამიანმა არ უნდა მიატოვოს თავისი საუნჯე და გავიდეს უცხოეთში. საუნჯეს პატრონობა სჭირდება! რა არის ჩვენი საუნჯე? მთელი საქართველო - თავისი ტაძრებით, თავისი ფასეულობებითა და ტრადიციებით, თავისი ხალხით; აი, ეს არის ჩვენი უდიდესი საგანძური! ყოველთვის გამოინახება სამუშაო ადგილი, თუკი შრომას მოვინდომებთ. მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში ყოფნა არ არის გამოსავალი. მართალია, იქ მაღალი ხელფასებია, მაგრამ, შესაბამისად, დიდი ხარჯიც არის. ამიტომ იცოდეთ და გახსოვდეთ - ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს! ეს არ არის გამოსავალი! ჩვენ უნდა დავიწყოთ შრომა, მივხედოთ ჩვენს მამულს, ვთესოთ, ვხნათ, მოვმკათ და აღვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რადგან ამ საქმეს ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს!

დაბოლოს, მესამე საუნჯე - ადამიანი. ადამიანი ყველაზე დიდი საუნჯეა დედამიწაზე! თითოეული ადამიანის სული უფრო მეტია და ძვირფასი, ვიდრე მთელი ქვეყნის სიმდიდრე! უნდა გავუფრთხილდეთ, დავეხმაროთ ადამიანებს. „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, - გვმოძღვრავს წმინდა პავლე მოციქული. უნდა გვქონდეს სულიერი ხედვა, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და შევეწიოთ მას. თუკი არ შეგვიძლია მატერიალური დახმარება, შევეწიოთ თბილი სიტყვით, ვანუგეშოთ, ჩავუნერგოთ იმედი მომავლისა. უნდა გვქონდეს მტკიცე რწმენა, რომ საქართველო, ღვთის მადლით, აუცილებლად გავა სამშვიდობო გზაზე! მტკიცედ გვწამდეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგული არ არის, ეს კუთხეები იყო და დარჩება საქართველოს შემადგენლობაში, თუმცა დროებით ვერ ვაკონტროლებთ. მე თერთმეტი წელიწადი ვიყავი აფხაზეთის მღვდელმთავარი და მე ვხედავდი, რომ ჩვენ შორის მუდამ იყო სიყვარული, მეგობრული და ძმური ურთიერთობა და ასეც დარჩება. აფხაზები და ქართველები მუდამ ძმები ვიყავით და ვიქნებით. აფხაზებმა უნდა დაინახონ მომავლის გზა, რასაც ეთნიკური გადარჩენისათვის უნდა დაადგნენ!

ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა მსოფლიოში გაუფასურებულია ადამიანის სიცოცხლე. მასმედიის საშუალებებით ხშირად ისე აცხადებენ ადამიანის მკვლელობის შესახებ, თითქოს ეს უბრალო რამ იყოს და ჩვენც ვეჩვევით ადამიანის სიკვდილს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეჩვიოთ ამას! ასევე არ უნდა შევეჩვიოთ სიღარიბეს, არ უნდა შევეჩვიოთ უზნეობას! ზნეობრივი ცხოვრება აუცილებელია. მესმის, რომ უძლურია ადამიანი, ხორციელი ვნებები აწუხებს და ხშირად ეცემა, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს განცდაი თვისთა ცოდვათაი! ადამიანმა საკუთარი დაცემა უნდა განიცადოს, უნდა იცოდეს, რომ ეს არის ცოდვა. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანს უნერგავენ, თითქოს ცოდვა ადამიანის ბუნებრივი თვისება იყოს. ცოდვა ადამიანის ბუნება არ არის, ეს არის დაცემული ადამიანის მანკიერი მიდრეკილება, რომელსაც იგი დაღუპვისკენ მიჰყავს! ამიტომ ადამიანი უნდა ემსგავსოს მშვენიერ თვალ-მარგალიტს, ძვირფას ბრილიანტს, რომელიც შეიძლება ამოისვაროს ტალახში, მაგრამ როგორც კი გაიწმინდება - მაშინვე დაიბრუნებს თავის პირვანდელ ბრწყინვალებას! ასევე უნდა იყოს ადამიანი, შესაძლოა იგი თავისი უძლურებისა გამო დაეცეს, მაგრამ სინანულით განიწმინდოს და როგორც უძღები შვილი, კვლავ ღვთის წიაღში დაბრუნდეს!

მადლობა ღმერთს, ჩვენ ერს ჰყავს ასეთი გამორჩეული ადამიანები! დღეს აღვნიშნავთ ღვაწლს ჩვენი ღირსეული თანამემამულისა, გამოჩენილი ადამიანისა, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და რომელმაც საქართველო ასახელა: ეს ბრძანდება ბატონი პაატა ბურჭულაძე. ჩვენ ვამაყობთ მისი შემოქმედებით. გარდა იმისა, რომ უფალმა იგი ბრწყინვალე ხმით დააჯილდოვა, ასევე გახლავთ ბრწყანვალე ადამიანი და ქველმოქმედი! ეხმარება გაჭირვებულებს, მრავალ უსახლკარო ოჯახს ბინები აჩუქა... ყოველწლიურად შეეწევა სასულიერო აკადემიასა და სემინარიას.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართველი ერისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის, ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე და მსოფლიოში აღიარებული პიროვნება, დიდი ქველმოქმედი, ბატონი პაატა ბურჭულაძე დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ორდენით. აქსიოს!

ჩვენი მრევლის, ჩვენი მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების, პირადად ჩემი და მთელი საქართველს სახელით, ვულოცავთ ბატონ პაატას ამ უმაღლეს ჯილდოს!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს იგი და მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილი საქმეები ეკეთებინოს!

დღეს ასევე ბედნიერი დღეა იმით, რომ ჩვენთან, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამობრძანდნენ მართლმადიდებელი ასირიელები. მეტად გახარებულნი ვართ თქვენი მობრძანებით! ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგამრავლოთ! ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და სიუხვე! მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ უკვე გყავთ ორი სასულიერო პირი - მამა სერაფიმე და მამა ისააკი. მამა სერაფიმე დიაკონია და, ღვთის მადლით, მალე მღვდელი გახდება. მე დავავალებ მას, რომ კარგად შეისწავლოს თქვენი ენა და წირვა-ლოცვები მშობლიურ ენაზე შეგისრულოთ. ბერი ისააკიც მომავალში სამღვდელო პირი გახდება.

დალოცვილნი და გახარებულნი იყავით!

დღეს ეკლესიაში ერთგული სამსახურისა და ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ვაჯილდოვებთ რამდენიმე სასულიერო პირს: დეკანოზებს: დავით ხიმშიაშვილს, გიორგი კობაიძეს - მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზ იოსებ გოგოლაძეს, რომელსაც ჰყავს ექვსი შვილი - გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; ასევე დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს, რომლის ხმასაც ხშირად ისმენთ რადიო-ტელევიზიით - გამშვენებული ჯვრის ტარებას უფლებით; ჯვრის მონასტრის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ გრიგოლს - იღუმენის წოდებით.

დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ სასწავლებლებს: 50-ე, 79-ე, 87-ე, 117-ე, 122-ე, 126-ე, 136-ე საჯარო სკოლებს, თბილისის ქართულ გიმნაზიასა და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმნიფო უნივერსიტეტს. ვულოცავთ მათ იმ დიდ წარმატებებს, რომლებიც აქვთ და მომავალში კიდევ მრავალს ვუსურვებთ! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! გისურვებთ აკადემიურ წარმატებებსა და სულიერ წინსვლას! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სკოლებით!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8 (536), 2010 წ.